ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა

სისხლის სამართლის 05.07.2021
საქმის ნომერი
2კ-384-I-21
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
05.07.2021

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160141121004280034

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№3841-21 5 ივლისი, 2021 წელი

ა–ე კ., 3841-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ა–ს საჩივარი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 9 ნოემბრის განაჩენით კ. ა–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 9 ნოემბრიდან.

გაუქმდა კ. ა–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით გადახდილი 2000 ლარი დაუბრუნდა მის შემტანს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში.

2. 2021 წლის 18 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ კ. ა–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გამოყენება.

3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ კ. ა–ს მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 9 ნოემბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელზე არ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონი.

4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა კ. ა–მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

5. მსჯავრდებულმა კ. ა–მ საჩივრით ითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 მაისის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

3. საქმეში წარმოდგენილი 2021 წლის 2 ივლისით დათარიღებული წერილის თანახმად, დაზარალებულად ცნობილი შპს ,,.....-ის“ დირექტორი აცხადებს თანხმობას მსჯავრდებულ კ. ა–ს მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი.

4. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული კ. ა–ე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1- ნაწილით დანიშნული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ კ. ა–ს საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 მაისის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

3. ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული კ. ა–ე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან;

4. კ. ა–ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან;

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე