საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002816206
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №707აპ-21 ქ. თბილისი
ფ-ე ო, 707აპ-21 30 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივნისის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ნუგზარ ჭიტაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად:
1.1. ო, ფ-მ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 13 მაისს, ღამით, თ-ი, ბ-ა და რ-ს ქუჩების კვეთაზე მდებარე ბარ „ე-ი,“ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ო. ფ-მ და მ. ჩ-ა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ლ. თ-ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. მ. ჩ-ა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 13 მაისს, ღამით, თ-ი, ბ-ა და რ-ს ქუჩების კვეთაზე მდებარე ბარ „ე-ი,“ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მ. ჩ-ა და ო. ფ-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ლ. თ-ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 21 იანვრის განაჩენით:
2.1. ო. ფ-ე, - დაბადებული ... წლის ... ივნისს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ო. ფ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
2.2. მ. ჩ-ი, - დაბადებული ... წლის ... სექტემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5 000 ლარი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივნისის განაჩენით:
3.1. საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ნუგზარ ჭიტაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
3.2. მსჯავრდებულ მ. ჩ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. მ-ა და მ. ჩ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
3.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 21 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა და ო. ფ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
4.1. საკასაციო საჩივრის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ო. ფ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ქმედების შეფასების ნაწილში დაუსაბუთებელი, უკანონოა და არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან. მხედველობაშია მისაღები დაზარალებულის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია, კერძოდ, ლ. თ-ს უდავოდ ცნობილ გამოკითხვის ოქმში მითითებული აქვს, რომ 2017 წლის 13 მაისს, ღამით, თ-ი, ბარ ,,ე-ი“ იმყოფებოდა. მისვლიდან რამდენიმე ხანში, მან მეგობართან ერთად შენობის შიგნით განთავსებულ ბართან მისვლა გადაწყვიტა. შენობაში შესვლისას მას ო. ფ-ე თანმხლებ პირებთან ერთად შეხვდა. შეხვედრისთანავე მასა და ო. ფ-ს შორის წარმოიშვა სიტყვიერი კონფლიქტი; ამ დროს ლ. თ-მ მარცხენა მხრიდან, თვალის არეში დარტყმა იგრძნო, რასაც მოჰყვა რამდენიმე დარტყმა თავში, ზურგსა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. თავდაცვის მიზნით, მან სახეზე აიფარა ხელები. ს. ა-ა და ლ. ა-ა განმარტეს, რომ ლ-მ მათ უთხრა, რომ ო. ფ-მ და მისმა გარემოცვამ სცემა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით კი დადგენილია, რომ დაზარალებულს აღენიშნებოდა დაზიანებები. ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ლ. თ-ს მოსაცმელზე აღენიშნებოდა ხევის ნიშნის მქონე დაზიანებები.
5. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
8. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კასატორის მოთხოვნას საკასაციო საჩივრის დასაშვებობისა და ო. ფ-ს დამნაშავედ ცნობის თაობაზე ვერ გაიზიარებს, კერძოდ:
9. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოებები, რომ: 2017 წლის 13 მაისს ბრალდებული ო. ფ-ე შემთხვევის ადგილზე, ბარ ,,ე-ი“ იმყოფებოდა; რომ ო. ფ-ე, მისი თანმხლები პირები და ლ. თ-ა შელაპარაკდნენ; მაგრამ დასადგენია: ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე უშუალოდ ო. ფ-მ მიაყენა თუ არა ლ. თ-ს ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
10. საკასაციო პალატა უთითებს, რომ წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით, ქმედების შემადგენლობის (ცემის) დასადასტურებლად მნიშვნელოვანია შეფასდეს: დაზარალებულ ლ. თ-ს უდავოდ ცნობილი გამოკითხვის ოქმი, იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც შემთხვევის ადგილას თან ახლდნენ დაზარალებულსა და ბრალდებულს, აგრეთვე სხვა მოწმეების (მათ შორის - ბარ ,,ე-ს“ თანამშრომლების) ჩვენებებისა და ვიდეოჩანაწერების შინაარსი.
11. დაზარალებულ ლ. თ-ს მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია:
დაზარალებულ ლ. თ-ს გამოკითხვის ოქმის თანახმად (უდავოდ ცნობილი, ტ. I, ს.ფ 9-20), როდესაც ბარ ,,ე-ი“ შევიდა, იყო 13 მაისი, დაახლოებით 01:30 საათი. სუფრასთან ყოფნის დროს ლ. ა-ა (მეგობარმა) შესთავაზა ბართან მისვლა. კარიდან დაახლოებით 3-4 მეტრში მას შეხვდა ო. ფ-ე თანმხლებ პირებთან ერთად. ო. ფ-ს ახლდა 5-6 ადამიანი, რომლებსაც არ იცნობდა. ისინი მიესალმნენ ერთმანეთს, რის შემდეგაც ო. ფ-მ აგრესიული ტონით მიმართა: „შენ, ბიჭო, მოდი აქ,“ რასაც მოჰყვა სიტყვები: „შენ რა კომპრებს აგროვებ ჩემზე, ვადის გასვლის შემდეგ როგორ აპირებ ცხოვრების გაგრძელებას.“ ლ. თ-მ უპასუხა, რომ არ დალაპარაკებოდა ამ ტონალობაში. საუბარში ჩაერთო ო. ფ-ს გვერდით მდგომი პირი (რომელიც, როგორც შემდეგ მისთვის გახდა ცნობილი, იყო მ. ჩ-ი), რომელმაც მიმართა: „ვის ებლატავები ბიჭო, უპასუხე კითხვაზე.“ ამ დროს მარცხენა მხრიდან, მარცხენა თვალის არეში ლ. თ-მ იგრძნო დარტყმა, რასაც მოჰყვა რამდენიმე დარტყმა თავის არეში, ასევე - ზურგის არესა და სხეულზე, რა დროსაც, თავდაცვის მიზნით, სახეზე აიფარა ხელები. მიუხედავად ამისა, ერთ-ერთი მოქნეული ხელი მოხვდა ტუჩის არეში, რამაც გამოიწვია ტუჩის შიდა მხარეს კანის გახეთქვა; აღნიშნული დარტყმა მოხდა ქვემოდან. რაღაც მომენტში შეწყდა ცემა, რის შემდეგაც ეს ადამიანები გაიქცნენ.
გამოკითხვისას ლ. თ-მ გამომძიებლის დამატებით შეკითხვებზე განმარტა, რომ ფიზიკური ტკივილი განიცადა პირველი დარტყმის დროს (თვალში), შემდეგი დარტყმის დროს - თავში (უკნიდან) და ტუჩის არეში. მოწმის მოსაზრებით, მარცხენა თვალის არეში (ე.ი პირველად) დაარტყა მ. ჩ-ა. მასზე ფიქრობს იმიტომ, რომ მ. ჩ-ი იყო აგრესიული. უშუალოდ ხელის მოქნევა არ დაუნახავს. იგრძნო მხოლოდ დარტყმა მარცხენა თვალის არეში. მოწმის წინ იდგა ო. ფ-ე, მის გვერდით მარჯვენა მხარეს კი - მ. ჩ-ი, ხოლო მ-ს მარჯვნივ - უცნობი პირი. ლ. თ-მ ვერ მიუთითა, თუ ვინ დაარტყა თავისა (ე.ი მეორე დარტყმა) და ტუჩის არეში, რადგან ვერ დაინახა.
საკასაციო პალატა, აღნიშნავს, რომ ზემოხსენებულ გამოკითხვის ოქმში, რომელიც პირდაპირი სახის მტკიცებულებაა, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული ასახელებს კონკრეტულ ადგილებს, სადაც მას დაარტყეს (მარცხენა თვალის არე, თავი, ზურგი, სხეული, ტუჩი), არსად უთითებს, რომ ო. ფ-მ მას დაარტყა, ან თუნდაც, ფიზიკურად შეეხო.
დაზარალებულის გამოკითხვის ოქმთან დაკავშირებით საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებს: ლ. თ-ა აღნიშნავს, რომ მას მომხდარი ფაქტის დროს გონება არ დაუკარგავს და ყველაფერი ახსოვს კარგად. ფიზიკური შეურაცხყოფის ნაწილში (მარცხენა თვალის არე) ასახელებს მხოლოდ მ. ჩ-ს და დამატებით ხსნის, თუ რატომ ფიქრობს, რომ უშუალოდ მან დაარტყა. მართალია, ლ. თ-ა მიუთითებს სხეულის სხვა ნაწილებში დარტყმაზეც, მაგრამ ზოგიერთ მათგანზე, როგორც აღინიშნა, მან ვერ დაინახა, თუ ვინ დაარტყა, ხოლო ზოგიერთზე კი საერთოდ არ მიუთითა, თუ ვინ ჩაიდინა აღნიშნული ქმედება. ამდენად, ლ. თ-ა ო. ფ-ს ახსენებს მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკების ნაწილში.
საკასაციო პალატისათვის გაუგებარია, საკმაოდ ვრცელ გამოკითხვის ოქმში რატომ არ უთითებს ლ. თ-ა ო. ფ-ს მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების თაობაზე, ასეთის რეალურად არსებობის შემთხვევაში, მაშინ, როდესაც მეორე ბრალდებულთან მიმართებით კონკრეტულად უთითებს როგორც ადგილს, სადაც მას დაარტყა, ასევე ხსნის, თუ რატომ მიიჩნია, რომ ფიზიკური ზიანის მიმყენებელი სწორედ მ. ჩ-ი იყო. საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას მიაქცევს აგრეთვე იმ გარემოებას, რომ როგორც ლ. თ-მ თავადვე დააზუსტა, ფიზიკური ტკივილი (რომლის არსებობაც აუცილებელია ქმედების საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირებისათვის) მან განიცადა პირველი დარტყმის დროს (თვალში), შემდეგი დარტყმის დროს - თავში (უკნიდან) და ტუჩის არეში. მისი მოსაზრებით, მარცხენა თვალის არეში (ე.ი პირველად) დაარტყა მ. ჩ-ა, ხოლო თავსა და ტუჩის არეში - ვერ დაინახა. აქვე აღსანიშნავია, რომ მ. ჩ-ი პირველმა და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა დამნაშავედ ცნეს 2017 წლის 13 მაისს ბარ ,,ე-ი“ ლ. თ-ს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისათვის.
ამდენად, დაზარალებულ ლ. თ-ს გამოკითხვის ოქმი არ წარმოადგენს ო. ფ-ს ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებას. მისი მეშვეობით ო, ფ-ს ნაწილში დგინდება მხოლოდ ბრალდებულის შემთხვევის ადგილზე ყოფნა და მისი ლ. თ-ნ სიტყვიერი შელაპარაკების ფაქტი.
საკასაციო პალატა აგრეთვე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ როგორც პატრულ-ინსპექტორების - გ. ლ-ა და ა. ხ-ს ჩვენებებით არის დადგენილი, როდესაც მოთხოვნილ მისამართზე გამოცხადდნენ, ლ. თ-ს სახეზე ცემის კვალი აღენიშნებოდა; მიუხედავად რამდენჯერმე კითხვისა, თუ რა ვითარებაში და ვინ მიაყენა დაზიანება, დაზარალებული ადასტურებდა ჩხუბის ფაქტს, თუმცა არ ასახელებდა ინციდენტში მონაწილე პირებს და ამბობდა, რომ უცნობმა ადამიანებმა სცემეს. პატრულ-ინსპექტორის სამხრეკამერის ჩანაწერის მიხედვით, ლ. თ-ა არ აცხადებს შეურაცხმყოფელ პირთა ვინაობას. ო. ფ-ე მითითებული არ არის პოლიციის მიერ შედგენილ რეაგირების ოქმშიც (მისი შინაარსის სიზუსტეს ხელმოწერით ადასტურებენ ლ. თ-ა და მისი მეუღლე მ. ი-ი).
12. პირთა ჩვენებები, რომლებიც შემთხვევის დღეს თან ახლდნენ ლ. თ-ს:
რაც შეეხება იმ პირთა ჩვენებებს, რომლებიც შემთხვევის დღეს თან ახლდნენ დაზარალებულს, საკასაციო პალატა უთითებს, რომ მათი შინაარსი აგრეთვე ვერ ადასტურებს ო. ფ-ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. გამოკითხვის ოქმებში, რომლებიც მხარეებმა უდავოდ ცნეს, ლ. ა-ი და ს. ა-ი უთითებენ, რომ 2017 წლის 13 მაისს, ლ. თ-ნ, სხვა მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან ერთად იყვნენ ბარ ,,ე-ი.“ მათ დაინახეს ლ. თ-ს ცემის ფაქტი, მაგრამ ლ. ა-ა ვერ დაინახა იმ პირთა სახეები, რომლებიც ლ-ს სცემდნენ, ხოლო ს. ა-ა კი მიუთითა, რომ არ იცნობდა იმ პირებს, რომლებიც ლ-ს ურტყამდნენ. ლ. ა-ს შეკითხვაზე - თუ ვინ დაესხა თავს, ლ-მ უპასუხა, რომ - ო. ფ-ე და მისი გარემოცვა, ხოლო ს. ა-ა კი მიუთითა, რომ იგი შემთხვევის დღეს ესაუბრა ლ. თ-ს, რომელმაც უთხრა, რომ ერთ-ერთი პირი, ვინც მას სცემდა, იყო ო. ფ-ე. რაც შეეხება ს. და ლ. ა-ს დედას, მ. ბ-ს, რომელიც შემთხვევის დღეს აგრეთვე ბარ „ე-ი“ იმყოფებოდა, მას უშუალოდ არ დაუნახავს ლ. თ-ს ცემის ფაქტი. გარეთ კონფლიქტი არ დაუნახავს მოწმე გ. დ-ც (უდავო მტკიცებულება), რომელიც შემთხვევის დღეს „ე-ი“ ს. ა-სა და მის მეგობრებთან (მათ შორის - ლ. თ-ნ) ერთად იმყოფებოდა.
ამდენად, ლ. ა-ა და ს. ა-ს უდავოდ ცნობილი გამოკითხვის ოქმებში ასახული ინფორმაცია (ო. ფ-ს მითითების ნაწილში) წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, ვინაიდან იგი ეფუძნება ლ. თ-ს მიერ გაცხადებულ ინფორმაციას; ირიბი ჩვენების შეფასებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N1/1/548 გადაწყვეტილებაზე (საქმეზე ,,ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,“ II-52 პარ.), რომელშიც მითითებულია, რომ ,,ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით.“
შესაბამისად, მოცემული ჩვენებები ვერ გახდება ო. ფ-ს დამნაშავედ ცნობის საფუძველი.
გამოძიების სტადიაზე ლ. თ-ა გამოიკითხა მოწმის სახით, რა დროსაც მან არ მიუთითა ო. ფ-ე, როგორც დანაშაულის (საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი) ჩამდენ პირზე. აღნიშნული გამოკითხვის ოქმი მხარეებმა ცნეს უდავოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა უმრავლესობა უდავოდ იქნა ცნობილი, არ დაკითხულა დაზარალებული ლ. თ-ა, ხოლო მისი გამოკითხვის ოქმში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გამოკვლევის გარეშე მიიღო სასამართლომ, როგორც პრეიუდიცია.
ამდენად, იმ პირთა ჩვენებებით, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ დაზარალებულთან ერთად, აგრეთვე ვერ დასტურდება ო. ფ-ს მიერ ბარალად შერაცხული ქმედების ჩადენის ფაქტი.
13. პირთა ჩვენებები, რომლებიც შემთხვევის დღეს თან ახლდნენ ო. ფ-ს:
ბრალდებულის მხრიდან არსებულ მოწმეთაგან საკასაციო პალატა მიუთითებს ო. ფ-ს მეუღლის - ე. ჩ-ა და მისი პირადი დაცვის წევრის - ვ. ბ-ს ჩვენებებზე, კერძოდ:
მოწმე ვ. ბ-ს ჩვენების მიხედვით, მას ხელშეკრულების საფუძველზე, სამსახურებრივად ევალებოდა ო. ფ-ს დაცვა და პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. 2017 წლის 12 მაისს, ღამით, ო. ფ-ნ, მის მეუღლესთან - ე. ჩ-სა და მეგობარ მ. ჩ-ნ ერთად იმყოფებოდა ბარ-რესტორან „ე-ი.“ დაწესებულების დატოვებისას, გასასვლელში შეხვდათ ლ. თ-ა, არაფხიზელ მდგომარეობაში. მისალმების შემდეგ ლ. თ-ა შენობიდან გამომავალ ო. ფ-ს გაჰყვა სასაუბროდ. მოწმე ამ დროს იდგა მათგან დაახლოებით ერთ მეტრში. ლ. თ-მ, რომელიც იქცეოდა აგრესიულად, ო. ფ-ს თავი მიადო შუბლზე. მოწმემ, დასაცავი ობიექტის უსაფრთხოების მიზნით, გადაწყვიტა სიტუაციაში ჩართვა. პარალელურად მ. ჩ-ა სცადა ლ. თ-ს გარკვეულ დისტანციაზე გაწევა. ვ. ბ-ს განმარტებით, ლ. თ-ს არ ესიამოვნა მ. ჩ-ს ქცევა და დაიწყო მუშტების ქნევა. ლ. თ-ს ხელი მოხვდა მ. ჩ-ს თავის არეში. მოწმემ განაცხადა, რომ ო. ფ-ს უსაფრთხოების მიზნით, გამოიყენა მისთვის დელეგირებული პროპორციული ფიზიკური ძალა და ხელი ჰკრა ლ. თ-ს.
უდავოდ მიჩნეული მოწმე ე. ჩ-ს გამოკითხვის ოქმის მიხედვით, დაახლოებით ღამის 02:00 საათზე გადაწყვიტეს ,,ე-ს“ დატოვება. გასასვლელში შეხვდათ ლ. თ-ა, რომელიც მიესალმა ო. ფ-ს და დააპირა მისი გადაკოცნა. მას ეტყობოდა, რომ არ იყო ფხიზელი, ამიტომ ო. ფ-მ გადაკოცნისგან თავი შეიკავა, რამაც ლ. თ-ს უკმაყოფილება გამოიწვია. ლ. თ-ს არ მოეწონა ო. ფ-ს მისალმების ფორმა; ამ უკანასკნელმა სცადა მისი დამშვიდება და უთხრა, რომ ჩვეულებრივად მიესალმა. ასეთ პასუხზე ლ. თ-ა კიდევ უფრო აგრესიული გახდა. ამ დროს ატყდა ჩოჩქოლი. მოწმემ დაინახა, რომ ვ. ბ-ი ცდილობდა ლ. თ-ს შეკავებას. ბარის დაცვის თანამშრომლებმაც მიირბინეს და სიტუაცია მალევე განიმუხტა.
ამდენად, ე. ჩ-ი და ვ. ბ-ი არ უარყოფენ ლ. თ-ა და ო. ფ-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკების ფაქტს, თუმცა, მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებული თავად იყო აგრესიული და საბოლოოდ, ეს ვითარება გადაიზარდა ჩოჩქოლში. ამ მხრივ, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს დ. ჭ-ს (პირობითად, შესაძლოა, ეწოდოს ნეიტრალური მოწმე, ვინაიდან იგი არცერთ მხარეს არ ახლდა) ჩვენებას, საიდანაც ირკვევა, რომ იგი მუშაობდა კლუბ „ი-ს“ დაცვის სამსახურში, რომელიც „ე-ს“ გვერდით მდებარეობს. მან უშუალოდ დაინახა ბრალდებულსა და ლ. თ-ს შორის საუბარი, კერძოდ, 2017 წლის 13 მაისს, გვიან ღამით, კლუბის ტერიტორიაზე, დაახლოებით 4-5 მეტრის მოშორებით, შენიშნა ო. ფ-ე და ლ. თ-ა, რომელიც დაძაბული სახით და ხელებით ესაუბრებოდა ო. ფ-ს. მოწმე თვალს ადევნებდა ლ. თ-ს აგრესიულ ჟესტებს; დაინახა, რომ უცებ ლ. თ-მ მოიქნია ხელი, რომელიც მოხვდა თუ არა ვინმეს, არ იცის. ჩოჩქოლი გაგრძელდა რამდენიმე წამს. ამასთან, მოწმეს არ დაუნახავს, ლ. თ-ს მოქნეულ ხელს მოჰყვა თუ არა ო. ფ-ს საპასუხო ფიზიკური რეაქცია.
14. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები:
ბარ „ე-ს“ კლიენტის - გ. გ-ს, მისი დირექტორის - ი. კ-ს, ადმინისტრატორ ვ. გ-ა და ბარის პერსონალის: გ. გ-ს, ს. ხ-ს, მ. კ-ს, ე. კ-ს, ა. ც-ა და თ. დ-ს უდავოდ ცნობილი გამოკითხვის ოქმებით აგრეთვე არ არის დადასტურებული ო. ფ-ს მიერ ლ. თ-ს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. ანალოგიურად, არ დასტურდება ბრალდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის ჩადენა „ე-ს“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის - ვ. გ-ა და უსაფრთხოების თანამშრომლების უდავოდ ცნობილი გამოკითხვის ოქმებით.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში აგრეთვე წარმოდგენილია სამედიცინო, ტრასოლოგიური და ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები:
სამედიცინო ექსპერტიზის №.... დასკვნაში მითითებულია: ლ. თ-ს დასმულ დიაგნოზსა და ფიზიკურ დაზიანებებზე, რომლებიც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
ტრასოლოგიური ექსპერტიზის №.... დასკვნის მიხედვით, ფუთაში წარწერით: ,,ტანსაცმელი...ლ. თ-ა,“ მოთავსებული ტანსაცმლიდან (მოსაცმელი, მაისური) მოსაცმელს აღენიშნება: როგორც ხევის ნიშნების მქონე, ასევე საკერავი ძაფების გაწყვეტის შედეგად განვითარებული დაზიანებები და ზედაპირული ხასიათის ბზინვადი კვლები, რომელთა მორფოლოგია განაპირობებს მათი ექსპლუატაციით განვითარების შესაძლებლობას. მაისურს დაზიანება არ აღენიშნება.
მართალია, ზემოაღნიშნული ექსპერტიზის (სამედიცინო, ტრასოლოგიური) დასკვნებით დადასტურებულია ლ. თ-ს ფიზიკური დაზიანებისა და ტანსაცმლის დაზიანების ფაქტი, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, მათი ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად მიჩნევისათვის უპირველესად უნდა დგინდებოდეს, რომ მიყენებული დაზიანება წარმოადგენს უშუალოდ ბრალდებულის ქმედების შედეგს, რაც ამ შემთხვევაში, როგორც ზევით აღინიშნა, საქმის მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილი არ არის.
ვიდეო და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის №....დასკვნის თანახმად:
გამოსაკვლევად წარმოდგენილ CD დისკსა და DVD დისკზე არსებული ვიდეოჩანაწერი ექვემდებარება აღწარმოებასა და ვარგისია კვლევისათვის;
გამოსაკვლევად წარმოდგენილ CD დისკსა და DVD დისკზე არსებული ვიდეოჩანაწერი ვარგისია ვიზუალური კვლევისათვის;
გამოსაკვლევად წარმოდგენილ CD დისკსა და DVD დისკზე არსებულ ვიდეოჩანაწერებზე ჩატარებული კვლევების შედეგად მონტაჟის ნიშნები არ გამოვლინდა.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილ CD დისკსა და DVD დისკზე არსებულ ჩანაწერებში დაფიქსირებული პირების გამოსახულება არ არის ვარგისი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის.
DVD-R დისკზე არსებულ ჩანაწერზე, კადრის მარცხენა მხარეს, 02:17:36 საათზე ზურგით მდგომი პირი იქნევს ხელს, რომელიც არ არის მიმართული მის მოპირდაპირედ მდგარი პირისაკენ და შესაბამისად, არც ხვდება მას სახის არეში, ხოლო ვიდეოჩანაწერის გარჩევადობისა და გადაღების რაკურსის გათვალისწინებით, შეუძლებელია, დადგინდეს, ხვდება თუ არა პირს სხეულის სხვა რომელიმე მიდამოში მის მოპირდაპირედ, კადრში ზურგით მდგომი პირის მიერ მოქნეული ხელი.
პირველი ხელის მოქნევის შემდგომ ზურგით მდგომი პირის გვერდით მყოფი პირი იქნევს ხელს მის წინ მდგომი პირის მიმართულებით, მაგრამ ვიდეოჩანაწერის გარჩევადობისა და გადაღების რაკურსის გათვალისწინებით, შეუძლებელია, დადგინდეს, ხვდება თუ არა აღნიშნული მოქნეული ხელი ამ პირს. ამის შემდგომ წინ მდგომი პირი მიმართავს ხელს კადრში ზურგით მდგომი პირისაკენ, თუმცა კადრის დაბალი რეზოლუციისა და გარჩევადობის გამო, ასევე შეუძლებელია, განისაზღვროს მოქნეული ხელი ხვდება თუ არა ვინმეს. შემდეგ აღწერილ დაპირისპირებაში ერთვება მეოთხე პირი, რომელიც დგას წინ მდგომი პირის მარცხნივ და მიმართავს ხელს წინ მდგომი პირის სახის მიმართულებით, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ კადრის მოცემულ მონაკვეთზე გამოსახულება არის დაბალი რეზოლუციისა და გარჩევადობის, შეუძლებელია, განისაზღვროს კადრში დაფიქსირებული მოქნეული ხელი ხვდება თუ არა პირს. აღნიშნული მომენტიდან დაპირისპირებული პირები გადაადგილდებიან მარცხნივ და გადიან კადრიდან.
CD-R დისკზე არსებულ ჩანაწერზე, კადრის მარცხენა მხარეს 02:25:24 საათზე კადრისაკენ სახით მდგომი პირი, ასევე, მის გვერდით მდგომი და მის მოპირდაპირედ მდგომი პირი იქნევენ თუ არა ხელს, შეუძლებელია განისაზღვროს, ჩანაწერის დაბალი ხარისხისა და გარჩევადობის გამო.
საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების შეფასებას ვიდეოჩანაწერის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოჩანაწერი ამ შემთხვევაში წარმოადგენს ბრალის ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მნიშვნელოვან მტკიცებულებას, მასში დაფიქსირებულ პირთა გამოსახულება იდენტიფიკაციისათვის ვარგისი არ არის (ექსპერტიზის დასკვნითი ნაწილის მე-4 პუნქტი); ვიდეოჩანაწერის გარჩევადობისა და გადაღების რაკურსის გამო, აგრეთვე შეუძლებელია კადრში დაფიქსირებული მოქნეული ხელის მოხვედრის შეფასებაც (ექსპერტიზის დასკვნითი ნაწილის მე-5 (1), 6 (2) პუნქტები).
15. ამასთან, საკასაციო პალატა გვერდს არ აუვლის დაზარალებულ ლ. თ-ს მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ პოზიციებს ბრალდებულის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობასა და სასამართლო სხდომის გადადებასთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლოს მოცემული სისხლის სამართლის საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, თავის მხრივ, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. დაზარალებული აგრეთვე უთითებს, რომ მისი პოზიცია მხოლოდ გამოძიებაში ქალა-ტვინის დახურული ტრავმის დროს მიცემულ ჩვენებაშია დაფიქსირებული; რეალურად კი, ო. ფ-მ მასზე ფიზიკურად სხვებთან ერთად იძალადა. ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გამახვილებულ აქცენტთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს 2017 წლის 14 მაისის ოქმს (ტ. I, ს.ფ. 4), რომლის მიხედვითაც, ლ. თ-ს ექიმი განმარტავს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და აცხადებს თანხმობას გამოკითხვაზე. ამასთან, როდესაც ლ. თ-მ გამოკითხვისას თავი შეუძლოდ იგრძნო, გამოკითხვა შეჩერდა და გაგრძელდა 2017 წლის 16 მაისს. რაც შეეხება უშუალოდ გამოკითხვის ოქმის შინაარსის შეფასებას, საკასაციო სასამართლომ მოცემულზე უკვე იმსჯელა.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მასალები: დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი, პატრულ-ინსპექტორებისათვის მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, სამხრეკამერის ჩანაწერი, იმ პირთა ჩვენებები, რომლებიც შემთხვევის დღეს იმყოფებოდნენ ბარ ,,ე-ი“ და რომლებიც თან ახლდნენ ლ. თ-ა და ო. ფ-ს, ასევე ექსპერტიზის დასკვნები და მიაჩნია, რომ ხსენებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ მიუთითებს ო. ფ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაზე.
17. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით; აღნიშნული სტანდარტი უნდა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმფციიდან (,,ულკუ ეკინჯი თურთქეთის წინააღმდეგ,“ (Ülkü Ekinci v. Turkey), N27602/95, 16/07/2002, §142). ვინაიდან ამ შემთხვევაში ბრალდების მხარეს/კასატორს არ წარმოუდგენია მყარი, ზუსტი და თანმხვედრი მტკიცებულებების ერთობლიობა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ნუგზარ ჭიტაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე