საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №326აპ-21 ქ. თბილისი
ბ-ი ნ, 326აპ-21 18 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ბ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. დ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 3 დეკემბრის განაჩენით:
1.1. ნ. ბ-ი, - დაბადებული ... წლის ... აპრილს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
1.2. გაუქმდა ნ. ბ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 ნოემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ბ-ა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 5 ოქტომბერს, ღამის საათებში, ქ.თ-ი, თ-ს ქუჩის №...-ის მიმდებარედ, ი. ქ-ა და ნ. ბ-ს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც ნ. ბ-ა ი. ქ-ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ფეხი სხეულის სხვადასხვა ადგილზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 3 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორებმა - მსჯავრდებულმა ნ. ბ-ა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. დ-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
4.1. საკასაციო საჩივრის თანახმად, დაზარალებულად ცნობილმა ი. ქ-მ სცემა ნ. ბ-ს და არა - პირიქით.
5. ბრალდების მხარეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
6.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.2. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. კასატორების მოთხოვნიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა რამდენად საკმარისია ნ. ბ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობისათვის. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; რელევანტურობა, დასაშვებობა და უტყუარობა კი წარმოადგენს იმ სამ, უმთავრეს ელემენტს, რომლებზე დაყრდნობითაც უნდა შეფასდეს საქმეში წარმოდგენილი თითოეული მტკიცებულება (სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილი). ევროპულმა სასამართლომ მე-6 მუხლის ჭრილში განმარტა, რომ მტკიცებულების შესაფასებლად სასამართლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს იყენებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს საკმარისად ცხად, ძლიერ და ურთიერთშეთავსებად ვარაუდს ან ერთმანეთის მსგავს გაუქარწყლებელ ფაქტთა თანაარსებობას (იხ. საქმე: „ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ,“ (Ireland v. The United Kingdom), N5310/71, 18/01/1978, §161).
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებულ განაჩენში მცდარად არის ასახული დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის - დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები (რომელთა საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია), სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. ამასთან, საქმის მასალების შესწავლის შედეგად არ არის გამოკვეთილი, როგორც საგამოძიებო მოქმედებების სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევით წარმართვის, ისე - მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტები.
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ნ. ბ-ს ბრალად შერაცხული ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, დადასტურებულია გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ი. ქ-ს, მოწმეების - გ. ქ-ს, ა. ფ-ს, გ. ტ-ა და სხვათა ჩვენებებით, სამედიცინო დოკუმენტაციით, სამედიცინო ექსპერტიზის №.... დასკვნით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ:
10. დაზარალებულ ი. ქ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 4 ოქტომბერს, გვიან ღამით, დაურეკა ბავშვობის მეგობარმა და მეჯვარემ - ნ. ბ-ა და უთხრა, რომ იყო დაჭრილი, იმყოფებოდა ქ. თ-ი, შ-ს ქუჩაზე და სჭირდებოდა მისი დახმარება. აღნიშნულზე იგი მაშინვე წავიდა ,,ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომანქანით, ხოლო მას, ვინაიდან იყო ძალიან აღელვებული, უკან გაჰყვა მამამისი - გ. ქ-ე თავისი კუთვნილი ავტომანქანით. ადგილზე მისვლისას ნახა, რომ ნ-ი არ იყო დაჭრილი და უთხრა, რომ გაეხუმრა, რადგან იცოდა, რომ სხვაგვარად სახლიდან ვერ გამოიყვანდა, ხოლო მას კი სურდა მასთან ერთად ყოფნა. მალევე მივიდა მამამისიც და რადგან ნ. ბ-ი იმყოფებოდა მთვრალი და გარშემომყოფების მიმართ იქცეოდა აგრესიულად, მამა-შვილმა გადაწყვიტა მისი სახლში წაყვანა. იგი ჩასვეს გ. ქ-ს ავტომანქანაში, ხოლო თვითონ წავიდა ცალკე. როდესაც მივიდნენ ნ. ბ-ს საცხოვრებელ კორპუსთან, ნ. ბ-ა მეგობრის მამას დაუწყო აგრესიული საუბარი. სიტუაციის განმუხტვის შემდეგ ნ. ბ-ი წავიდა სახლის მიმართულებით, რის შემდეგაც თავადაც ჩაჯდა ავტომობილში და დააპირა წასვლა. ავტომანქანის დაძვრისთანავე ნ-ი უკან მიბრუნდა და საჭის მხრიდან შეეცადა კარის გამოღებას, რაც ვერ მოახერხა, რადგან კარი ჩაკეტილი ჰქონდა. ამის გამო ფანჯარას დაარტყა ხელები, ხოლო შემდეგ დადგა ავტომანქანის წინ და ისე, რომ არ დაჯახებია, გადაყირავდა. როდესაც წავიდა ნ-ის მშობლების დასაძახებლად, შეახტა დაძრულ და შემდეგ დამუხრუჭებულ ავტომობილს ე. წ. კაპოტზე და წიხლები ურტყა საქარე მინას. ვინაიდან არ ჩერდებოდა, მან დაძრა ავტომობილი, რა დროსაც ნ-ი გადავარდა ავტომობილიდან. მან იქვე გააჩერა ავტომანქანა და გადავიდა ნ-ის დასახმარებლად, თუმცა მისი გადასვლისას ნ-ი წამომდგარი დახვდა. მიახლოებისას ნ-ა ხელი დაარტყა, რაზეც თავადაც დარტყმით უპასუხა და მათ შორის გაიმართა ხელჩართული ჩხუბი. მამამისმა ისინი გააშველა, რის შემდეგაც მშობლებმა წაიყვანეს სახლში. ნ. ბ-ს დარტყმების შედეგად მან მიიღო დაზიანებები.
11. დაზარალებულ ი. ქ-ს ჩვენებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები მთლიანად დასტურდება მოწმე გ. ქ-ს ჩვენებით.
12. მსჯავრდებულმა ნ. ბ-ა ჩვენებაში დაადასტურა 2019 წლის ოქტომბერში ი. ქ-ს დარეკვისა და ქ. თ-ი, შ-ს ქუჩაზე დახმარების მიზნით მისვლის თხოვნის ფაქტი. მას შელაპარაკება მოუვიდა ი. ქ-ნ წარსულში არსებული წყენის გამო, რაზეც ი. ქ-ე გაღიზიანდა და ჯერ ავტომანქანა დააჯახა მას, ხოლო შემდეგ რკინის საგანი ურტყა თავში. ნ. ბ-ს განმარტებით, ავტომანქანის დაჯახებამდე არანაირი ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა, იყო მხოლოდ უხეში და ხმამაღალი საუბარი, რა დროსაც დაეჯახა ი. ქ-ე, თუმცა პირველი დაჯახებისას დაზიანებები არ მიუღია; უკვე ხელმეორედ დაჯახებისას ფეხზე მიიღო მოტეხილობები, ხოლო როდესაც მესამედაც შეეცადა ი-ი მანქანის დაჯახებას, იგი გვერდზე გავიდა და თავი შეაფარა იქვე არსებულ ფარდულს. როდესაც მოტეხილი ფეხით, კოჭლობით გადიოდა თ-ს ქუჩაზე, ი. ქ-მ რკინის საგანი დაარტყა თავში. იგი დარწმუნებულია, რომ ი-ნ ერთად მამამისიც ურტყამდა, რადგან რამდენიმე ინტენსიურ დარტყმას მხოლოდ ერთი ადამიანი ვერ მოახერხებდა. მოწმის განმარტებით, შესაძლებლობის შემთხვევაში ი. ქ-ს აუცილებლად დაარტყამდა, თუმცა მიყენებული დაზიანებების გამო ფიზიკურად ვერ შეძლო დარტყმა. ნ. ბ-ი ი-ს სხეულზე არსებულ დაზიანებებს უკავშირებს თვითდაზიანებას, იმ მიზნით, რომ იგი ყალბად ემხილებინა დანაშაულის ჩადენაში.
13. სამედიცინო ექსპერტიზის №..... დასკვნის თანახმად, 2019 წლის 9 ოქტომბერს მოქალაქე ი. ქ-ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. ისინი განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
14. რაც შეეხება დაცვის მხარის მოწმე ა. ფ-ს ჩვენებას, იგი აღნიშნავს, რომ ვიდრე ი. ქ-ე ავტომანქანას დააჯახებდა ნ. ბ-ს, მანამდე არ ყოფილა მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება. მას შემდეგ, რაც ი. ქ-მ ორჯერ დააჯახა და მესამედაც სცადა ავტომანქანის დაჯახება, ნ. ბ-ი გაერიდა და წავიდა მისი ფანჯრების ქვემოთ არსებული ფარდულის მიმართულებით, რაც უკვე სცილდებოდა მისი თვალთახედვის არეს და აქედან გამომდინარე, არ იცის როგორ განვითარდა მოვლენები.
15. მოწმეებმა - გ. ბ-ა და თ. მ-ა, რომლებიც არიან მსჯავრდებულ ნ. ბ-ს მშობლები, აღწერეს მხოლოდ კონფლიქტის სრულად დასრულების შემდგომი ვითარება და თავიანთი შვილის მდგომარეობა ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, რა დროსაც ნ. ბ-ი იყო თავგასისხლიანებული, ასევე, ფეხს იტკიებდა და ვერ დგამდა. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ კი დაუდგინდა ქვედა კიდურის ოთხი მოტეხილობა, ასევე, თავზე - მრავლობითი ჭრილობები.
16. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას იმის თაობაზე, რომ ნ. ბ-ს ი. ქ-ე არ უცემია და თითქოს, მისთვის მიყენებული დაზიანებების გამო, მას დაზარალებულისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფიზიკური შესაძლებლობა არ ჰქონდა. საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ, მართალია, ნ. ბ-ს ნამდვილად ჰქონდა მიღებული დაზიანებები, თუმცა არა იმგვარი, რომ ფიზიკური მოქმედების უნარი აღარ ჰქონოდა. ამასთან, დაცვის მხარის ამ ვერსიის გაზიარების შემთხვევაში აუხსნელი რჩება დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებების წარმომავლობა, მაშინ, როცა მსჯავრდებულისაგან განსხვავებით, დაზარალებული - ი. ქ-ე და ჩხუბის თვითმხილველი პირი - გ. ქ-ე ცალსახად მიუთითებენ ნ. ბ-ე, როგორც ამ დაზიანებების მიმყენებელ პირზე. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული ი. ქა-ე და მოწმე გ. ქ-ე მამა-შვილია, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, ეჭვი შეიტანოს მათ მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული თანმიმდევრული და დამაჯერებელი ინფორმაციის ნამდვილობაში. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რის საფუძველზეც მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანა შესაძლებელი გახდებოდა.
17. ამასთან, განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. ბ-ის ქმედება სამართლებრივად სწორად შეფასდა და მისი მსჯავრდებაც არის კანონიდან გამომდინარე.
18. რაც შეეხება დაცვის მხარის შუამდგომლობას ი. ქ-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 27 აპრილის განაჩენის ნ. ბ-ის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებად დართვის შესახებ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, შეუძლებელია ახალი მტკიცებულების წარდგენა, მისი გამოკვლევა და სასამართლოს მიერ გამოყენება.
19. საკასაციო პალატა მიუთითებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებაზე, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
20. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
21. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ნ. ბ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე