დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330802221004592137
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№351I-21 ქ. თბილისი
მ-ი რ., 351I-21 25 მაისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - რ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ს–ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რ. მ–ს მიმართ ა-ს რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
2020 წლის 11 აგვისტოს გამოცემული რ. მ–ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების თანახმად, ამ უკანასკნელს ბრალად ედება ა-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 178.3.2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) ჩადენა.
2020 წლის 11 აგვისტოს ა-ს რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოაცხადეს რ. მ–ს ძებნა.
2020 წლის 3 ნოემბერს ა-ს რესპუბლიკის ქ. ბ-ს გ-ს რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით რ. მ–ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა.
2. რ. მ–ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2021 წლის 26 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ა-ს რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი რ. მ–ი.
2021 წლის 27 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით რ. მ–ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით; ამასთან, ვინაიდან მან ვერ უზრუნველყო განჩინებით დადგენილ ვადაში გირაოს თანხის გადახდა, იგი დარჩა საექსტრადიციო პატიმრობაში, 3 თვის ვადით.
2021 წლის 4 მარტს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ა-ს რესპუბლიკის შუამდგომლობა რ. მ–ს ექსტრადიციის თაობაზე და თანდართული დოკუმენტები.
2021 წლის 20 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით რ. მ–ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2021 წლის 26 ივლისამდე.
ამჟამად რ. მ–ი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის № .. პენიტენციურ დაწესებულებაში.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
ა-ს რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, რ. მ–სათვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის იანვრიდან მარტამდე პერიოდში, ..........ის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ქ. .....ში, რ. მ–მ თავის ძმასთან - ნ. მ–თან წინასწარი შეთანხმებით, დაზარალებული პირის - ა. ხ–ს ნდობის ბოროტად გამოყენებით და მოტყუებით, ამ უკანასკნელს გამოართვეს თანხა ჯამურად - 81 000 ა. მანათი. რ. მ–ი თანხის სანაცვლოდ ნ. ხ–ს დაჰპირდა, რომ შეძლებდა იმ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი პროცედურების დაწყებაში დახმარებას, რომელმაც მას მოტყუებით გამოართვა დიდი ოდენობით თანხა და აგრეთვე, ერთ-ერთი სისხლის სამართლის ფარგლებში შეძლებდა მისი ნათესავისათვის სასჯელის შემცირებას. სინამდვილეში, რ. მ–ს დაპირების სისრულეში მოყვანის რეალური შესაძლებლობა არ გააჩნდა.
4. 2021 წლის 27 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და ითხოვა რ. მ–ს ა-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია ა-ს რესპუბლიკიდან მოწოდებულ მასალებში.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 აპრილის განჩინებით საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის
შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
დასაშვებად იქნა ცნობილი რ. მ–ს ა-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია ა-ს რესპუბლიკის რ. მ–ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ 2020 წლის 11 აგვიტოს დადგენილებაში და დასჯადია ა-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 178.3.2 მუხლით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით).
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - რ. მ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ო. ს–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 აპრილის განჩინების გაუქმებას და რ. მ–ს ა-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას.
7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა რ. მ–ს მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 აპრილის განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. ა-ს რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი რ. მ–ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2021 წლის 26 იანვარს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ, როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ რ. მ–ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, ხსენებული პიროვნება არ ითვლება აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან რ. მ–ი არის .............ის რესპუბლიკის მოქალაქე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რ. მ–ს უარი ეთქვა საქართველოში საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე, თუცა დღეის მდგომარეობით არ არის გასული მითითებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადა. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, არ არსებობს ზემოთ მითითებული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება.
5. რ. მ–ს მიერ ჩადენილი ქმედება დასჯადია ა-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 178.3.2 მუხლით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 2-დან 5 წლამდე ვადით.
6. რ. მ–სათვის ბრალად წარდგენილი ქმედების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, მისი კვალიფიკაცია მოხდებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 6-დან 9 წლამდე ვადით. ამრიგად, რ. მ–სათვის ბრალად წარდგენილი ზემოხსენებული ქმედება დანაშაულად ითვლება და დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე ა-ს რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში, მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა.
7. დანაშაულებრივი ქმედება, რომლის ჩადენისთვისაც რ. მ–ი ბრალდებულია ა-ს რესპუბლიკაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, განეკუთვნება მძიმე დანაშულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 10 წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ამასთან, ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე.
8. რ. მ–მ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა 2019 წელს, ხოლო აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით ბრალი წარედგინა 2020 წელს. შესაბამისად, მოცემულ დანაშაულთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის. ა-ს რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული არც ა-ს რესპუბლიკის კანონმდებლობით.
9. დაცვის მხარის მტკიცებით, ............ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში რ. მ–ს სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე. კასატორი აღნიშნავს, რომ რ. მ–ს მიმართ ა-ს რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ძალადობდნენ, რის გამოც მან თავი დააღწია და გამოიქცა საქართველოში, სადაც ჩაჰბარდა ძალოვან სტრუქტურებს.
10. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005; Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005; K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013). მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ მხოლოდ ზოგადად მიუთითა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლებების დარღვევის საფრთხის თაობაზე, არ უთითებს კონკრეტულ გარემოებებზე (და არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები), რაც დაადასტურებდა რ. მ–ს მიმართ ა-ს რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის საფრთხეს. იმავდროულად, რ. მ–ს უფლებების დარღვევის მანიშნებელი ინფორმაცია ინტერნეტის ღია წყაროებშიც არ იძებნება (საქართველოს პროკურატურამ რ. მ–ს შესახებ ინფორმაცია მოიძია ინტერნეტის ყველაზე მოხმარებად საძიებო სისტემებში (google.com, bing.com, yahoo.com)).
11. ა-ს რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი გარანტიის თანახმად, ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა არ ისახავს მიზნად რ. მ–ს რაიმე ნიშნით დევნას; ექსტრადიციის შემთხვევაში იგი უზრუნველყოფილი იქნება დაცვის ყველა უფლებით; არ დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლები). ექსტრადიციის შემთხვევაში რ. მ–ი ისარგებლებს ა-ს რესპუბლიკის კანონმდებლობითა და იმ საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული ყველა უფლებით, რომელთა ხელმომწერიცაა ა-ს რესპუბლიკა.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლო „განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ გარანტიები მომდინარეობს კონვენციის წევრი ქვეყნისგან, რომელსაც ნაკისრი აქვს ვალდებულება, პატივი სცეს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს (Zarmayev v Belgium, no 35/10, §113, ECtHR,27/02/2014; Gasayev v. Spain, no 48514/06, ECtHR, 17/02/2009; Chentiev and Ibragimov v. Slovakia, no 21022/08; 51946/08, ECtHR, 14/09/2010) და ექვემდებარება საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლების დაცვის მონიტორინგს საერთაშორისო ინსტრუმენტების (როგორც ევროპის საბჭოს, ასევე გაეროს ფარგლებში) მეშვეობით“. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს ა-ს რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი გარანტიები.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმის მასალებით არ დგინდება რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ ა-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში რ. მ–ს უფლებები დაირღვევა, ხოლო კასატორებს არ წარმოუდგენიათ რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ ა-ს რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა.
14. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს (იხ. მაგ. განჩინება №2I-20 , 29/01/2020წ), რომ ექსტრადიციის გადაწყვეტილებამ გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია, მართლაც წარმოშვას საკითხი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, როდესაც მიმღებ სახელმწიფოში პირი დგას მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმის საფრთხის წინაშე. მაგრამ ,,მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარი“ გულისხმობს დარღვევებს, რომლებიც იმდენად ფუნდამენტური ხასიათისაა (იხ. Sejdovic v. Italy [GC], no. 56581/00, § 84, ECtHR; Stoichkov Stoichkov v. Bulgaria, no. 9808/02, §56, ECtHR, 25/03/2005; Drozd and Janousek v. France and Spain, §110, ECtHR, 26/06/1992), რომ შეიძლება გამოიწვიოს მე-6 მუხლით დაცული უფლების ან მისი არსის გაუქმება ( იხ. Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom, no8139/09, §259, ECtHR, 17/01/2012) და არა მარტივი პროცედურული ხარვეზები.
15. ექსტრადიციის შემთხვევაში მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმის საფრთხის რეალურობის მტკიცების ვალდებულება ეკისრება კასატორს, რომელმაც უნდა წარმოადგინოს აღნიშნული საფრთხის დამადასტურებელი კონკრეტული და სარწმუნო მტკიცებულებები (Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom, no8139/09, § 261, ECtHR, 17/01/2012). ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს (მის ადვოკატს) საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუწვდია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ ა-ს რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა ან იქნებოდა „არსებითი საფუძველი ვარაუდისთვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
16. საექსტრადიციო მასალების თანახმად, რ. მ–ი არის ა-ს რესპუბლიკის მოქალაქე და არ გააჩნია საქართველოში მუდმივად ცხოვრების კანონიერი საფუძველი. ამასთან, მას არ ჰყავს საქართველოში მუდმივად მცხოვრები ოჯახის წევრები.
17. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no140/10, § 11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 აპრილის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი რ. მ–ს ა-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია ა-ს რესპუბლიკის რ. მ–ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ 2020 წლის 11 აგვისტოს დადგენილებაში და დასჯადია ა-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 178.3.2 მუხლით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - რ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ს–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე