საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 08.07.2021
საქმის ნომერი
2კ-264აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.07.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100120003553129

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №264აპ-21 ქ. თბილისი

მ. ზ., 264აპ-21 8 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. მ–ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ბ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

მსჯავრდებული ზ. მ. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. ბ. საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და სასჯელის შემსუბუქებას, ვინაიდან ზ–თვის შეფარდებული სასჯელი მიაჩნიათ ზედმეტად მკაცრად.

2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 15 სექტემბრის განაჩენით ზ. მ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით და იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ზ. მ–ს მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ. მ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით და იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 24 თებერვლიდან.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენით ზ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), რისთვისაც დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი.

2020 წლის 23 თებერვალს, საღამოს საათებში, დაახლოებით 21:00 საათზე, ს–ს რაიონის სოფელ ვ–ში მდებარე მ–ების საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, ოჯახური კონფლიქტის დროს, არასრულწლოვანი შვილიშვილის - დ. მ–ს თანდასწრებით, ოჯახური დანაშაულისათვის ნასამართლევმა ზ. მ–მ მკლავებზე ხელების მოჭერითა და ხელის კისერში დარტყმით, იძალადა შვილზე - ხ. მ–ზე, რომელმაც აღნიშნული ქმედებების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის დამძიმების კუთხით და ზ. მ–ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის განაჩენით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 15 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ზ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ზ. მ–ის მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა - სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ. მ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან. მხედველობაში იქნა მიღებული რომ ზ. მ–ს დანიშნული სასჯელიდან უკვე მოხდილი აქვს სასჯელის ნაწილი - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. დაცვის მხარე ითხოვს მსჯავრდებულ ზ. მ–სთვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას, მხედველობაშია მისაღები საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზნები: სამართლიანობის აღდგენა; ახალი დანაშაულის თავიდან აცილება; დამნაშავის რესოციალიზაცია და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, ისე - მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და ზ. მ–ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.

ზ. მ–მ აღიარა ჩადენილი დანაშაული. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულმა პირობითი მსჯავრის პერიოდში - 2020 წლის 23 თებერვალს - კვლავ ჩაიდინა იგივე კატეგორიის (ოჯახური დანაშაული) ძალადობრივი დანაშაული (ოჯახის წევრის მიმართ), ამასთან ოჯახური ძალადობა ჩადენილი იქნა არასრულწლოვნის თანდასწრებით.

8. სასამართლო ითვალისწინებს რომ ოჯახში ძალადობას განსაკუთრებით მძიმე შედეგები გააჩნია ბავშვის ფსიქიკასა და ნორმალურ განვითარებაზე იმ შემთხვევაშიც, როდესაც ბავშვი მოწმე ხდება ძალადობრივი გამოვლინებებისა ოჯახში, რაც ართმევს მას უსაფრთხოების განცდას.

სასამართლო ითვალისწინებს შერაცხული ქმედების ძალადობრივ ხასიათს, სისხლის სამართლის კანონით დაცული ობიექტის მნიშვნელობას, არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვის, არასრულწლოვნებისთვის თავისუფალ და ღირსეულ პირობებში ფიზიკური, გონებრივი, მორალური და სულიერი განვითარების ფუნდამენტური უფლების უზრუნველყოფის ვალდებულებას.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ზ. მ–ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ბ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე