საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№889აპ-19 ქ. თბილისი
გ-ე ლ-ა, 889აპ-19 11 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ადილარ წირღვავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ. გ-ეს, – დაბადებულს 19-- წელს, ნასამართლევს, – ბრალი დაედო ქურდობაში, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 ივნისის განაჩენით ქურდობისათვის ნასამართლევი ლ. გ-ე 2015 წლის 30 სექტემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქ-ში, დ. ა-ის გამზ. №-ში, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის დაეუფლა გურამ სვანიძის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას – ავტომანქანა „ფორდ მონდეოს“ („FORD MONDEO“), სახელმწიფო ნომრით – - და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენით ლ. გ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულ ლ. გ-ეს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ადილარ წირღვავა ითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ლ. გ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით და, პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, მკაცრი სასჯელის განსაზღვრას განაჩენთა ერთობლიობით.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა არ იზიარებს პროკურორის მითითებას, რომ განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან ლ. გ-ის ბრალეულობა სრულად დასტურდება საქმეზე შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებებით და ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის სამართლებრივ დასაბუთებას მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით. პალატა აღნიშნავს, რომ სამართლებრივი შეფასებისას აუცილებლად უნდა დადგინდეს ქურდობის ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანი – სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლება და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად და უტყუარად არ დასტურდება ლ. გ-ის ქმედებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვის არსებობა, ასევე ის გარემოება, რომ სხვის მოძრავ ნივთს დაეუფლა ფარულად, ვინაიდან საქმეზე დაკითხულმა მოწმეებმა (რომელთა ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია) ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ ბ. შ-ის ნებართვით ლ. გ-ე ხშირად სარგებლობდა მისი მანქანით, შემთხვევის დღეს კი ნანობდა მხოლოდ იმას, რომ თავის მეგობარ ბ-ის დაუმტვრია ავტომანქანა. როგორც ბრალდებულის, ისე – მოწმეთა ჩვენებებით ასევე უტყუარად დადასტურდა, რომ ნასვამ ლ. გ-ეს გ. ს-ის ავტომობილი შეეშალა ბ. შ-ის ავტომანქანაში.
8. ასეთ შემთხვევაში ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება ისეთი ბრალდებების საფუძველზე, რაც არ არის სარწმუნოდ დადასტურებული კანონით დადგენილი წესით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები – №404აპ-16, №410აპ-16), ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
9. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნების შესაბამისად, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები არ წარმოადგენს უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დაადასტურებდა ლ. გ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ადილარ წირღვავას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე