საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 14.05.2021
საქმის ნომერი
2კ-1000აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.05.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002146453

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1000აპ-20 ქ. თბილისი

ა–ე კ., 1000აპ-20 14 მაისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 10 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჩ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 10 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

მსჯავრდებულ კ. ა–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ჩ–ა საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და კ. ა-ს გამართლებას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 ნოემბრის განაჩენით კ. ა–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, 2 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო ორგანიზაციაში მატერიალურად პასუხისმგებელი თანამდებობის დაკავების უფლება. მას სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.

გაუქმდა კ. ა–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად გამოყენებული ვალდებულება - საგამოძიებო ორგანოსთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და პასპორტის ჩაბარების თაობაზე.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 19 თებერვალს შპს „...........“ (ს/ნ ..........) დირექტორ კ. ა–სა და შპს „...........“ (ს/ნ ......) დირექტორ ლ. რ–ს შორის დაიდო სასაწყობო მიბარების ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, შპს „.............“ ვალდებული იყო გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ მიეღო, შეენახა და მიმბარებლის პირველივე მოთხოვნისთანავე დაებრუნებინა შპს „...........“ კუთვნილი საგზაო ბიტუმი. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, შპს „..............“ 2013 წლის 1 მარტს, 2 მარტსა და 1 აპრილს, შპს „.............“ შესანახად მიაბარა 262 870 კგ. საგზაო ბიტუმი (2013 წლის 1 მარტს - 122 300 კგ.; 2013 წლის 2 მარტს - 69 870 კგ.; 2013 წლის 1 აპრილს - 70 700 კგ.), რასთან დაკავშირებითაც შედგა მიღება-ჩაბარების აქტები. ზემოაღნიშნული საგზაო ბიტუმის მიბარების შემდგომ შპს „...........“ დირექტორმა კ. ა–მ 2013 წლის 1 ივლისამდე პერიოდში სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ, მიითვისა შპს „...........“ კუთვნილი 262 870 კგ. საგზაო ბიტუმი, რომლის ღირებულებაც სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით შეადგენს 280 351,54 ლარს.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და კ. ა–ს გამართლებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 10 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, კასატორი არ უთითებს არც სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას.

7. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას და საქმეში არსებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებებიდან გამომდინარე (ესენია: დაზარალებულ ლ. რ–სადა მოწმეების - დ. მ–ს, თ. ა–ს, ვ. კ–სა და სხვათა გამოკითხვის ოქმები, სასაწყობო მიბარების ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები, წერილები, ექსპერტიზების დასკვნები), ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ კ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდებასთან დაკავშირებით, კერძოდ:

8. დაზარალებულ ლ. რ–ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, მან, როგორც შპს „...........“ დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, 2013 წლის 19 თებერვალს შპს „...........ა“ და შპს „.............“ შორის გააფორმა მიბარების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 2013 წლის 1 მარტს, 2 მარტს და 1 აპრილს შპს „.............“ შესანახად მიაბარა ბიტუმი. მიბარების დროს ყოველ ჯერზე შედგა მიღება-ჩაბარების აქტები ლ. რ–სა და კ. ა–ეს შორის. მოწმემ დაახლოებით 2013 წლის ზაფხულში მოიძია ბიტუმის შეძენის მსურველი და დაუკავშირდა თ. ა–ეს. საუბრისას ამ უკანასკნელმა განუცხადა, რომ კომპანიას გახარჯული ჰქონდა მის მიერ მიბარებული ბიტუმი და შეჰპირდა გახარჯული ბიტუმის ღირებულების გადახდას. ამის შემდეგ რამდენჯერმე ჰქონდა მასთან კომუნიკაცია, რა დროსაც თ. ა–ე თითოეულ ჯერზე ჰპირდებოდა ან ბიტუმის დაბრუნებას ან მისი ღირებულების ანაზღაურებას, თუმცა უშედეგოდ. მოგვიანებით თ. ა–ემ და კ. ა–ემ დაუბრუნეს ბიტუმის ნაწილი - 39 500 კგ. და უთხრეს, რომ დარჩენილ ნაწილს უახლოეს მომავალში დაუბრუნებდნენ, ან გადაიხდიდნენ მის ღირებულებას, რაც არ განუხორციელებიათ. ლ. რ–ის თქმით, ოფიციალურ წერილებზე ყოველთვის კ. ა–ე პასუხობდა და უშუალოდ მასთანაც ჰქონია საუბარი და მოთხოვნა ბიტუმის დაბრუნებასთან დაკავშირებით. დაზარალებულის მტკიცებით, კ. ა–მ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მისი კომპანიის კუთვნილი 262 870 კგ. საგზაო ბიტუმი, რაც ანაზღაურებული არ აქვს. დაზარალებულმა ასევე დაადასტურა, რომ 2013 წლის ნოემბერში შპს „..............“ ჩატარდა ინვენტარიზაცია და იმის გამო, რომ მას შპს „...........ათვის“ მიბარებული ბიტუმი ადგილზე არ ჰქონდა, ჩაუთვალეს რეალიზებულ პროდუქციაში და დააჯარიმეს 146000 ლარით.

9. მოწმე თ. ა–ს გამოკითხვის ოქმების თანახმად, არის შპს „...........“ დამფუძნებელი, ხოლო კომპანიის დირექტორი არის მისი ძმა - კ. ა–ე. მოწმე ადასტურებს შპს „...........ა“ და შპს „.............“ შორის მიბარების ხელშეკრულების გაფორმების ფაქტს, რომლის თანახმად, შპს „.............“ იღებდა ვალდებულებას შეენახა შპს „...........“ მიერ გადაცემული დაახლოებით 262 ტონა ბიტუმი რეზერვუარებში. შპს „..............“ ხსენებული ბიტუმი მათთან შესანახად მიიტანა 2013 წლის მარტსა და აპრილში, რასთან დაკავშირებითაც, გაფორმდა მიღება- ჩაბარების აქტები. ლ. რ–ის მიერ ბიტუმის მოთხოვნის მომენტში, შპს „.............“ სრულად ჰქონდა გახარჯული შესანახად გადაცემული ბიტუმი, კერძოდ, კომპანიამ აწარმოა და გაყიდა ასფალტი. მოწმის განმარტებით, ლ. რ–ისგან მიბარებული ბიტუმის გახარჯვის გადაწყვეტილება მიიღო კ. ა–მ. აღნიშნულ საკითხში თავად არ ჩარეულა. შპს „..............“ ლ. რ–ს დაუბრუნა 40 ტონა საგზაო ბიტუმი, რის შემდეგაც შეექმნათ პრობლემები და დარჩენილი ბიტუმი ვეღარ აუნაზღაურეს.

10. მოწმე ვ. კ–ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2013 წლიდან მუშაობს .........ის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში აუდიტორის პოზიციაზე. 2017 წელს შესაბამისი ბრძანების საფუძველზე მას თანამდებობრივად დაევალა განესაზღვრა 2013 წლიდან დადგენილების მიღების დღემდე რა ოდენობის საგზაო ბიტუმის რეალიზაცია/გახარჯვა უფიქსირდებოდა შპს „.............“, რომლის დოკუმენტური შესყიდვაც არ უფიქსირდებოდა. შემოწმებით დადგინდა, რომ 2013 წლის 19 თებერვლის შემდეგ, შპს „.............“ გარკვეულ პერიოდში გახარჯული ჰქონდა 196 ტონით მეტი ბიტუმი, ვიდრე შეძენა უფიქსირდებოდა.

11. მსჯავრდებულმა კ. ა–მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ 2013 წლის მდგომარეობით იყო შპს „...........“ დირექტორი და შესაბამისად, აღჭურვილი იყო წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით. კომპანიის დამფუძნებელი იყო მისი ძმა - თ. ა–ე. კომპანიის სახელით მიღებული მისი ყველა გადაწყვეტილება შეთანხმებული იყო ძმასთან. მანვე დაადასტურა, რომ 2013 წლის 19 თებერვლის სასაწყობო მიბარების ხელშეკრულებაზე მან, როგორც ორგანიზაციის დირექტორმა, მიიბარა შპს „...........“ ბიტუმი, რომლის მიღება-ჩაბარების აქტებზეც არის მისი ხელმოწერა. მართალია, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით მან იკისრა ბიტუმის შენახვის ვალდებულება, თუმცა ბიტუმის გახარჯვა მასსა და ლ. რ–ს შორის არსებული ზეპირსიტყვიერი შეთანხმებით იყო შესაძლებელი და სხვა დროსაც ხდებოდა ასე. მან მიბარებული ბიტუმიდან ლ. რ–ს გაატანა 40 ტონა, ხოლო ბიტუმის დარჩენილი ნაწილით დამზადდა ასფალტი და გადაეცა სხვადასხვა საწარმოს, მათ შორის მისი ძმის სხვა საწარმოს, რაც ასევე მის ძმასა და ლ–ს შორის იყო შეთანხმებული (დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, გაიზიაროს მსჯავრდებულის აღნიშნული პოზიცია). ასფალტის რეალიზაციის შედეგად შემძენებმა აანაზღაურეს თანხის მხოლოდ ნაწილი. კომპანიის თანხებს თვითონ განკარგავდა, როგორც დირექტორი, თუმცა იგი საკუთარ უფლებამოსილებებს დამფუძნებლის - თ. ა–ს მითითებით ახორციელებდა, შესაბამისად, ბიტუმის განკარგვაზე პასუხისმგებლობაც თ. ა–ეს ეკისრება. ლ. რ–ი მასთან არც არასდროს მისულა ბიტუმის დაბრუნების მოთხოვნით და მოლაპარაკებებს აწარმოებდა მის ძმასთან. შპს „...........“ თავის მხრივ შპს „...........ათვის“ არ აქვს გადახდილი ბიტუმის მიბარებისათვის განსაზღვრული თანხა.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არც დაზარალებული ლ. რ–ი და არც მოწმე თ. ა–ე არ ადასტურებენ მსჯავრდებულ კ. ა–ს მიერ მითითებულ ფაქტს იმის თაობაზე, რომ ბიტუმის გახარჯვა მათთან შეთანხმებით მოხდა. უფრო მეტიც, ლ. რ–ის განმარტებით, ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების შემდეგ, მას აქტიური მიმოწერა ჰქონდა კ. ა–ესთან, რომელსაც არასოდეს უარუყვია შპს „...........თვის“ ბიტუმის გადაცემის ვალდებულების არსებობა. აღნიშნული გარემოება შპს „...........“ წერილებიდანაც დგინდება. რაც შეეხება მოწმე თ. ა–ეს, იგი ორჯერ არის გამოკითხული გამოძიების ეტაპზე. 2017 წლის 6 მარტის გამოკითხვის ოქმში თ. ა–ე უთითებს, რომ შპს „...........თვის“ ვალდებულების შესრულების კუთხით ზუსტი დეტალები ცნობილია კ. ა–სთვის, ხოლო 2017 წლის 11 აგვისტოს გამოკითხვის ოქმში იგი აზუსტებს, რომ უშუალოდ კ. ა–მ მიიღო ლ. რ–ისგან მიბარებული ბიტუმის გახარჯვის გადაწყვეტილება და რომ აღნიშნულ საკითხში თავად არ ჩარეულა. ეს უკანასკნელი ფაქტი ლ. რ–ის 2017 წლის 26 სექტემბრის გამოკითხვის ოქმითაც დასტურდება.

13. დაზარალებულ ლ. რ–ის 2017 წლის 10 აგვისტოს გამოკითხვის ოქმის თანახმად (ტომი №1; ს.ფ. 171), 2013 წლის 17 ივლისს თ. ა–მ და კ. ა–მ მოიძიეს 39 500 კგ საგზაო ბიტუმი და უთხრეს, რომ შეეძლოთ მხოლოდ ამ ნაწილის დაბრუნება. იმავე დღეს, ლ. რ–მ შპს „...........“-ის მიერ იჯარით აღებული ქარხნიდან 2 ერთეული ავტომანქანით წაიღო 39 500 კგ საგზაო ბიტუმი, რომელიც მიყიდა შპს „..........”-ს. აღნიშნული ფაქტი დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ...........“, „.........“ (ტომი N1; ს.ფ. 175-176), რომლებიც დათარიღებულია 2013 წლის 17 ივლისით.

14. სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას მიყენებული ზიანის მოცულობასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით (ტომი №1; ს.ფ. 294-297) ბრალდების მხარე კ. ა–ეს ედავება 2013 წლის 1 თებერვლიდან 2013 წლის 1 ივლისამდე დროის პერიოდში ჩადენილ ქმედებას, ხოლო 39 500 კგ საგზაო ბიტუმის გადაცემა დაზარალებულისათვის მოხდა 2013 წლის 17 ივლისს.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას ...ზემოაღნიშნული ვალდებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no. 36755/06, § 31; 11/11/2011). გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები”(Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020).

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხნებს.

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017).

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ კ. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჩ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე