საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 19.05.2021
საქმის ნომერი
2კ-199აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.05.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100119003298889

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №199აპ-21 ქ. თბილისი

ლ–ე ა., 199აპ-21 19 მაისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 4 თებერვლის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზ. კ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 4 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ზურაბ კოჭლამაზაშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ა. ლ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ( შემდეგში - სსკ-ის) 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

ა. ლ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. გ–ი შესაგებლით ითხოვს პროკურორ ზურაბ კოჭლამაზაშვილის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 4 თებერვლის განაჩენის ძალაში დატოვებას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. ლ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, გ.........ს რაიონის სოფელ .........ში, ალკოჰოლური სასმლით მთვრალმა ა. ლ–მ, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, იმის გამო, რომ არ შეასრულა მისი მოთხოვნა, არ გამორთო გაზქურა, ფიზიკურად იძალადა შვილზე - თ. ლ–ზე, კერძოდ, მოქაჩა თმა, რა დროსაც თ. ლ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2019 წლის სექტემბერს ბოლოს, საღამოს საათებში, .....ის რაიონის სოფელ .............ში, ა. ლ–მ ფიზიკურად იძალადა შვილზე - თ. ლ–ზე, კერძოდ, სახის არეში გაარტყა გაშლილი ხელი, რა დროსაც თ. ლ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2019 წლის აგვისტოდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, ........ს რაიონის სოფელ გამარჯვებაში, ალკოჰოლური სასმლით მთვრალი ა. ლ–ე, თავის საცხოვრებელ სახლში, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, იმის გამო, რომ ის იყო ოჯახის უფროსი და ყველაფერი მხოლოდ მისთვის უნდა დაეჯერებინათ ოჯახის მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა შვილს, თ. ლ–ს და მეუღლეს, ლ. ყ–ს, რა დროსაც ისინი განიცდიდნენ ტანჯვას.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით ა. ლ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (ორი ეპიზოდში) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდა ა. ლ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ა. ლ–ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ( შემდეგში - სსსკ-ის) 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ და ითხოვა ა. ლ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 4 თებერვლის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

8. დაზარალებულებმა - ლ. ყ–მ და თ. ლ–მ ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის - მეუღლისა და მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

9. პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენება არ მისცა ე. ყ–მა (ა. ლ–ს სიდედრი).

10. სამედიცინო ექსპერტიზის N...... დასკვნის თანახმად, თ. ლ–ს 2019 წლის 23 ოქტომბერს ობიექტური შემოწმებით სხეულზე, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში, ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება. აღნიშნული დასკვნის ავთენტურობა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სამედიცინო ექსპერტმა ბ. მ–მ. ასევე, არ არის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა დაზარალებულების - თ. ლ–ისა და ლ. ყ–ს მიერ განცდილ ტანჯვას.

11. საქმეში წარმოდგენილი მოწმეების - გ. კ–ს, გ. ო–სა და ტ. ა–ს ჩვენებები ირიბი ჩვენებებია და არ შეიძლება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.

12. ამდენად, სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ა. ლ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებისათვის საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ა. ლ–ს მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენის ფაქტს.

13. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

14. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე