საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003088998
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№359აპ-21 ქ. თბილისი
დ–ე ა., 359აპ-21 17 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან მურვანიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლევან მურვანიძემ, რომელიც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის შეცვლასა და ა. დ–ს და გ. ა–ს დამნაშავეებად ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში; კასატორის მითითებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ა. დ–ს და გ. ა–ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის - ყაჩაღობის - ჩადენის ფაქტი; სასამართლომ, ერთი მხრივ, დაუსაბუთებლად არ გაიზიარა დაზარალებულის ჩვენების ის ნაწილი, რომ მსჯავრდებულები ჩაქუჩითა და საკანცელარიო დანით დაესხნენ თავს და გასტაცეს ფული, ხოლო, მეორე მხრივ, სწორედ დაზარალებულის ჩვენება დაუდო საფუძვლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ა. დ–ს და გ. ა–ს მსჯავრდებას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა. დ–ს და გ. ა–ს ბრალად დაედოთ ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
ü 2019 წლის 12 ივნისს, ღამის საათებში, ქ. ბ–ში, ........ის ქუჩა №..-ში მდებარე სასტუმრო „.....ს“ საცხოვრებელ ოთახში, ა. დ. ჯგუფურად, გ. ა–თან ერთად, თავს დაესხა ს........ის მოქალაქე ფ. ა. რ. ჯ–ს, რომელსაც ა. დ.მ დანის, ხოლო გ. ა–მ - ჩაქუჩის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გასტაცეს ფულადი თანხა - 100 აშშ დოლარი და 120 ლარი.
3. ა. დ–ს და გ. ა–ს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 მარტის განაჩენით: ა. დ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რისთვისაც ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2019 წლის 15 ივნისიდან; გ. ა–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რისთვისაც ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2019 წლის 15 ივნისიდან.
5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. დ.მ და გ. ა–მ ჩაიდინეს ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
ü 2019 წლის 12 ივნისს, ღამის საათებში, ქ. ბ–ში, ........ის ქუჩა №..-ში მდებარე სასტუმრო „...ს “ საცხოვრებელ ოთახში, სასტუმროს ადმინისტრატორმა -ა. დ.მ და ამავე სასტუმროს დამსვენებელმა - გ. ა–მ ჯგუფურად სცემეს სასტუმროს დამსვენებელს - ფ. ა. რ. ჯ–ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 9 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლევან მურვანიძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და ა. დ–ს და გ. ა–ს დამნაშავეებად ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 9 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო სასამართლოდ მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა და მსჯავრდებულთა ქმედებებს არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც ა. დ–ს და გ. ა–სათვის წარდგენილი ბრალდებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე; საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას ქმედების კვალიფიკაციისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით - რა მიზნით იძალადეს ა. დ.მ და გ. ა–მ ფ. ა. რ. ჯ–ზე და ამოძრავებდათ თუ არა მათ დაზარალებულის ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მოტივი, როგორც ამას დაზარალებული ამტკიცებდა, თუ ა. დ. მოითხოვდა სასტუმროში დაზიანებული შხაპის საფასურის გადახდას, როგორც ამაზე მსჯავრდებული მიუთითებს - გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა in dubio pro reo - პრინციპის საფუძველზე მართებულად გადაწყვიტეს ბრალდებულების/მსჯავრდებულების სასარგებლოდ; საყურადღებოა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, ერთი მხრივ, 100 აშშ დოლარი და 50 ლარი, რომლის მართლსაწინააღმდეგო გატაცებასაც ედავებოდა ბრალდების მხარე ა. დ–ს და გ. ა–ს, ხოლო, მეორე მხრივ, მობილური ტელეფონი, რომელიც, ფ. ა. რ. ჯ–ის მტკიცებით, თავდასხმისას წაართვეს მას მსჯავრდებულებმა, სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს დაზარალებულის სასტუმრო ოთახში, ხოლო დაზიანებული შხაპის საფასური - 50 ლარი, რომელიც ა. დ–მ გამოართვა ფ. ა. რ. ჯ–ს, დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა გადასცა სასტუმროს მეპატრონეს, რაც ცხადყოფს, რომ ა. დ–ს და გ. ა–ს ქმედებებში მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის - ყაჩაღობის - შემადგენლობა არ იკვეთება.
11. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია და იმის მხედველობაში მიღებით, რომ დაზარალებულ ფ. ა. რ. ჯ–ს სასამართლოს წინაშე ასეთი თანხმობა არ განუცხადებია, ა. დ–ს და გ. ა–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვერ გავრცელდება.
12. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან მურვანიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი