საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№990აპ-19 ქ. თბილისი
ხ-ა მ-ა, 990აპ-19 12 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ოქტომბრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ. ხ-ას, – დაბადებულს 19-- წელს, – ბრალი დაედო სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის სხვაგვარად თავის არიდებაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
· ქალაქ ზ-ში, - რ-ის ქ. №--ში მდებარე 600 კვმ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა თ. ბ-ას საკუთრებას. 2012 წლის 30 ოქტომბერს, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ხსენებული უძრავი ქონება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა მ. ხ-ას სახელზე. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მან ეს უძრავი ქონება შეიძინა 180 000 აშშ დოლარად.
· 2014 წლიდან მ. ხ-ასა და თ. ბ-ას შორის წარმოიშვა დავა აღნიშნული უძრავი ქონების კუთვნილებასა და ნასყიდობის ფასის გადახდაზე. დავის გადასაწყვეტად თ. ბ-ამ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხისათვის კუთვნილი უძრავი ქონების ნასყიდობის ფასის გადაუხდელი თანხის – 132 500 აშშ დოლარის დაკისრება. 2015 წლის 17 დეკემბერს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება და მ. ხ-ას თ. ბ-ას სასარგებლოდ დააკისრა 132 500 აშშ დოლარისა და ასევე – წინასწარ გაღებული საპროცესო ხარჯების – 3000 ლარის გადახდა. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება მ. ხ-ამ კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, თვითონ კი არ დაელოდა ზემდგომი ინსტანციის გადაწყვეტილებას და თავის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ზ-ში, რ-ის ქ. №--ში, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის თავის არიდების მიზნით, რათა არ მომხდარიყო ამ ქონების, როგორც მოვალის საკუთრების, აღსასრულებლად მიქცევა, 2016 წლის 10 მარტს ჩუქების ხელშეკრულებით გადასცა მეუღლეს – ნ. ა-ასა და შვილებს – მ. და მ. ხ-ებს.
· 2016 წლის 24 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მ. ხ-ას უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება. ამდენად, მ. ხ-ას უწევდა თანხის გადახდა, ამასთანავე, არსებობდა საფრთხე, რომ მისი ოჯახის წევრებზე ქონების გადაფორმებით ვერ იქნებოდა მიღწეული მიზანი – გადაემალათ ეს ქონება და ამით თავი აერიდებინათ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისათვის, რადგან შესაძლო იყო, მხარეს დაეყენებინა საკითხი, რომ ჩუქება იყო თვალთმაქცური გარიგება და მიზნად ისახავდა ქონების გადამალვას. აღნიშნულის გამო, მ. ხ-ას ორგანიზებით, 2016 წლის 28 მარტს სადავო ქონება გასხვისდა მ. ბ-ზე. ქონების გასხვისება მოხდა ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომლის თანახმადაც, მ. ბ-მა ქონება შეიძინა 50 000 აშშ დოლარად. მ. ხ-ამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, თუმცა 2016 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით მისი საჩივარი დარჩა განუხილველად, დაუშვებლობის გამო და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
· სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, --ის სააღსრულებო ბიუროში დაიწყო სააღსრულებო წარმოება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ 09.11.2016 წელს გაცემული №- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, მოვალე მ. ხ-ას კრედიტორ თ. ბ-ას სასარგებლოდ ეკისრება თანხის – 132 500 აშშ დოლარისა და 3000 ლარის გადახდა. მიუხედავად ჩატარებული სააღსრულებო მოქმედებებისა, გადაწყვეტილების აღსრულება ვერ მოხდა, რადგან მოვალე მ. ხ-ას არ გააჩნია ქონება, რომლის მიქცევა შესაძლებელი იქნება აღსასრულებლად კანონით დადგენილი წესით. აღნიშნულით მ. ხ-ამ თავი აარიდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის განაჩენით მ. ხ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი მაია ჯაბუა ითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მ. ხ-ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.
5. გამართლებულ მ. ხ-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი რ. კ. შესაგებლით ითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა არ იზიარებს პროკურორის მითითებას, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი მ. ხ-ას მიმართ არის უკანონო და დაუსაბუთებელი და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის სამართლებრივ დასაბუთებას მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურდებოდა მ. ხ-ას ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ მ. ხ-ამ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას სხვაგვარად აარიდა თავი. აღსანიშნავია, რომ თ. ბ-ამ სააღსრულებო წარმოებაზე განაცხადა უარი და მ. ხ-ას მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. გარდა ამისა, საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც დასტურდება, რომ მ. ხ-ას აკრძალული ჰქონდა უძრავი ქონების გასხვისება.
9. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება ისეთი ბრალდებების საფუძველზე, რაც არ არის სარწმუნოდ დადასტურებული კანონით დადგენილი წესით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები – №404აპ-16, №410აპ-16), ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე