საზედამხედველო
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №7აგ-21 თბილისი
მ-ი მ-ა, 7აგ-21 23 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 20 იანვრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და მინდია მანელიშვილს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. მ. მ-ი, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით - 0.000585 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინის“ (მარილი) უკანონო შეძენასა და შენახვაში) და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 4 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობითად. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 სექტემბრის განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით მინდია მანელიშვილისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მინდია მანელიშვილს განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 4 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი - ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მინდია მანელიშვილს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2018 წლის 27 თებერვლიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2. 2020 წლის 16 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ მ. მ-ის ადვოკატმა დ. ს-ემ, რომელმაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე მოითხოვა მსჯავრდებულ მინდია მანელიშვილის გათავისუფლება ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელისაგან.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ მ. მ-ის ადვოკატ დ. ს-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაშვებულ იქნა განსახილველად და დაინიშნა საქმის განხილვა ზეპირი მოსმენით.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 20 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულ მ. მ-ის ადვოკატ დ. ს-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე მსჯავრდებული მ. მ-ი გათავისუფლდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელისაგან. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 20 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ, რომელიც ითხოვს მინდია მანელიშვილისათვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 5 მარტის კანონის შესაბამისად, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 109-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინის“ (მარილი) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად განისაზღვრა 0.005 გრამი, ხოლო მოცემულ შემთხვევაში მ. მ-ი ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით - 0.000585 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინის“ (მარილი) უკანონოდ შეძენისა და შენახვისათვის, რაც, მითითებული ცვლილების მიხედვით, არ წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი წესით დასჯად ქმედებას.
3. აქედან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილების საფუძველზე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად (სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა), მ. მ-ი უნდა გამართლდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით - 0.000585 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინის“ (მარილი) უკანონო შეძენა, შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე, 307-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 20 იანვრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებული მ. მ-ი გამართლდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის (დიდი ოდენობით - 0.000585 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინის“ (მარილი) უკანონო შეძენა, შენახვა) ჩადენაში;
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 20 იანვრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე