საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 21.06.2021
საქმის ნომერი
2კ-72აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.06.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100120003524827

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №72აპ-21 ქ.თბილისი

შ–ი ი., 72აპ-21 21 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 23 დეკემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის მოადგილის - ალექსანდრე ფოცხვერაშვილისა და მსჯავრდებულ ი. შ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 23 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

პროკურორი ალექსანდრე ფოცხვერაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ი. შ–ს დამნაშავედ ცნობას ასევე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, გ“ ქვეპუნქტებითა და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის შეფარდებას.

მსჯავრდებული ი. შ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. შ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი (2020 წლის 24 იანვრისა და 2020 წლის 25 იანვრის ეპიზოდები); განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 22 იანვარს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ. თ............ში, ........... .., მე-.. მიკრო/რაიონი, კორპუსი №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ი. შ–მ არასრულწლოვან შვილებზე: 9 წლის ი. შ–სა და 11 წლის ნ. შ–ე ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, ი. შ–ს და ნ. შ–ეს პლასტმასის მილი რამდენჯერმე დაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში, რის შედეგადაც არასრულწლოვნებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

2020 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 12:00 საათზე, ი. შ–ი მივიდა თავისი მეუღლის - ი. შ–ს საცხოვრებელ მისამართზე - ქ. თ.........ში, ........ .., მე-.. მიკრო/რაიონი, კორპუსი №.., ბინა №..-თან და მეუღლეს მოსთხოვა, მიეცა ფული, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოკლავდა. აღნიშნული ქმედებით ი. შ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

2020 წლის 25 იანვარს, დაახლოებით 14:30 საათზე, ი. შ–სი მივიდა თავისი მეუღლის - ი. შ–ს საცხოვრებელ მისამართზე - ქ. თ..........ში, ........ .., მე-.. მიკრო/რაიონი, კორპუსი №.., ბინა №..-ში და მეუღლეს მოსთხოვა, მიეცა ფული, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოკლავდა. აღნიშნულის შედეგად ი. შ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის განაჩენით ი. შ–სი ნასამართლევი იყო საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განზრახ მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, იგი მაინც ატარებდა ცივ იარაღს, კერძოდ, 2020 წლის 25 იანვარს, 15:50 საათზე, ქ. თ.........ში, ........ .., მე-.. მიკრო/რაიონი, კორპუსი №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩატარდა ი. შ–ს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოიღეს ერთი დანა, რაც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით:

ი. შ–სი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 24 იანვრის ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2020 წლის 25 იანვრის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.

ი. შ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 25 იანვრიდან.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ი. შ–სის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებასთან ერთად სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, გ“ ქვეპუნქტებითა და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაშიც, ხოლო დაცვის მხარე - განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 23 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.

7. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მსჯავრდებულ ი. შ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 24 იანვრის ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2020 წლის 25 იანვრის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

8. დაზარალებულებმა - ი. შ–მ (ი. შ–ს მეუღლემ), ი. შ–მ და ნ. შ–მა (შვილებმა) და ასევე არასრულწლოვანმა მოწმემ - მ. შ–მ (შვილმა) ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს თავიანთი ახლო ნათესავის (შესაბამისად, მეუღლისა და მამის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

9. მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა - ი. ჯ–მა, ვ. ბ–მ და გ. ფ–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

10. სამედიცინო პაციენტის ბარათებითა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ 2020 წლის 24 იანვარს ი. შ–ს და ნ. შ–ეს აღენიშნებოდათ დაზიანებები სხეულის სხვადასხვა მიდამოში. ხსენებული დოკუმენტაციით იმის მტკიცება, რომ ი. შ–ს და ნ. შ–ს დაზიანებები მიაყენა ი. შ–სმა და არა სხვამ, ან არ მიიღეს სხვა ვითარებაში, - შეუძლებელია, მითუფრო, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ვერ დადგინდა აღნიშნული დაზიანებების ხანდაზმულობა. ორივე ექსპერტიზის დასკვნაში ხაზგასმით არის მითითებული, რომ დაზიანებების ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელია, ხოლო ბრალდებული ი. შ–სი უთითებს, რომ აღნიშნული დაზიანებები ბავშვებმა მიიღეს ერთმანეთთან ჩხუბის დროს და ამასთანავე, არა 2020 წლის 22 იანვარს, არამედ - 20 იანვარს.

11. რაც შეეხება სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმების - ნ. ბ–სა და თ. ჯ–ს მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციის იმ ნაწილს, სადაც საუბარია ბავშვების - ი. შ–ს და ნ. შ–ეის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომ მამამ იძალადა მათზე, სცემა პლასტმასის ჯოხით, წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რაც ვერ გადამოწმდა თავად პირველწყაროსთან (დაზარალებულებთან - ი. და ნ. შ–ებთან).

12. 2020 წლის 24 და 25 იანვარს ი. შ–სის მიერ მეუღლის - ი. შ–ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელებასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნულის დასადასტურებლად საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც, ერთი მხრივ, დაადასტურებდა ი. შ–სის მხრიდან მუქარის განხორციელების ფაქტს, ხოლო, მეორე მხრივ, იმ გარემოებას, რომ ეს მუქარა დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში. საქმეში წარმოდგენილი მოწმეების - გ. კ–ს, გ. ო–სა და ტ. ა–ს ჩვენებები ირიბია და არ შეიძლება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.

13. ამდენად, სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ი. შ–სის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდებისათვის საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენის ფაქტს.

14. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ასევე მსჯავრდებულ ი. შ–ს მითითებას თავის უდანაშაულობასთან დაკავშირებით. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს ი. შ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

15. სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ N634აპ-16 გადაწყვეტილება), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი.

16. კასატორის - მსჯავრდებულ ი. შ–სის მითითებას, რომ ცივი იარაღი მას არ ეკუთვნის და პოლიციელებმა დაკავებისას „ჩაუდეს“, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს უსაფუძვლობის გამო, კერძოდ: დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია პოლიციის თანამშრომელთა დაინტერესების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება; ასევე საქმის გარემოებებიდან არ იკვეთება მსჯავრდებულ ი. შ–სისათვის პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული ქმედების ჩადენის მოტივი, მიზანი და კასატორის - მსჯავრდებულ ი. შ–ს პოზიციის საფუძვლიანობა. ბრალდების მხარის მოწმე პოლიციელების ჩვენებები არის თანმიმდევრული და ურთიერთთავსებადი, რის გამოც სასამართლოს არ გააჩნია მათი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი, ამასთან, დაცვის მხარეს ჰქონდა სასამართლოში საქმის განხილვისას მათი დაკითხვის შესაძლებლობა.

17. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ი. შ–ს დაკავებისას ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ვერცხლისფერტარიანი დასაკეცი დანა. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ი. შ–ს დაკავება და ჩხრეკა განხორციელდა მისი მეუღლის სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე, როდესაც ი. შ–სი სავარაუდოდ აპირებდა მიმალვას (ტ.1.ს.ფ.75); გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული ი. შ–ს პირადი ჩხრეკა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 26 იანვრის განჩინებით კანონიერად იქნა ცნობილი (ტ.1.ს.ფ.111-112).

სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ პირადი ჩხრეკის ჩამტარებელი და ჩხრეკაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლების განმარტებით ი. შ–სი დააკავეს სადარბაზოში, რა დროსაც ჩაატარეს პირადი ჩხრეკა და ი. შ–სისაგან ამოიღეს ვერცხლისფერტარიანი დასაკეცი დანა, რომელიც, ორივე მოწმის კატეგორიული განმარტებით, ბრალდებულს ეჭირა მარჯვენა ხელში, კერძოდ:

18. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოწმის სახით დაკითხული, საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ............ს სამმართველოს მე-.. განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის - ლ. ს–ს ჩვენების თანახმად, ,,ი. შ–სს დაკავების მომენტში ხელში, მარჯვენა ხელში ეჭირა დანა.“ (ტ.2.ს.ფ.19. 2020 წლის 31 ივლისის სასამართლო სხდომა).

19. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოწმის სახით დაკითხული, საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...........ს სამმართველოს მე-.. განყოფილების უფროსი დეტექტივის - ი. ბ–ს ჩვენების თანახმად, ,,სადარბაზოში შესვლისას შეგვხვდა მოქალაქე ი. შ–სი, რომელსაც ხელში ეჭირა დანა.“ (ტ.2.ს.ფ.68. 2020 წლის 29 სექტემბრის სასამართლო სხდომა).

20. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 11 მარტის ცივი იარაღის ექსპერტიზის №........ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას. ექსპერტმა დ. კ–მ დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ გამოსაკვლევი საგანი - დანა გადაეცა კანონმდებლობით დადგენილი წესით დალუქულ მდგომარეობაში.

21. კასატორი - მსჯავრდებული ი. შ–სი მიუთითებს, რომ ბრალდების მხარემ არ ჩაატარა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა.

22. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მხარეებს ანიჭებს შესაძლებლობას საკუთარი პოზიციის დასაბუთებისთვის თავად განახორციელონ საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებები და გამოიყენონ საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ინსტრუმენტები - მათ შორის გამოკითხოს და დაკითხოს მოწმე, მოიპოვოს ექსპერტიზის დასკვნა და ა.შ. შესაბამისად, თუ დაცვის მხარეს საჭიროდ მიაჩნდა ცალკეული საპროცესო მოქმედების (დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა) განხორციელება, მას ჰქონდა აღნიშნულის საკუთარი ინიციატივით განხორციელების შესაძლებლობა. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ დაცვის მხარეს არ ჰქონდა აღნიშნულის განხორციელების შესაძლებლობა რაიმე ობიექტური გარემოების გამო ან პროცესის მწარმოებელი ორგანოს მიერ შეეზღუდა ამ უფლებით სარგებლობა.

23. კასატორების - ბრალდებისა და დაცვის მხარეების მიერ საჩივრებში მითითებულ საკითხებსა და გარემოებებზე სააპელაციო სასამართლომ არგუმენტირებულად და ამომწურავად უპასუხა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009).

24. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014).

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის მოადგილის - ალექსანდრე ფოცხვერაშვილისა და მსჯავრდებულ ი. შ–სის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე