საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 25.11.2021
საქმის ნომერი
2კ-436აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.11.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002393438

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №436აპ-21 ქ. თბილისი

ს. პ. ა. რ., 436აპ-21 25 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. რ. ს. პ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ტ. კ-სა და ჯ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ა. რ. ს. პ-ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 18,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს - შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადებას.

2. ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ა. რ. ს. პ-მა შურისძიების მოტივით განიზრახა ჩაედინა შეკვეთით განზრახ მკვლელობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2018 წლის 25 იანვარს, იგი დაუკავშირდა ა. ფ-ს და იმავე დღეს შეხვდა თ-ი შ. დ-ის ქუჩაზე მდებარე მის კუთვნილ რესტორან „ნ-ი“. შეხვედრისას ა. რ. ს. პ-მა ა. ფ-ის განუცხადა, რომ საქართველოში იმყოფებოდა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ვ. ე. ი. ა., რომელსაც გ. ტ. ქუჩაზე აქვს რესტორანი ,,დ-ი“. ეს უკანასკნელი მის მიმართ სოციალური ქსელების მეშვეობით ავრცელებდა სახელგამტეხ ინფორმაციას. აღნიშნულის გამო ა. რ. ს. პ-ა ა. ფ-ს დაავალა ეპოვა მკვლელი, რომელიც გასამრჯელოს მიღების სანაცვლოდ მოკლავდა ვ. ე. ი. ა-ს. შეხვედრისას ა. რ. ს. პ-მა აჩვენა მას ვ. ე. ი. ა-ს სურათი. ა. ფ-იმ ა. რ. ს. პ-ს უთხრა, რომ მას ჰყავდა ჩეჩენი მეგობარი, ვინც განახორციელებდა ვ. ე. ი. ა-ის მკვლელობას. 2018 წლის 27 იანვარს, კვლავ შედგა ა.ფ-სა და ა. რ. ს. პ-ს შეხვედრა, რა დროსაც შეთანხმდნენ მკვლელობის დეტალებზე და შემდგომ გვამის გადამალვის გეგმაზე, ასევე ა. რ.ს. პ-ი დაჰპირდა, რომ ვ. ე. ი. ა-ის მკვლელს გადაუხდიდა 5000 აშშ დოლარს და იარაღის შესაძენად მისცემდა 500 აშშ დოლარს. 2018 წლის 4 თებერვალს, ა. ფ. კვლავ შეხვდა ა. რ. ს. პ-ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა დააზუსტა მკვლელობის დეტალები, ასევე დაავალა ა. ფ-ის, რომ მისთვის დამაჯერებლობის განსამტკიცებლად საჭირო იყო გვამისთვის სურათის გადაღება და მისთვის ჩვენება, ასევე უსაფრთხოების მიზნით დაავალა ვ. ე. ი. ა-ის გვამზე დაეკიდათ დიდი ქვა და ჩაეგდოთ წყალში. 2018 წლის 7 თებერვალს კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს ა. ფ. და ა. რ. ს.ნ პ-ი იმავე ბარში, რა დროსაც ა. რ. ს. პ-მა მკვლელობის იარაღის შესაძენად 1200 ლარი გადასცა ა. ფ-ს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 ნოემბრის განაჩენით ა. რ. ს. პ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა;

ა. რ. ს. პ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა;

ა. რ. ს. პ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 9 თებერვლიდან.

4. სასამართლომ დაადგინა, რომ ა. რ. ს. პ-მა შურისძიების მოტივით განიზრახა ჩაედინა შეკვეთით განზრახ მკვლელობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2018 წლის 25 იანვარს, იგი დაუკავშირდა ა. ფ-ს და იმავე დღეს შეხვდა ქ.თ-ი შ. დ. ქუჩაზე მდებარე რესტორან „ნ-ი“. შეხვედრისას ა. რ. ს. პ-მა ა. ფ-ის განუცხადა, რომ საქართველოში იმყოფებოდა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ვ. ე. ი. ა-ი, რომელიც მის მიმართ სოციალური ქსელების მეშვეობით ავრცელებდა სახელისგამტეხ ინფორმაციას. აღნიშნულის გამო ა. რ.ა ს. პ-მა ა. ფ-ის დაავალა ეპოვა მკვლელი, რომელიც გასამრჯელოს მიღების სანაცვლოდ მოკლავდა ვ. ე. ი. ა-ს. შეხვედრისას ა. რ. ს. პ-ა აჩვენა მას ვ. ე. ი. ა-ის სურათი. ა. ფ. ა. რ. ს. პ-ს უთხრა, რომ თითქოს მას ჰყავდა ჩეჩენი მეგობარი, ვინც განახორციელებდა ვ.ე. ი. ა-ის მკვლელობას. 2018 წლის 27 იანვარს, კვლავ შედგა ა.ფ-სა და ა. რ. ს. პ-ის შეხვედრა, რა დროსაც შეთანხმდნენ მკვლელობის დეტალებზე და შემდგომ გვამის გადამალვის გეგმაზე, ასევე ა. რ. ს. პ-ი დაჰპირდა, რომ ვ. ე. ი. ა-ის მკვლელს გადუხდიდა 5000 აშშ დოლარს და იარაღის შესაძენად მისცემდა 500 აშშ დოლარს. 2018 წლის 4 თებერვალს, ა. ფ. კვლვ შეხვდა ა. რ. ს. პ-ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა დააზუსტა მკვლელობის დეტალები. მან დაავალა ა. ფ-ის, რომ მკვლელობის შესრულების დასადასტურებლად საჭირო იყო გვამისთვის სურათის გადაღება და მისთვის ჩვენება, ასევე უსაფრთხოების მიზნით დაავალა ვ. ე. ი. ა-ის გვამზე დაეკიდათ დიდი ქვა და ჩაეგდოთ წყალში. 2018 წლის 7 თებერვალს კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს ა. ფ. და ა. რ. ს. პ-ი იმავე ბარში, რა დროსაც ა. რ. ს. პ-ს დავალებით მკვლელობის იარაღის შესაძენად მისმა შვილმა 1200 ლარი გადასცა ა. ფ-ის.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულმა ა. რ. ს. პ-მა და მისმა ადვოკატმა ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის გამართლება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ა. რ. ს. პ-ის ადვოკატებმა ტ. კ-მ და ჯ. კ-მა და ითხოვეს მსჯავრდებულის გამართლება.

8. საქმეში ასევე წარმოდგენილია მსჯავრდებულ ა. რ. ს. პ-ის 2021 წლის 24 მარტის მოთხოვნა/საჩივარი, რომლის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 მარტის განაჩენს მსჯავრდებული მიიჩნევს უკანონოდ. ამასთან, თვლის, რომ არის პოლიტიკური პატიმარი და მძევალი, ხოლო 2021 წლის 28 აპრილის მსჯავრდებულის მოთხოვნა/საჩივრის თანახმად, განაჩენის ინგლისურენოვანი თარგმანი არასწორია და შედგენილი არ არის „აკურატული“ სამართლებრივი ენით.

9. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრის ფარგლებში. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს ა. რ. ს. პ-ის გამართლებას.

10. დაცვის მხარის მტკიცებით, 2018 წლის 5 თებერვლის ამოღების ოქმით (ა. ფ-სგან ამოიღეს ხმის აუდიო ჩამწერი მოწყობილობა) და ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2018 წლის 5 თებერვლის ოქმით (ხმის ჩამწერი მოწყობილობიდან გამოითხოვეს აუდიო ჩანაწერი - 2018 წლის 27 იანვრის საუბარი ა. ფ. და ა. რ. ს. პ-ს შორის) მოპოვებული ინფორმაცია, მართალია გამოთხოვილია სასამართლოს განჩინებით, თუმცა თავად მტკიცებულება შეიქმნა უკანონოდ, რადგან 2018 წლის 27 იანვარს ა. ფ-ს მიერ (მასსა და ა. რ. ს. პ-ის) საუბრის ჩაწერისას, მას არ ჰქონდა შესაბამისი განჩინება ან დადგენილება.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მართალია საქართველოს სსსკ-ის 1431-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ფარული ვიდეოჩაწერა ან/და აუდიოჩაწერა, არის ფარული საგამოძიებო მოქმედების ერთ-ერთი სახე, თუმცა მოცემულ შემთხვევებში სადავო ფარული ჩანაწერი (27 იანვრის) განხორციელებულია აღნიშნულ ფაქტზე გამოძიების და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებამდე კომუნიკაციის ერთერთი მხარის - კერძო პირის მიერ. შესაბამისად, აღნიშნული ჩანაწერის მიმართ საქართველოს სსსკ-ზე აპელირება ირელევანტურია. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სსსკ-ი აწესრიგებს გამოძიების და სისხლისსამართლებრივი დევნის (სისხლის სამართალწარმოების) ფარგლებში მხარეების მიერ მტკიცებულებათა მოპოვების წესს და არ ეხება კერძო პირებს შორის ურთიერთობას, ისევე როგორც საკასაციო საჩივარში მითითებული კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“, რომელიც ასევე აღნიშნულ შემთხვევასთან მიმართებით ირელევანტურია.

12. შესაბამისად, კასატორთა მითითება ა. ფ-სა და ა. რ. ს. პ-ს შორის 2018 წლის 27 იანვარს მიმდინარე საუბრის მოპოვებისას საქართველოს სსს კოდექსსა და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონზე არასწორია.

13. სასამართლო ითვალისწინებს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების - ა. ფ-ის და ა. რ. ს. პ-ის შეხვედრისა და საუბრის ფარული ვიდეოჩაწერის/აუდიოჩაწერის შედეგად მოპოვებულ ჩანაწერებს და მათ კრებსებს. კერძოდ, 2018 წლის 3 თებერვლის ჩანაწერის თანახმად საუბარია საქმის ,,სუფთად“ შესრულებაზე, სროლაზე. მსჯავრდებული მოსაუბრეს უხსნის, რომ შესრულებული დავალების შედეგ ობიექტი (მოკლული პირი) გაახვიონ, გამოაბან მძიმე საგანი და ჩააგდონ მდინარეში, ისე, რომ ძაღლებმა ვერ იპოვონ და გამოათრიონ. მანვე შესრულებული საქმის დასამტკიცებლად მოითხოვა ფოტოს გადაღება, რომელიც პირადად უნდა ანახონ და არ გაუგზავნონ. მოსაუბრე მსჯავრდებულს სთხოვს დამატებით ინფორმაციას - ფოტოსურათს და მისამართს. თავის მხრივ, ა. რ. ს. პ-ი მიმართავს მოსაუბრეს, რომ მისცემს ,,ტელეგრამის“ ნომერს, მოგვიანებით კი იღებს ხელსახოცს, ტელეფონში ეძებს ინფორმაციას, წერს (ტელეგრამი, ინსტაგრამი) და აწვდის მოსაუბრეს.

2018 წლის 6-7 თებერვლის ჩანაწერის თანახმად, მხარეები საუბრობენ იარაღზე და თანხაზე. მსჯავრდებული ასევე აძლევს მითითებას, რომ ადგილზე ,,რამე“ არ დარჩეთ, 2-3 ბლოკი მოაბან (მერე ან თევზები შეჭამენ, ან რამე იქნება), ხოლო ა. ფ-ი ეუბნება, რომ შემსრულებლები ,,ფოტოებს კი არ გამომიგზავნიან, მომცემენ; ერთი, რომ ესვრიან იმას და მეორე შეფუთული, რომ იქნება უკვე. ორი ფოტო დაგვჭირდება“, აღნიშნულზე მსჯავრდებული აძლევს მითითებას, რომ შუა ქუჩაში არ დაიწყონ ბევრი ფოტოს გადაღება. ამასთან, ,,ზევითაც შეიძლება მაგ საქმის გაკეთება, იქ უფრო სიბნელეა და უფრო ადვილია“, ,,იცოდე სახლის წინ პოლიცია გზას ... შემოხაზავს“, ამირ ფაზელიმეჰრი კი უხსნის, რომ შემსრულებლები თვითონ გააკეთებენ, მივლენ უკნიდან, ესვრიან და წაიღებენ თან. ა. რ. ს. პ-ი ასევე ამბობს, რომ თავად უნდა იყვნენ ისეთ ადგილას, სადაც კამერებია დამონტაჟებული.

14. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სადავო ჩანაწერი (იგულისხმება 2018 წლის 27 იანვრის საუბრის ჩანაწერი) არ წარმოადგენს ა. რ. ს. პ-ის მსჯავრდების არც ერთადერთ და არც ძირითად მამხილებელ მტკიცებულებას, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით (მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მოპოვებული ჩანაწერებით, მოწმეების - მათ შორის: ა. ფ-ის და ვ. ე. ი. ა-ის მამხილებელი ჩვენებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ა. რ. ს. პ-ის მიერ მისთვის შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა.

15. კასატორთა მტკიცებით არ არის გასაზიარებელი 2018 წლის 3 და 6-7 თებერვლის ჩანაწერის კრებსები, ვინაიდან უცნობია თარჯიმნის ვინაობა, ის არ დაკითხულა სასამართლოში და მხარეს არ მიეცა მისი გამოკითხვის შესაძლებლობა საქართველოს სსსკ-ის 78-ე მუხლის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ (ანალოგიური მოთხოვნაა დაყენებული საქმეში წარმოდგენილი სპარსულიდან ქართულ ენაზე ნათარგმნ ელექტრონულ მიმოწერასთან მიმართებითაც). კასატორთა მტკიცებით, სასამართლო სხდომაზე თარჯიმნის და იმ გამომძიებლის დაკითხვა, რომელმაც შექმნა დოკუმენტი ვერ გამოასწორებს მითითებულ ხარვეზს.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს 2021 წლის 19 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით იგივე საფუძვლით ჰქონდა გასაჩივრებული და ვინაიდან სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას აღნიშნულთან დაკავშირებით, მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტების გამეორება. იმავდროულად, საქართველოს სსსკ-ის 78-ე მუხლზე აპელირება არასწორია, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში თარჯიმანს არც მოუპოვებია, არც შეუქმნია და არც მასთან არ ინახებოდა სასამართლოსთვის წარდგენამდე სადავო კრებსები (რომელიც მან თარგმნა) და მან შეასრულა მხოლოდ ტექნიკური ხასიათის სამუშაო - თარგმანი - მითითებულ მტკიცებულებებთან მიმართებით.

17. საქმის არსებითი განხილვისას დაიკითხა გამომძიებელი, რომელმაც მოიპოვა ჩანაწერები; ფონოსკოპიური ექსპერტიზის ფარგლებში კიდევ ერთხელ გაიშიფრა ჩანაწერების შინაარსი, ხოლო სასამართლო სხდომაზე სპარსული ენის თარჯიმანმა - მ. ქ-მა (დასკვნის გაცემისას მონაწილეობა მიიღო ფარული ჩანაწერების შინაარსის თარგმნაში), ცალსახად დაადასტურა, რომ სადავო ჩანაწერებში საუბარია მკვლელობის შეკვეთაზე, იარაღის შეძენაზე და გვამის დამალვის ხერხებზე.

18. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარის მიერ სამართალწარმოების ფარგლებში არ იქნა წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რაც თარჯიმნის კვალიფიციურობაში ან/და თარგმანის სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა; ხოლო ფონოსკოპიური ექსპერტიზის ფარგლებში გაშიფრული ტექსტი ადასტურებს კრებსის თარგმანის შინაარს, რომ ა. რ. ს. პ-ი საუბრობს იარაღზე, კონკრეტული პირის მკვლელობაზე, გვამსა და მისი მოშორების გეგმაზე, საქმის ,,სუფთად“ შესრულებაზე.

19. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნას თან ახლავს სპარსული ენის სპეციალისტის - ე. გ-ისა და სპარსული ენის თარჯიმნის - მ. ქ-ის ხელწერილი (უფლება-მოვალეობების გაცნობის და სს პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილების თაობაზე), სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მოსამართლემ თარჯიმანს - მ. ქ-ს - განუმარტა მოწმის უფლება-მოვალეოებები და გააფრთხილა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ, ხოლო დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, დამაზუსტებელი კითხვები დაესვა მითითებული თარჯიმნისათვის.

20. სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კასატორთა მტკიცებას, რომ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა მოწმესთან 4 დღე დატოვეს მტკიცებულება - ქაღალდის ხელსახოცი წარწერით, რითაც დაირღვა საქართველოს სსსკ-ის 112-ე მუხლის პირველი ნაწილი, რადგან: იმ პირობებში, როდესაც ა. ფ-მა 2018 წლის 1 თებერვალს საქართველოს შსს ცკპ დეპარტამენტში დაწერა განცხადება და გამოიკითხა, იმავე დღეს ნებაყოფლობით წარუდგინა გამოძიებას 2018 წლის 27 იანვრის ამსახველი ჩამწერი მოწყობილობა, ნებაყოფლობით აღიჭურვა ფარული ჩამწერი აპარატურით და ითანამშრომლა - საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა მოწმე ა. ფ-სგან ქაღალდის ხელსახოცი წარწერით გადაუდებელი აუცილებლობით ამოიღეს მხოლოდ 2018 წლის 4 თებერვალს, ხოლო 2018 წლის 7 თებერვალს ფული - 1200 ლარი.

21. კასატორთა მსჯელობა არ შეესაბამება რეალობას, რადგან მართალია, მოწმე ა. ფ-იმ გამოძიებას მიმართა და გამოიკითხა 2018 წლის 1 თებერვალს, მაგრამ 2018 წლის 2 თებერვლის განჩინების საფუძველზე 2018 წლის 3 თებერვალს ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება - ა. ფ-ისა და ა. რ. ს. პ-ის შეხვედრის ვიდეო-აუდიო ჩაწერა, სწორედ მითითებულ შეხვედრისას, ანუ 2018 წლის 3 თებერვალს გადასცა ა. რ. ს. პ-მა ა. ფ-ის ქაღალდის ხელსახოცი წარწერით. აღნიშნულის შესახებ ა. ფ-იმ 2018 წლის 3-4 თებერვალს 23:20-00:55 საათების შუალედში გამოკითხვისას მიაწოდა ინფორმაცია (ა. რ. ს. პ-მა მას გადასცა მითითებული სადავო ხელსახოცი) გამოძიებას. სასამართლო ითვალისწინებს გამოკითხვის დროს და მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ხელსახოცის ამოღების გადაუდებელ აუცილებლობას - 2018 წლის 4 თებერვალს (და არა 5 თებერვალს, როგორც ამას უთითებს დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში) 01:0-01:20 საათების შუალედში. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 თებერვლის განჩინებით კანონიერად იქნა ცნობილი მითითებული ამოღება. იგივე უნდა ითქვას 1200 ლარის ამოღებაზე, კერძოდ: 2018 წლის 7 თებერვალს, 01:35-02:35 საათების შუალედში გამოკითხვისას მოწმე . ფ-იმ განმარტა, რომ ა. რ. ს. პ-თან შეხვედრისას მას გადასცეს 1200 ლარი. შესაბამისად, მითითებული თანხა მოწმისგან ამოიღეს გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე იმავე დღეს, 02:40-03:05 საათების შუალედში, რაც ასევე კანონიერად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის განჩინებით, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

შესაბამისად, კასატორის პოზიცია უსაფუძვლოა და არ შეესაბამება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებლებებს.

22. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში ასევე უთითებს, რომ 2018 წლის 9 თებერვალს მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩხრეკა ჩატარდა რესტორან ,,ნ-ში“; განჩინების თანახმად, ჩხრეკა უნდა ჩატარდეს ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ა. რ. ს. პ-ის კუთვნილ რესტორან ,,ნ-ში“ (მდებარე თ-ი, შ. დ. ქ. N-ში). კასატორთა მტკიცებით, მითითებული რესტორანი არასდროს ყოფილა ა. რ. ს. პ-ის კუთვნილებაში ან მფლობელობაში და ის რესტორანში დადიოდა როგორც რიგითი მომხმარებელი და რეალურ მესაკუთრესთან ახლოს მყოფი პირი. შესაბამისად დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა.

23. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 112-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესს, რომ საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ტარდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ჩხრეკის ან ამოღების განჩინებაში სხვა რეკვიზიტებთან ერთად აგრეთვე აღნიშნული უნდა იყოს ის უძრავ-მოძრავი ქონება, სადაც ნებადართულია საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, ხოლო ის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მას ფლობს უნდა მიეთითოს იმ შემთხვევაში თუ მისი ვინაობა ცნობილია.

24. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გამოძიების ეტაპზე მოწმეთა ჩვენებებით დგინდებოდა, რომ რესტორანი იყო მსჯავრდებულ ა. რ. ს. პ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა (დასტურდება) მითითებული ობიექტის სხვა პირის მფლობელობა.

25. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოწმეთა ჩვენებების მიუხედავად ბრალდების მხარე (შესაბამისად - განჩინების გამცემი სასამართლოც) ვალდებულია საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე ნებართვის მოპოვების შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას (შესაბამისად - შუამდგომლობის განხილვისას), დაეყრდნოს ობიექტის მესაკუთრის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მოპოვებულ ინფორმაციას. აღნიშნულის მიუხედავად, განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული უზუსტობა არ იწვევს ჩატარებული ჩხრეკის კანონიერებაში ეჭვის შეტანის საფუძველს, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 თებერვლის განჩინებაში სხვა სავალდებულო რეკვიზიტებთან ერთად მითითებულია გასაჩხრეკი ობიექტის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია - სახელწოდება და მისამართი - რაც გასაჩხრეკი ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით გამორიცხავდა მის აღრევას სხვა ობიექტში და უზრუნველყოფდა ჩხრეკის ობიექტის მკაფიოდ განსაზღვრის მიზანს; ამასთან, იგივე მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ ჩხრეკის ობიექტი თავიდან წარმოადგენდა ა. რ. ს. პ-ის საკუთრებას და შემდეგ მოხდა მისი გადაფორმება მსჯავრდებულის შვილზე; ხოლო - სადავო ჩხრეკის ოქმის თანახმად, ჩხრეკა ჩატარდა მსჯავრდებულის შვილთან.

26. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ კასატორთა მიერ საკუთარი პოზიციის დასაბუთებისთვის საკასაციო საჩივარში არასწორად არის მითითებული საქართველოს კონსტიტუციის მუხლები, ვინაიდან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას აწესრიგებს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 და არა მე-20 მუხლი.

27. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და დასაბუთებულობა, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლში მითითებული საკასაციო საჩივრის დასაშვეობის საფუძვლების არსებობა და თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით (მათ შორის: დაზარალებულისა და მოწმე ა. ფ-ის ჩვენებები, ამოღების ოქმები, ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმები, 2018 წლის 3 და 6-7 თებერვლის აუდიო და ვიდეოჩანაწერები (შესაბამისი კრებსები), ჰაბიტოსკოპიური, ვიდეო-ტექნიკური და კომპიუტერულ-ტექნიკური, ასევე ფონოსკოპიური და გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნები) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ა. რ. ს. პ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 18,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

28. კასატორთა მტკიცებით, შეუძლებელია ა.რ. ს. პ-ს მსჯავრი დაედოს მკვლელობის მომზადებისათვის შეკვეთით, ვინაიდან ა. ფ-ს დანაშაულის მოსამზადებლად არანაირი ქმედება არ განუხორციელებია, განზრახვაც კი არ ჰქონია და თავიდანვე განწყობილი იყო ა. რ. ს. პ-ის მხილებით.

29. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს იმავე საკითხზე (კვალიფიკაციაზე) გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ა. რ. ს. პ-ის საქართველოს სსკ-ის 18,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით მსჯავრდება განაპირობა.

30. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

31. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას ა. რ. ს. პ-ის უდანაშაულობის შესახებ და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ა. რ. ს. პ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 18,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

32. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

33. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განხილულ იქნა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლოების მიერ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. რ. ს. პ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ტ. კ-ისა და ჯ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ.თადუმაძე

მ. გაბინაშვილი