საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003088945
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №194აპ-21 ქ. თბილისი
ნ–ი გ., 194აპ-21 16 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ნ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ხ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 8 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
მსჯავრდებულ გ. ნ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ხ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გ. ნ–ს გამართლებას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ნ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ; გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ; გენდერული დისკრიმინაციის მოტივით მუქარა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსულის მიმართ; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის იანვრიდან 2019 წლის 15 მაისის ჩათვლით დროის მონაკვეთში, მათ შორის ქ. თ........ში, ..... მე.. კვარტალი, კორპუსი ,,ა“, ბინა №..-ში ყოფნისას, გ. ნ–ი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ფსიქიკურ და ფიზიკურ იძულებას ახორციელებდა მასთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის, მისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ა. ს–ი მიმართ, კერძოდ, მიაჩნდა რა, რომ ა. ს–ს, როგორც ქალს, არ ჰქონდა პროფესიისა და სამუშაო ადგილის დამოუკიდებლად არჩევის უფლება და ვალდებული იყო მისი, როგორც მამაკაცისა და ყოფილი მეუღლის, მითითებები შეესრულებინა და მისი გენდერული სტერეოტიპული შეხედულების შესაფერისი სოციალური როლი მოერგო, ფსიქიკურად და ფიზიკურად აიძულებდა, არ მიეღო მონაწილეობა სარეკლამო გადაღებებში. ა. ს–ი მხრიდან წინააღმდეგობრივი დამოკიდებულების გამოხატვისას, გაუსწორდა ფიზიკურად, ემუქრებოდა დასახიჩრებით, სახის ათლითა და მოკვლით, რა დროსაც ა. ს–ს უჩნდებოდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და იძულებული იყო, გ. ნ–ს მოთხოვნა შეესრულებინა.
გ. ნ–ი ა. ს–ს ფსიქიკურად და ფიზიკურად აიძულებდა, არ შეესრულებინა მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლება იყო, კერძოდ, მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულებდა, რომ არ მიეღო მონაწილეობა სარეკლამო გადაღებებში.
2019 წლის 15 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თ.........ში, ....... მე-.. კვარტალი, კორპუსი ,,ა“, ბინა ....-ის სადარბაზოში, გ. ნ–მ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახური ძალადობა ჩაიდინა მასთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის, მისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ა. ს–ი მიმართ, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. კერძოდ, მიაჩნდა რა, რომ ა. ს–ს, როგორც ქალს, არ ჰქონდა პროფესიისა და სამუშაო ადგილის დამოუკიდებლად არჩევის უფლება და ვალდებული იყო მისი, როგორც მამაკაცისა და ყოფილი მეუღლის, მითითებები შეესრულებინა და მისი გენდერული სტერეოტიპული შეხედულების შესაფერისი სოციალური როლი მოერგო, ა. ს–ი მხრიდან წინააღმდეგობრივი დამოკიდებულების გამოხატვისას, ხელის ხელზე მოჭერით, ძალის გამოყენებით გაიყვანა იგი ბინიდან სადარბაზოში, ხელი მოჰკიდა კომბინეზონზე და ძლიერად მოქაჩვით დააგდო ძირს, რის შემდგომაც გაშლილი ხელის მტევანი რამდენჯერმე დაარტყა თავში და წყლით სავსე ბოთლი რამდენჯერმე დაარტყა ფეხებში, რა დროსაც ორსულად მყოფმა ა. ს–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 15 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თ..........ში, ..... მე–.. კვარტალი, კორპუსი ,,ა“, ბინა №..-ის სადარბაზოში, გ. ნ–ი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, მისთვის წინასწარი შეცნობით ორსულ ა. ს–ს, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. კერძოდ, მიაჩნდა რა, რომ ა. ს–ს, როგორც ქალს, არ ჰქონდა პროფესიისა და სამუშაო ადგილის დამოუკიდებლად არჩევის უფლება და ვალდებული იყო მისი, როგორც მამაკაცისა და ყოფილი მეუღლის, მითითებები შეესრულებინა და მისი გენდერული სტერეოტიპული შეხედულების შესაფერისი სოციალური როლი მოერგო, მას შემდგომ, რაც ა. ს–ი დედამ გადაწყვიტა, მიემართა სამართალდამცავი ორგანოსთვის, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ორსულად მყოფ ა. ს–ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2019 წლის 15 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თ...........ში, ....... მე-.. კვარტალი, კორპუსი „ა“, ბინა №..-ის სადარბაზოში, გ. ნ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ე. გ–ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 10 თებერვლის განაჩენით:
გ. ნ–ი საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
გ. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გ. ნ–ს მიმართ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მას განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. გ. ნ–ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 18 მაისიდან.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გ. ნ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა, ასევე, სასჯელის შეფარდებას გენდერული დისკრიმინაციის მოტივით დამამძიმებელი გარემოების გათვალისწინებით, ხოლო დაცვის მხარე - განაჩენის გაუქმებას გ. ნ–ს დამნაშავედ ცნობის ნაწილში და მის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 10 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიიჩნევს, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
7. კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს სასამართლოს განმარტებას.
8. საქმის მასალებით არ დასტურდება და, შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორის - მსჯავრდებულ გ. ნ–ს ინტერესების დამცველის - ი. ხ–ის მითითება იმის თაობაზე, რომ გ. ნ. უდანაშაულოა, კერძოდ: კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით - დაზარალებულ ა. ს–ია და მოწმეების - ე. გ–ის, ი. ბ–ის, მ. ხ–ის, ნ. ა–ს ჩვენებებით, 112-ში შეტყობინების №........ აქტით, სამედიცინო, ტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, დასტურდება გ. ნ–სათვის შერაცხული ქმედების ჩადენა.
9. მსჯავრდებულ გ. ნ–ს დამცველი, ადვოკატი ი. ხ–ი თავისი საკასაციო საჩივრით ითხოვს მის სრულ გამართლებას და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გ. ნ–ს მსჯავრდების დამადასტურებელი მტკიცებულებები არის ურთიერთსაწინააღმდეგო და ერთმანეთის გამომრიცხავი.
10. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს გ. ნ–ს ბრალეულობაზე მის მიერ ა. ს–ი მიმართ ფიზიკური ძალადობის ჩადენის ფაქტთან მიმართებით და მიაჩნია: ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები არის ურთიერთთავსებადი, თანმიმდევრული და დამაჯერებელი, კერძოდ:
11. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებების ურთიერთშესაბამისობა არ გულისხმობს მათ აბსოლუტურ თანხვედრასა და იდენტობას, რადგან ასეთი რამ მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება მოხდეს (მაგალითად, ნივთმტკიცებები ან ფოტოდოკუმენტი). მოწმეთა ჩვენებების შინაარსზე კი გავლენას ახდენს სუბიექტური და ობიექტური ხასიათის მრავალი ფაქტორი, რომელთა გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა, მცდარ დასკვნამდე მიგვიყვანოს, როგორც თვით ამ მტკიცებულებების რელევანტურობის, ასევე - საქმის ფაქტობრივ გარემოებათა თაობაზე. ამიტომ ასეთი მტკიცებულებების შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული: უშუალოდ რა ფაქტორები ახდენდნენ ზეგავლენას მოწმის მიერ მომხდარი შემთხვევისას იმ გარემოებების აღქმაზე, რომლებიც მტკიცების მთავარ საგანს წარმოადგენდნენ, და როგორია სხვადასხვა მოწმის ჩვენებების თანხვედრა აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.
12. სასამართლო ითვალისწინებს ჩვენებების შინაარსობრივ თანხვედრას - ისინი ერთგვაროვნად წარმოგვიდგენდნენ საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ერთსა და იმავე გარემოებებს - მოწმეებმა ურთიერთთანხვდენილად მოახსენეს სასამართლოს, თუ როგორ იძალადა გ. ნ–მ ა. ს–ზე. მათ მიერ გამოძიებისა და სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია დანაშაულის ჩადენის დროის, ადგილის, მასში მონაწილე პირებისა და თავად მათი ქმედებების შესახებ იდენტურია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 21 დეკემბრის №550აპ-20 განჩინება).
13. დაზარალებულმა ა. ს–მ დაკითხვისას განმარტა: ,,მას შემდეგ, რაც გარეთ გავედი, ანუ ჩვენი სახლის კარი არ იკეტება მარტივად, ცოტათი ღია იყო დატოვებული და კართანვე ვიდექი, გამომყვა ჩემი ძაღლი. ჩვენი კარის გვერდზე არის პატარა ხის სკამი, იქ იჯდა გ. სანამ დაჯდებოდა მანამდე ვლაპარაკობდით, დადიოდა სადარბაზოში, დაჯდა მერე და დამიწყო ლაპარაკი, რო სადღაც უნდა გავყოლოდი რო რაღაცის ახსნა უნდოდა და პარალელურად თან მე რახან ვუთხარი უარი, რომ მეთქი არ გამოგყვებითქო, მემუქრებოდა რო ისეთ რაღაცას ანუ იმ სიტყვებს ვერ გავიმეორებ რასაც მეუბნებოდა, მაგრამ ისეთ რაღაცას გაგიკეთებ რო იმდენს იზავ რო რაღაც ისეთს გამაკეთებინებ და მერე გარეთ ვეღარ გამოხვალ საერთოდ, ოღონდ ის არ იყო ყვირილი და ხმაურით არა ანუ ისეთი ის ჰქონდა, თუ მარტო მე და გ. ვიყავით სადმე მანქანით მაგალითად მარტო მაშინ ყვიროდახოლმე ისე ზოგადად ჩუმად ხმადაბლა იცოდა მსგავსი ტექსტები“ (2019 წლის 22 ნოემბერი სასამართლო სხდომის ოქმი 13:43:32).
14. დაზარალებულმა განაცხადა, რომ „მშვიდად მესაუბრებოდა გ. ანუ როგორც გითხარით, ეგეთ ადგილებში, სადაც ვინმეს შეიძლებოდა გაეგო, არასდროს არ მიყვიროდა ხოლმე, მაქსიმალურად ჩუმად და მშვიდად იცოდა მუქარაც და მსგავსი ტექსტებიც“ (2019 წლის 22 ნოემბერი სასამართლო სხდომის ოქმი 13:48:27).
15. ე. გ–მ სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ გ. ნ–ი და ა. ს–ე „საუბრობდნენ გარეთ, ა. კარებთან დადგა გ. იქვე სკამი გვიდევს იმიტორო შუქს ისე ვანთებთხოლმე მაღლა, იმაზე იყო ჩამომჯდარი და საუბრობდნენ“ (2019 წლის 6 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი 11:40:50). სასამართლო პროცესზე, ადვოკატის შეკითხვაზე, თუ რამდენი ხანი გავიდა კარზე დაკაკუნებიდან, და ა. ს–ი გარეთ გასვლიდან მის კივილამდე, ე. გ–მ უპასუხა: „ალბათ ერთი ნახევარი საათი ალბათ. ალბათ ერთი ნახევარი საათი რო საუბრობდნენ. ალბათ ან ოცი წუთი. საათს ხო არ დავხედავდი ეხლა“ (2019 წლის 6 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი 12:22:01).
16. შესაბამისად, ა. ს–ია და ე. გ–მ ჩვენებებით დასტურდება, რომ მოწმეთა მიერ მითითებული დროის განმავლობაში ა. ს–ე და გ. ნ–ი მშვიდად საუბრობდნენ - არც ყვიროდნენ და არც ხმამაღლა საუბრობდნენ. ამიტომ მეზობლები (ბ. ც–ე, ქ. ქ–ე და ი. ქ–ე) ვერ გაიგებდნენ და ვერ დაინახავდნენ ა. ს–ია და გ. ნ–ს ჩხუბსა თუ ყვირილს.
17. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ გ. მ–ის ჩვენებით, ვიზუალური დაზიანება ა. ს–ს თავის არეში არ აღენიშნებოდა; ჰქონდა მხოლოდ მარჯვენა ფეხზე. ექსპერტის განმარტებით ,,დაზიანება შეიძლება ჩათვალოს ექიმმა, როდესაც პიროვნება ეუბნება რომ არის თავის ტკივილი გამოკვლევის დროს, თავის არეში აღენიშნება ტკივილი, დააფიქსირა და გამოაქვს დიაგნოზში თავის მიდამოს დაჟეჟილობა. დაჟეჟილობა სასამართლო მედიცინაში არ აღიქმება როგორც დაზიანება“ (2019 წლის 28 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი 13:35:04).
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნით დაზიანების მიყენების დროს, შესაძლოა, ადამიანს სხეულზე გარეგნულად არ ეტყობოდეს დაზიანების კვალი, მაგრამ კანის ზედაპირის ქვეშ სისხლჩაქცევის შემთხვევაში, შესაძლებელია, რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ განვითარდეს პოსტტრავმული ჰემატომა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენება (იზ. უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 17 ნოემბრის №575აპ-20 განჩინება). ა. ს–მ დაადასტურა გამოძიებისას მიცემული ჩვენება: „მწვდა თმებში, მომქაჩა მეორე ხელი მომკიდა კომბინეზონის ზორტზე და მექაჩებოდა რა დროსაც დამაგდო ძირს და დამიწყო გ. ნ–მ გაშლილი ხელის ჩარტყმა თავში. კერძოდ თავში ჩამარტყა გაშლილი ხელი ორჯერ, როდესაც განვიცადე ძლიერი ფიზიკური ტკივილი“ (2019 წლის 22 ნოემბერი სასამართლო სხდომის ოქმი 13:59:16). ასევე, მან განაცხადა, რომ გ. ნ–ი „მიდიოდა კიბეების მხარეს, როდესაც დამაგდო და ჩამარტყა კიდევ ერთხელ ბოთლი თავში“ (2019 წლის 22 ნოემბერი სასამართლო სხდომის ოქმი 13:51:21).
19. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებული მოწყვლადობა და მათი დაცვის პროცესში სახელმწიფოს აქტიური ჩართვის აუცილებლობა ხაზგასმულია არაერთ საერთაშორისო ინსტრუმენტსა და სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში (იხ. Z.B. v Croatia, no. 47666/13, §50-51, ECtHR, 11/07/2017; Opuz v Turkey, no. 33401/02, §§ 72-86, ECtHR, 09/09/2009; Hajduová v. Slovakia, no. 2660/03, § 46, ECtHR, 30/11/2010; Bevacqua and S. v. Bulgaria, no. 71127/01, §§ 64-65, ECtHR, 12/06/2008).
20. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ქმნის საკმარის მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა გ. ნ–ს მიერ სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
21. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ნ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ხ–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე