საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№316აპ-21 ქ. თბილისი
ც-ე პ-ა, 316აპ-21 20 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 17 თებერვლის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 17 სექტემბრის განაჩენით პ. ც-ე, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 4 იანვრის, 2020 წლის 6 ივნისისა და 2018 წლის 8 აგვისტოს ეპიზოდები) და მიესაჯა 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და პ. ც-ეს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2020 წლის 8 ივნისიდან იმავე წლის 17 სექტემბრის ჩათვლით.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 17 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ პ. ც-ემ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა (სამი ეპიზოდი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2018 წლის 28 დეკემბერს გაცემული №- შემაკავებელი ორდერით პ. ც-ეს, როგორც მოძალადეს, აეკრძალა მსხვერპლთან, მამასთან – ჯ- ც-ესთან, მის სახლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. მიუხედავად აღნიშნულისა, 2019 წლის 4 იანვარს, ღამით, პ. ც-ე მივიდა მამის – ჯ- ც-ის საცხოვრებელ სახლში მისამართზე: თ-ი, ჯ-ის --ლი შესახვევი, --ლი ჩიხი №- რითიც არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
· 2020 წლის 6 ივნისს გაცემული №- შემაკავებელი ორდერით პ. ც-ეს, როგორც მოძალადეს, აეკრძალა მსხვერპლთან, დედასთან – ნ- ც-ესთან, მის სახლთან, სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, აგრეთვე – ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მიუხედავად აღნიშნულისა, 2020 წლის 8 ივნისს, დილით, პ. ც-ე მივიდა ნ- ც-ის საცხოვრებელ სახლში, მისამართზე: თ-ი, ჯ-ის --ლი შესახვევი, --ლი ჩიხი №-, რითიც არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 აგვისტოს დადგენილებით პ. ც-ე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა გამასწორებელი სამუშაო ერთი თვით, ხელფასიდან 20%-ის დაქვითვით. მიუხედავად ამისა, პ. ც-ემ კვლავ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ, 2018 წლის 8 აგვისტოს იგი მივიდა მსხვერპლის – ჯ- ც-ის საცხოვრებელ სახლში და მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რითიც დაარღვია 2018 წლის 18 ივლისის №- შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, მსხვერპლთან – ჯ- ც-ესა და იმ ადგილთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი მარინე ლომიძე საჩივრით ითხოვს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 17 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება და მსჯავრდებულმა პ. ც-ემ სასჯელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ პ. ც-ეს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების (დანაშაულის აღიარება, დანაშაულთა სიმძიმე, გამოძიებასთან თანამშრომლობა, ნასამართლობის არქონა, შერიგებულია დაზარალებულებთან, რომლებსაც მის მიმართ პრეტენცია არ გააჩნიათ, რასაც ადასტურებენ ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით), საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლით დადგენილი სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი წინაპირობების მხედველობაში მიღებით, სამივე ეპიზოდში განუსაზღვრა კანონით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე (რაც ჩაუთვალა პირობით მსჯავრად), რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს, რის გამოც მისი დამძიმების საფუძველი პალატას არ გააჩნია.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე