საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 02.12.2021
საქმის ნომერი
2კ-591აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.12.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№591აპ-21 ქ. თბილისი

ჩ-ე მ-ა, 591აპ-21 2 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 აპრილის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილისა და მსჯავრდებულ მ. ჩ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. დ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 ნოემბრის განაჩენით მ. ჩ-ე, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – ჯარიმა 2000 ლარი, ხოლო 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ. ჩ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2019 წლის 22 მაისიდან იმავე წლის 24 მაისის ჩათვლით.

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. სააპელაციო სასამართლომ განაჩენით დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ჩ-ემ ჩაიდინა სისტემატური ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; სხვისი ნივთის განზრახ განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

4. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2019 წლის იანვრიდან 2019 წლის 21 მაისამდე დროის მონაკვეთში მ. ჩ-ე ეჭვიანობის ნიადაგზე, გენდერული ნიშნით, დ. დ-ოს უკრძალავდა მუშაობას, სხვა პირებთან ურთიერთობას, ალკოჰოლური სასმლის მიღებასა და გასართობ დაწესებულებებში სიარულს, შეწინააღმდეგებისას კი სისტემატურად ძალადობდა მასზე, კერძოდ: 2019 წლის იანვარში ბ-ში, ლ-ის ქ. №- მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში, მ. ჩ-ემ დ. დ-ოს ხელების სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დარტყმით, ასევე – 2019 წლის მარტში ბ-ში, ლ-ის ქ. №--ში მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში, მ. ჩ-ემ დ. დ-ოს ხელების თავის არეში რამდენჯერმე დარტყმით, ასევე – 2019 წლის 20 აპრილს, ღამის საათებში, ბ-ში, ს. ხ-ის ქ. №-ში მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში, მ. ჩ-ემ დ. დ-ოს ხელებისა და ფეხების სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დარტყმით, ასევე – 2019 წლის 28 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე, ბ-ში, შ. ხ-ის ქ. №--ში მდებარე ბ-ის ი-ის ს-ის მიმდებარედ, მ. ჩ-ემ დ. დ-ოს სახეში ხელის დარტყმით, ასევე – 2019 წლის მაისის შუა რიცხვებში ბ-ში, ფ-ზ მ-ის ქ. №-, ბინა №--ში, მ. ჩ-ემ დ. დ-ოს სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში ხელების რამდენჯერმე დარტყმით, ასევე – 2019 წლის 20 მაისს, დილის საათებში, ბ-ში, ფ-ზ მ-ის ქ. №-, ბინა №--ში, მ. ჩ-ემ დ. დ-ოს ხელებისა და ფეხების სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმებით მიაყენა სხეულის დაზიანებები, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

· 2019 წლის 20 აპრილს, ღამის საათებში, ქ. ბ-ი, შ. ხ-ის ქ. №--ში მდებარე დ. დ-ოს დროებით საცხოვრებელ ბინაში, მ. ჩ-ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ გაანადგურა დ. დ-ოს კუთვნილი, „ჰუავეი Y7“ ფირმის მობილური ტელეფონი, რითაც დაზარალებულს მიადგა 300 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. პროკურორი ოლღა მერებაშვილი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ მ. ჩ-ისათვის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომის განსაზღვრას, რაც დაკავშირებული იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან, ადვოკატი ნ. დ-ე ითხოვს მსჯავრდებულ მ. ჩ-ისათვის სასჯელის საბოლოო ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვლება პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

6. ადვოკატი ნ. დ-ე შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. განსახილველ შემთხვევაში კასატორები ასაჩივრებენ მსჯავრდებულ მ. ჩ-ისათვის შეფარდებული სასჯელის ზომას. პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ მ. ჩ-ისათვის განსაზღვრული საბოლოო სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულს როგორც თითოეული მუხლით, ისე – საბოლოო ზომად და სახედ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შეცვლა საკასაციო პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

10. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილისა და მსჯავრდებულ მ. ჩ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. დ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე