საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№626აპ-21 ქ. თბილისი
დ. გ., 626აპ-21 29 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივნისის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. დ-ს ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის (2 ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.
2. აღნიშნული ბრალდებები გამოიხატა შემდეგში:
· თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით გ. დ-ი გასამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენით. 2020 წლის აგვისტოს დასაწყისში, შუადღის საათებში, ქ. თ-ოს გასასვლელში, ჭ-ის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეუღლის მიერ სადილის დაგვიანებით მიტანის გამო გაბრაზებულმა გ. დ-მა, ნასამართლობის გაქარწყლებამდე, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, მიაჩნდა, რომ ვინაიდან მეუღლე არის ქალი, მას უნდა ეზრუნა სადილის მიტანაზე, არაერთგზის, ფიზიკურად იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ გ. კ-ზე, კერძოდ, მუშტი დაარტყა მუცელში, შემდეგ კი ჯოხი ჩაარტყა წელის არეში და მარჯვენა ხელის მტევანზე და მიაყენა სხეულის დაზიანება, რის გამოც გ. კ-მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
· თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით გ. დ-ი გასამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენით. 2020 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში, საღამოს საათებში, ქ. თ-ში, ს-ის ქ. №--ში მდებარე გ. დ-ის ოჯახის საცხოვრებელ სახლში, მეუღლის მიერ ღორების სადგომის დაუსუფთავებლობაზე გაბრაზებულმა გ. დ-მა, ნასამართლობის გაქარწყლებამდე, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, რადგან მიაჩნდა, რომ ვინაიდან მეუღლე არის ქალი, მას უნდა ეზრუნა ოჯახის საქმეებზე და მიეხედა შინაური ცხოველებისათვის, არაერთგზის ფიზიკურად იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ გ. კ-ზე, კერძოდ, ჯერ მარჯვენა ხელი დაარტყა მარჯვენა ლოყის არეში, შემდეგ კი მუშტი – მუცელში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
· თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით გ. დ-ი გასამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), რაც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენით. 2020 წლის ივნისის ბოლოდან 2020 წლის 25 აგვისტომდე ქ. თ-ში, ს-ის ქ. №--ში მდებარე გ. დ-ის ოჯახის საცხოვრებელ სახლში, გ. დ-მა, ნასამართლობის გაქარწყლებამდე, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, რადგან მიაჩნდა, რომ ვინაიდან მეუღლე არის ქალი, მას უნდა ეზრუნა ოჯახის საქმეებზე და მიეხედა შინაური ცხოველებისათვის, არაერთგზის, სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ გ. კ-ს, კერძოდ, აგინებდა, მოიხსენიებდა უცენზურო სიტყვებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ყოველდღიურად ავალებდა შინაური ცხოველების სადგომის დალაგებას, რის გამოც გ. კ-ი თავს გრძნობდა დამცირებულად და განიცდიდა ტანჯვას.
3. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის განაჩენით გ. დ, – დაბადებული 1992 წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში (2020 წლის აგვისტოს შუა რიცხვებისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდები); გ. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2020 წლის აგვისტოს დასაწყისის ეპიზოდი) და მიესაჯა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 350 საათით, რასაც სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაემატა წინა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 4 თვე და გ. დ-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 4 თვით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 350 საათით. გ. დ-ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2020 წლის 25 აგვისტოდან იმავე წლის 24 დეკემბრის ჩათვლით და სასჯელის ამ ნაწილში ჩაითვალა სასჯელმოხდილად.
4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. სასამართლომ დაადგინა, რომ:
· თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით გ. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად. 2020 წლის აგვისტოს დასაწყისში, შუადღის საათებში, ქ. თ-ს გასასვლელში, ჭ-ის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეუღლის მიერ სადილის დაგვიანებით მიტანის გამო გაბრაზებულმა გ. დ-მა, ნასამართლობის გაქარწყლებამდე, არაერთგზის ფიზიკურად იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ გ. კ-ზე, კერძოდ, ესროლა მას ჯოხი, რაც მოხვდა წელის არეში, ასევე – მარჯვენა ხელის მტევანზე და მიაყენა სხეულის დაზიანება, რის გამოც გ. კ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი გიორგი მექვაბიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივნისის განაჩენის გაუქმებას, გ. დ-ის დამნაშავედ ცნობას გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი. ამასთან, მხარე ვერ უთითებს იმ გარემოებებზე, რომლებიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდიდა.
9. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე გ. დ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2020 წლის აგვისტოს შუა რიცხვებისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდები) წარდგენილი ბრალდებები გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით არ არის დადასტურებული. ამ ორ ეპიზოდთან მიმართებით ბრალდების მხარეს სხვა მტკიცებულება, დაზარალებულის ჩვენების გარდა, არ წარუდგენია, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, ბრალდებას სასამართლოსათვის არ წარუდგენია ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა იმის თაობაზე, გ. დ-ის ქმედებების შედეგად გ. კ-მა განიცადა თუ არა ფსიქოლოგიური ტანჯვა, რაც ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია.
10. რაც შეეხება დანაშაულის ჩადენას გენდერული ნიშნით, აღნიშნული არ დადასტურებულა საქმეზე წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით, მათ შორის – არც დაზარალებულის ჩვენებით. ამდენად, როგორც პირველი ინსტანციის, ისე – სააპელაციო სასამართლომ კანონიერად მიიჩნია, რომ გ. დ-ისათვის წარდგენილ ბრალდებებში გენდერული დისკრიმინაციით ნაკარნახევი ძალადობა არ იკვეთება, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება (სუსგ №625აპ-21, №13აპ-20).
11. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა გ. დ-ის მხრიდან საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა (2020 წლის აგვისტოს შუა რიცხვებისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდები). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ზემოთ მითითებულ ბრალდებებთან მიმართებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება, რადგან, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
12. რაც შეეხება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის განსაზღვრულ სასჯელს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იგი შეფარდებულია მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ნაწილობრივ ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ჰყავს 3 მცირეწლოვანი შვილი, რომლებსაც უვლის მოხუც დედასთან ერთად, მისი ოჯახი სოციალურად დაუცველია და იღებს შემწეობას) და დამამძიმებელი (დანაშაულის ჩადენა გამოსაცდელ ვადაში) გარემოებების, დაზარალებულის პოზიციის, მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და ხასიათის მხედველობაში მიღებით, ასევე – საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას და მისი შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
13. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილი, მართალია, მოითხოვს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, მაგრამ აღნიშნული მოთხოვნა არ შეიძლება გაგებულ იქნეს მხარეების მიერ წამოჭრილ ყოველ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მავალდებულებლად (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „სუომინენი ფინეთის წინააღმდეგ“ (Suominen v. Finland), N37801/97, 01/07/2003, §34); კერძოდ: ევროპული სასამართლოს პოზიციით, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის არსებითი სახის გარემოებები, რომელთა გამოყენებითაც მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Georgiadis v. Greece), N21522/93, 29/05/1997, §43).
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე