საკასაციო საჩივარი

სისხლის სამართლის
საქმის ნომერი
2კ-703აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100119002878478

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №703აპ.-21 30 ნოემბერი, 2021 წელი

ხ-ი ჯ., 703აპ.-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ივნისის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პროცედურა:

1.1 2019 წლის 30 იანვარს ჯ. ხ-ი ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი).

1.2 2019 წლის 1 თებერვალს ბრალდებული სასამართლოს პირველად წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო. გირაოს თანხად განესაზღვრა 4000 ლარი.

1.3 ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 მარტის განაჩენით:

- ჯ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2019 წლის 9 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათი.

- ჯ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2019 წლის 10 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათი.

- საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ ჯ. ხ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათი. ჯ. ხ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

1.4 ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 მარტის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ბრალდების მხარემ და მოითხოვა ჯ. ხ-ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

1.5 2021 წლის 23 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დასაშვებად ცნო სააპელაციო საჩივარი და 2021 წლის 18 ივნისს გამოიტანა განაჩენი, რომლის მიხედვითაც, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

1.6 ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა დანიშნული სასჯელის დამძიმების თვალსაზრისით.

2. გასაჩივრებული განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1 2019 წლის 9 და 10 იანვარს, ა-ის მუნიციპალიტეტის სოფელ წ-სა და დაბა ა-ის საზღვარზე, ჯ. ხ-მა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან (- წელს დაბადებულ) ნ. კ-ს ფეხში მოჰკიდა ხელი და გადმოაგდო ციგიდან, რის შედეგადაც ნ. კ-მა ერთ შემთხვევაში - თავი, ხოლო მეორე შემთხვევაში - წელი დაარტყა ყინულზე, განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

3. კასატორის არგუმენტები:

3.1 კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, მათ შორის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, რადგან სასამართლომ არ გაითვალისწინა ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის მიმართ წარსულში განრიდების გამოყენების ფაქტი და არასრულწლოვნის მიმართ დანაშაულის ჩადენა, რაც საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1 საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

4.2 საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცება და უცვლელად დატოვა ჯ. ხ-ისთვის შეფარდებული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

4.3 საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სრულად შეაფასეს სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ჯ. ხ-ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი შეუფარდეს.

4.4 საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი დამამძიმებელ გარემოებად განსაზღვრავს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების არასრულწლოვნის მიმართ ჩადენას, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, სასჯელის დანიშვნისას დამატებით მიიღოს მხედველობაში აღნიშნული მაკვალიფიცირებელი ნიშანი. გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს, ხოლო განმეორებითი დანაშაულის ჩადენის აბსტრაქტულ საფრთხეებზე მითითება არ წარმოადგენს უფრო მკაცრი სახისა და ზომის სასჯელის დანიშვნის საფუძველს.

4.5 ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.6 საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივრი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე შ. თადუმაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ლ. თევზაძე