საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100120003772254
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №391აპ.-21 11 ოქტომბერი, 2021 წელი შ. მ-ი, 391აპ.-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე), მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 აპრილის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ იმედა გუგუშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პროცედურა:
1.1.2020 წლის 23 აპრილს შ. მ-ი ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია), სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ასევე სსკ-ის 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება).
1.2.2020 წლის 23 აპრილს ბრალდებული სასამართლოს პირველად წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახედ განესაზღვრა პატიმრობა, რომლის ვადის ათვლა დაიწყო 2020 წლის 21 აპრილის 19:40 საათიდან.
1.3.2020 წლის 23 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით შ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებითა და საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 2 წლით.
1.4.2020 წლის 29 დეკემბერს სახელმწიფო ბრალმდებელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა შ. მ-ისათვის სასჯელის დამძიმება.
1.5.2021 წლის 22 იანვარს მსჯავრდებულ შ. მ-ის ინტერესების დამცველებმა, ადვოკატებმა: თ. ა-მ და ზ. მ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვეს შ. მ-ის საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში გამართლება, ხოლო საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქება.
1.6.2021 წლის 12 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დასაშვებად ცნო სააპელაციო საჩივრები და 2021 წლის 2 აპრილს გამოიტანა განაჩენი, რომლის მიხედვითაც, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ, მსჯავრდებული შ. მ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
1.7.2021 წლის 26 აპრილს ბრალდების მხარემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, შ. მ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ამ დანაშაულებებისთვის მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
2. წარდგენილი ბრალდების არსი:
2.1.2020 წლის 19 აპრილს, დაახლოებით 17:50 საათზე, თბილისში, კ-ის გ-ზე, №-ელექტროგანათების ბოძის მიმდებარედ, შ. მ-ი მოძრაობდა „ტოიოტა პრიუსის“ მოდელის (სახელმწიფო ნომრით ) ავტომობილით, რომელსაც მართავდა თავად, რა დროსაც ამავე ავტომობილში ისხდნენ გ. ჭ-ე და ზ. ჭ-ე.
2.2.მოძრაობისას შ. მ-მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები და ვინაიდან ავტომობილს მართავდა არასათანადო სიჩქარით, ვერ უზრუნველყო მისი უსაფრთხო მოძრაობა, გადავიდა თავისი მოძრაობის მიმართულებით სავალი ნაწილიდან მარჯვენა მხარეს და შეეჯახა ხეს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო ზ. ჭ-ე შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო გ. ჭ-ემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები.
2.3.საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შემდეგ შ. მ-ი გადავიდა დაზიანებული მანქანიდან და ნახა, რომ გ. ჭ-ე იმყოფებოდა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში და არ ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო ზომები თავის დასაცავად. მიუხედავად იმისა, რომ შ. მ-ს ევალებოდა დაჯახების შედეგად მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება, განსაცდელში მიატოვა გ. ჭ-ე და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
3. სააპელაციო სასამართლოს შეფასებები:
3.1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შ. მ-ის აღიარებითი ჩვენებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების შედეგად დაადგინა, რომ შ. მ-მა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესები ნამდვილად დაარღვია, რამაც ერთი პირის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ერთი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
3.2.პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასაკმარისია საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის შ. მ-ის დამნაშავედ ცნობის თვალსაზრისით, ვინაიდან შ. მ-ი 2020 წლის 19 აპრილს, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მოსვლისას, იმყოფებოდა შემთხვევის ადგილას და არ მიუტოვებია დაზარალებული, რაც დასტურდება შემთხვევის ადგილას შემოკრებილი ადამიანების, შემდეგში - მოწმეთა ჩვენებებით.
3.3.შ. მ-ისთვის სასჯელის ზომის განსაზღვრისას პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისთვის საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით დანიშნული სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, ასევე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად განსაზღვრული სასჯელი - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 2 წლით ჩამორთმევა, სავსებით სამართლიანი და ადეკვატურია, შეესაბამება მის პიროვნებას, ჩადენილი ქმედების ხასიათს და დამდგარ შედეგს. ასეთ შემთხვევაში პალატამ გაუმართლებელ ლმობიერებად მიიჩნია მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, რამდენადაც არ არსებობს მისი დამძიმების ან შემსუბუქების წინაპირობა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1.საკასაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 2 აპრილის განაჩენი კვალიფიკაციის ნაწილში (იგულისხმება საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლი), ასევე სასჯელის დანიშვნისას არის დაუსაბუთებელი.
4.2. კასატორი აღნიშნავს, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შემდეგ შ. მ-ი გადავიდა დაზიანებული მანქანიდან და ნახა, რომ გ. ჭ-ე იმყოფებოდა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში და არ ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო ზომები თავის დასაცავად. მიუხედავად იმისა, რომ შ. მ-ს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება, განსაცდელში მიატოვა გ. ჭ-ე და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
4.3.ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ შ. მ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო რაც შეეხება დამამძიმებელ გარემოებას, იგი ნასამართლობის მქონე პირია, ამასთან, არაერთხელ აქვს დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი საგზაო დარღვევისთვის. გარდა ამისა, იგი ავტომობილით გადაადგილდებოდა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს, მაშინ, როდესაც საყოველთაოდ აკრძალული იყო არათუ ავტომობილით მოძრაობა, არამედ ქვეითად გადაადგილებაც კი.
4.4.პროკურორი საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაშვებობის საფუძვლად მიუთითებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, კერძოდ: საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1.საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის პოზიციას საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით, რადგან მსჯავრდებულის ჩვენებით, რომელიც ნაწილობრივ აღიარებს დანაშაულს, დგინდება, რომ იგი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და მხოლოდ მას შემდეგ დატოვა ეს ადგილი, რაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოცხადდა. ამასვე მიუთითებს მხარეთა მიერ უდავო მტკიცებულებად მიჩნეული ი. ბ-ის ჩვენებაც, რომელიც პოლიციის მოსვლამდე შემთხვევის ადგილზე „სავარაუდო მძღოლის“ ყოფნას ადასტურებს.
5.2.მოწმეების - ქ. გ-სა და ლ. მ-ის ჩვენებები ცალსახად მიუთითებს იმ ქრონოლოგიურ თანმიმდევრობაზე, რაც მსჯავრდებულისა და მოწმე ი. ბ-ის ჩვენებებში არის მოცემული, კერძოდ, შემთხვევის ადგილზე პირველი მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, 2-3 წუთის შემდეგ კი - საპატრულო პოლიცია.
5.3.საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა შ. მ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
5.4.რაც შეეხება კასატორის მხრიდან სასჯელის გამკაცრების მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას სასჯელის დასაბუთების ნაწილში და მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი სამართლიანი და ადეკვატურია, შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, ჩადენილი ქმედების ხასიათსა და დამდგარ შედეგს.
5.5.საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-31 ნაწილის შესაბამისად, შეამოწმა, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ კასატორს არ დაუსაბუთებია საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმი.
5.6.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი პროკურორ იმედა გუგუშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე შ. თადუმაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. თევზაძე