დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 10.11.2004
საქმის ნომერი
ას-851-1090-04
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.11.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-851-1090-04 10 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. წიქვაძე,ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: სახლთმფლობელობაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

1999წ. 12 ივლისს ნ., ლ. და ნ. ლ.-ებმა ლ. ბ.-ის, მ. მ.-ისა და რ. ჩ.-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართეს ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს თბილისში, ... ქ. ¹8-10 სახლთმფლობელობაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999წ. 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999წ. 8 დეკემბრის განჩინებით ნ. ლ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000წ. 31 მარტის განჩინებით განუხილველად დარჩა ნ. ლ.-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო.

ნინა ლ.-მ 2001წ. მაისში განცხადებით მიმართა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, რაიონული სასამართლოს 1999წ. 12 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ და მოითხოვა საქმის წარმოებით განახლება.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 1 აგვისტოს განჩინებით ნ. ლ.-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა, მაგრამ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 25 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა ნ.ლ.-ის განცხადება, გაუქმდა 1999წ. 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება, საქმის წარმოება განახლდა და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა რაიონულ სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნია დიდუბის რაიონული პროკურატურის მიერ ჩატარებული ექსპერტიზა, რომლის შესაბამისადაც, 1963წ. 3 აპრილს შედგენილ ნაჩუქრობის ხელშეკრულებაზე, რომელიც დადებული იყო ს. ო.-ს, მ. ს.-სა და მ. ს.-ს შორის, ს. ო.-ს ხელმოწერა გაყალბებული იყო.

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 მარტის გადაწყვეტილებით ნ., ლ. და ნ. ლ.-ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 25 ივნისის განჩინებით ნ. და ლ. ლ.-ეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ ქ.თბილისში, ...-ის ¹8/10-ში მდებარეობს ლიტერ „ა“ ნაგებობა, რომლის საცხოვრებელი საერთო ფართია 182,74 კვ.მ, ხოლო დამხმარე – 54,80 კვ.მ. ამავე ეზოში მდებარეობს ლიტერ „ბ“ 15,45 კვ.მ უნებართვო ნაგებობა. მითითებული სახლთმფლობელობები 1920 წლიდან წარმოადგენდა მოსარჩელეთა ბებიის _ ს. ო.-ს საკუთრებას.

1930 წელს სახლის ნაწილი აღირიცხა ს. ო.-ს ძმის _ ო. ბ.-ის სახელზე. მომდევნო წლებში ს.ო.-მ გაასხვისა კუთვნილი სახლი და დღეისათვის იგი აღრიცხულია გ. ლ.-ის (2/28), ლ. ბ.-ის (5/28), მ. მ.-ისა (9,28) და რ. ჩ.-ის სახელზე (12/28).

გ. ლ.-ე გარდაიცვალა 1993წ. 23 ივლისს.

ს. ო. გარდაიცვალა 1979 წელს, ხოლო მისი დის შვილი _ ვ. ს.-ი _ 1994 წელს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა, სახლთმფლობელობის დიდი ნაწილის გაყალბებული დოკუმენტების გასხვისებულად მიჩნევის, ასევე 1963წ. 3 აპრილის ნაჩუქრობის ხელშეკრულების ყალბად მიჩნევის შესახებ, უსაფუძვლო იყო, ვინაიდან სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ. რედაქცია) 75-ე და მე-80 მუხლების შესაბამისად, გასული იყო ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, თავდაპირველ მესაკუთრეს, რომელმაც, მოსარჩელეთა განმარტებით, იცოდა, რომ მოატყუეს, მითითებულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო წესით დავა არ უწარმოებია, სარჩელი არ აღუძრავს. იგი გარდაიცვალა 1979 წელს. ასევე ეს საკითხი სადავოდ არ გაუხდია არც მოსარჩელეთა დედას ნ. ლ.-ს, რომელიც გარდაიცვალა 1981 წელს და არც მოსარჩელეთა მამას _ გ. ლ.-ს. (იგი გარდაიცვალა 1991 წელს).

სახლის 5/28 ნაწილი კანონისმიერი მემკვიდრეობით 1994წ. 14 დეკემბერს აღირიცხა ლ. ბ.-ზე, 9/28 _ 1994წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე _ მ. მ.-ის სახელზე, ხოლო რ. ჩ.-ის სახელზე ასევე 1991წ. 22 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებით აღირიცხა სახლის 12\28 და ამის შესახებ მოსარჩელეებს 1999წ. 12 ივლისამდე სასამართლოსათვის სარჩელით არ მიუმართავთ. იმ შემთხვევაშიც კი თუკი სასამართლო გაიზიარებდა მოსარჩელეთა განმარტებას, რომ მოსარჩელეებმა თავიანთი დარღვეული უფლების შესახებ შეიტყვეს 1994 წელს, მას შემდეგ რაც გარდაიცვალა მათი ბებიის დისშვილი _ ვ. ს.-ი, სარჩელის წარდგენის სამწლიანი ვადა მაინც გასულად ჩაითვლებოდა, ვინაიდან სარჩელი შეტანილია 1999წ. 12 ივლისს, ხოლო ვ. ს.-ი გარდაიცვალა 1994 წელს.

2004წ. 25 აგვისტოს ლ. ლ.-ის წარმომადგენლის _ ნ. ლ.-ის წარმომადგენელმა დ. ქ.-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლით:

კასატორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანაში მონაწილეობა მიიღო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ზ. კ.-მ, რომელიც ასევე მონაწილეობდა ამავე საქმის განხილვაში 1999წ. 8 დეკემბერს.

სააპელაციო სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

მოსარჩელე მ. ლ.-მ 1963წ. 3 აპრილის ნაჩუქრობის ხელშეკრულების გაყალბების ფაქტი შეიტყო 2001წ. 20 აპრილს ქ. თბილისის დიდუბის რაიონის პროკურორის წერილითა და ექსპერტიზის აქტით, ამიტომ კასატორს მიაჩნია, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა უნდა აითვალოს 2001წ. 20 აპრილიდან.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს არ უნდა მიეთითებინა სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიან ვადაზე, ვინაიდან, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შემდეგ საქმე ხელახლა უნდა იქნეს განხილული. მისი მოსაზრებით, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის ფარგლებში, გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

არასწორია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილე მოსამართლე ზ.კ.-ს უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ საქმის განხილვაში, ვინაიდან იგი მონაწილეობას ღებულობდა ამავე საქმეზე 1999წ. 8 დეკემბრის გადაწყვეტილების გამოტანაში.

დადგენილია, რომ 1999წ. 8 დეკემბრის განჩინება მიღებულია თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მოსამართლეების: ზ. კ.-ს, თ. კ.-სა და მ. ს.-ის მიერ. ამ განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ. ლ.-ის სააპელაციო საჩივარი და ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999წ. 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. ეს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ლ.-ემ, მაგრამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000წ. 31 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. მართალია, მითითებული საქმის წარმოება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, განახლდა და სარჩელის განხილვა დაიწყო ხელახლა, მაგრამ აღნიშნული გარემოება ზ. კ.-ს არ ზღუდავდა, სააპელაციო სასამართლოში მონაწილეობა მიეღო სააპელაციო საჩივრის განხილვაში.

სსკ-ის 394-ე მუხლის „ზ“ პუნქტის შესაბამისად, მართალია, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება გამოტანილია იმ მოსამართლეების მიერ, რომლებიც ამ საქმის განხილვაში ადრე მონაწილეობდნენ. მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ამგვარ დარღვევას ადგილი არა აქვს.

სსკ-ის 29-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვაში მოსამართლის განმეორებით მონაწილეობით ითვლება ისეთი მონაწილეობა, როცა მოსამართლე მონაწილეობაზე საქმის პირველი ინსტანციის განხილვაში და მონაწილეობას ღებულობს ამავე საქმის სააპელაციო ან საკასაციო წესით განხილვაში; როცა მოსამართლე მონაწილეობდა საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვაში და მონაწილეობას მიიღებს ამავე საქმის პირველ და საკასაციო ინსტანციაში განხილვაში, ასევე, როცა მოსამართლე მონაწილეობდა საქმის საკასაციო ინსტანციაში განხილვაში და მონაწილეობას მიიღებს ამავე პირველ ან სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვაში.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსამართლე ზ.კ.-ა მოცემული საქმის მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში განხილვის მონაწილეა, კანონის მოთხოვნა დარღვეული არ არის და აღნიშნული გარემოება ვერ გახდება საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

ასევე არასწორია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ, ვინაიდან მ.ლ.-მ 2001წ. 20 აპრილს შეიტყო 1963წ. 3 აპრილის ნაჩუქრობის ხელშეკრულების გაყალბების ფაქტი, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა ამ დროიდან უნდა აითვალოს.

დადგენილია, რომ დავის საგანს წარმოადგენს 1930 წელს ს. ო.-ს მიერ თავის ძმაზე _ ო. ბ.-ზე სახლის ნაწილის გადაცემა და 1963წ. 3 აპრილის ნაჩუქრობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც, ს. ო.-მ მ. ს.-სა და მ. ს.-ს აჩუქა თავის საკუთრებაში 1920 წლიდან არსებული სახლთმფლობელობის ნაწილი. (ამ ხელშეკრულებებით განკარგული ქონების მესაკუთრეები სხვადასხვა დროს, სხვადასხვა წესითა და სხვადასხვა ოდენობით გახდნენ გ.ლ.-ე ლ.ბ.-ი, მ.მ.-ი და რ.ჩ.-ი). მართალია, ნაჩუქრობის ხელშეკრულება ექსპერტის 2000წ. 20 სექტემბრის დასკვნით ყალბად იქნა მიჩნეული, რაც საფუძვლად დაედო მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოებით განახლებას (თუმცა ექსპერტის დასკვნა არასრული იყო ხელმოწერის ექსპერტიმენტალური ნიმუშების არარსებობისა და ექსპერტიზაზე წარდგენილი შესადარებელი ნიმუშების წარმოშობის ნამდვილობის დაუდგენლობის გამო), მაგრამ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა 1930წ. 3 აპრილს შედგენილ ნაჩუქრობის და 1963წ. 3 აპრილს შედგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილობის თაობაზე, მაშინ როცა გამჩუქებელი (გამყიდველი) ს.ო. გარდაიცვალა 1979 წელს (მისი პირველი რიგის მემკვიდრეები გარდაიცვალნენ 1981 და 1991 წელს) და მას თავის სიცოცხლეში სასამართლო დავა არ უწარმოებია მის საკუთრებაში არსებული სახლთმფლობელობის გასხვისების საკითხთან დაკავშირებით, რაც არ შეიძლება დაწყებულიყო 2001წ. 20 აპრილიდან.

სკ-ის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ. რედაქცია) მე-80 მუხლის შესაბამისად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან, სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

ანალოგიურ დანაწესს აყალიბებს სკ-ის 130-ე მუხლიც, ამ ნორმათა დანაწესის შესაბამისად, სარჩელის წარდგენის უფლება ს.ო.-ს წარმოეშვა პირველ შემთხვევაში 1930 წლიდან, ხოოლო მეორე შემთხვევაში _ 1963 წლიდან. სწორედ ამ დროიდან აითვლება სასარჩელო ხანდაზმულობაც.

სკ-ის 143-ე მუხლის შესაბამისად, თუ ნივთი, რომლის მიმართაც არსებობს სანივთო მოთხოვნა, უფლებამონაცვლეობის გზით მესამე პირის მფლობელობაში აღმოჩნდება, მაშინ უფლებრივი წინამორბედის მფლობელობაში გასული ხანდაზმულობის ვადა გამოიყენება, აგრეთვე, უფლებამონაცვლის მიმართაც.

ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელეები, ს. ო.-ს შვილიშვილები, მოთხოვნის კანონისმიერი უფლებამონაცვლეები არიან, მათ მიმართაც გამოიყენება უფლებრივი წინამორბედის მიერ მფლობელობაში გასული ხანდაზმულობის ვადა ანუ უფლებამონაცვლეობა არ იწვევს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლის წესის შეცვლას.

აქედან გამომდინარე, მოცემულ საქმეზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გასულია დავის უფლების მქონე ს. ო.-ს სიცოცხლეშივე.

არასწორია კასატორის მოსაზრება, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა უნდა აითვალოს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შემდეგ. სამოქალაქო კანონმდებლობა სასარჩელო ხანდაზმულობის გამოთვლის ამგვარ წესს არ იცნობს, არ ითვალისწინებს.

ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა სარჩელი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ლ.-ის წარმომადგენელ დ. ქ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 25 ივნისის განჩინება.

ქ.თბილისში, ... ¹8/10-ში მდებარე სახლთმფლობელობაზე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, დადებული ყადაღა მოიხსნას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.