საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 28.12.2021
საქმის ნომერი
2კ-903აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.12.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002607124

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№903აპ-19 ქ. თბილისი

კ. ზ., 903აპ-19 28 დეკემბერი, 2021წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 9 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. კ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. მ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ზ. კ.მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. მ-მ, რომლებიც ითხოვენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო, რადგან სასამართლომ მართებულად არ განმარტა კანონი და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა. ზ. კ-ს ქმედება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით და არ წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით დასჯად ქმედებას. კასატორები სადავოდ არ ხდიან სააპელაციო სასამართლოს მიერ უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ზ. კ-მ გდაწყვეტილებაში მითითებულ დროსა და ადგილას ნამდვილად წარმოთქვა სადავო სიტყვები: ,,ყ...ზე მკიდია მოსამართლე“, რომელიც იყო შეურაცხმყოფელი, მაგრამ არ ეთანხმებიან სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული ქმედების სამართლებრივ შეფასებას, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ სასამართლოს სასადილოში წარმოთქმულ ფრაზას არ შეუქმნია რეალური საფრთხე სასამართლოს მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობისათვის და არ შეუშლია ხელი მართლმსაჯულების ეფექტური განხორციელებისათვის. შესაბამისად, არ იკვეთება სასამართლო ხელისუფლების იმ ინტერესთა დაცვის აუცილებლობა, რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლად ასახელებს. ერთი კონკრეტული მოსამართლის, როგორც სასამართლო ხელისუფლების და არა როგორც ადამიანის, პატივისა და ღირსების დაცვა არ არის სისხლის სამართლის კანონმდებლობის დაცვის ობიექტი. იმ შემთხვევაში, თუკი მსჯავრდებულის ქმედებამ გამოიწვია მოსამართლის პატივისა და ღირსების შელახვა და არა იმ ინტერესების დაზიანება, რომელსაც კონსტიტუცია სასამართლო ხელისუფლების დასაცავად გამოხატვის შეზღუდვის საფუძვლად აცხადებს, საკითხი გადადის „სხვათა უფლებების“ ნაწილში, გამოდის სისხლის სამართლით დაცული სფეროდან და ინტერესთა დაბალანსების საკითხს მიანდობს სხვა ნორმატიულ სივრცეს. სასამართლოს ავტორიტეტი შესაძლოა, მრავალგვარი გამოხატვის შემთხვევაში დაზიანდეს, თუმცა სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებით მისი შეზღუდვა მხოლოდ მაშინაა გამართლებული, როდესაც გამოხატვა რეალურ საფრთხეს უქმნის მოსამართლის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას, მართლმსაჯულების ეფექტურ და ჯეროვან განხორციელებას. ზ. კ.ს გამოხატვას კი არ შეუქმნია საფრთხე მართლმსაჯულების ეფექტური და ჯეროვანი განხორციელებისათვის, შესაბამისად - სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისათვის.

2. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქეთევან გურაშვილმა საკასაციო შესაგებლით ითხოვა, არ დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი, რომელიც კანონიერია, რადგან ზ. კ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. უტყუარად დადგენილია, რომ ზ. კ-მ მოსამართლის შეურაცხმყოფელი ფრაზა წარმოთქვა არა პირად საუბარში, ახლობელ ადამიანთა წრეში, არამედ – სასამართლოს შენობაში, სადაც სასამართლოს მომხმარებლები, თანამშრომლები და სხვა პირები იყვნენ, ასევე ვიდეოკამერებისა და სახელმწიფოს წარმომადგენლების - პატრულ-ინსპექტორების წინაშე, მათი მრავალჯერადი ლეგიტიმური მოთხოვნის პასუხად.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 აგვისტოს განაჩენით ზ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. კ-მ ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფაში, კერძოდ:

4.1. 20.. წლის .. ივნისს, შუადღის საათებში, თ-ში, დ. ა-ს ხეივნის მე-.. კილომეტრზე მდებარე ... სასამართლოში, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლ. თ. იხილავდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ზ. კ-სა და სხვათა მიმართ, რომელზეც ადვოკატების მოთხოვნით 14:00-დან 15:00 საათამდე გამოცხადდა შესვენება. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ზ. კ. არ გაუთავისუფლებია დაკავებიდან, იგი გავიდა სხდომის დარბაზიდან და თვითნებურად ჩავიდა ამავე სასამართლოს ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე არსებულ სასადილოში. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ სასადილოში შევიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და ზ. კ-ს, რომელსაც უკვე დასრულებული ჰქონდა სადილი, მოსთხოვეს სხდომის დარბაზში დაბრუნება, ამავდროულად განუმარტეს, რომ მოსამართლე ლ. თ-ს უნდა გაეგრძელებინა პროცესი, რისთვისაც აუცილებელი იყო სხდომის დარბაზისა და მონაწილე პირთა მზადყოფნა. ზ. კ. არ დაემორჩილა სამართალდამცავთა მოწოდებას, განაცხადა, რომ იგი 15:00 საათამდე იყო გათავისუფლებული სხდომიდან, უარი განაცხადა სხდომის დარბაზში დაბრუნებაზე და უცენზურო ფრაზებით მოიხსენია მოსამართლე, რითაც გამოხატა სასამართლოსადმი აშკარა უპატივცემულობა. საბოლოოდ ზ. კ. პოლიციის მუშაკებმა იძულების პროპორციული ზომის გამოყენებით მიიყვანეს სასამართლო სხდომის დარბაზში.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ზ. კ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. მ-მ, რომლებიც ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: საკასაციო საჩივრის დაშვების წინაპირობად კასატორები უთითებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებზე და მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმე არ მოიცავს იმგვარ სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (იხ.: მაგალითად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №373აპ-18; 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე №566აპ-17; 2018 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე №641აპ-17 და 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე №504აპ-15), რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება.

10. საკასაციო სასამართლო შენიშნავს, რომ კასატორების საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში და მიუთითებს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).

11. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორების არგუმენტებს, რომელთა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა ზ. კ-ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან: დაზარალებულ ლ. თა-ს, მოწმეების - მ. გ-ს, ლ/ წ-ს, გ. ც-ს, დ. ხ-ს, ზ. ნ-ს, გ. გ-ს, გ. რ-ს, ი. ჯ-ს, ი. გ-ს, დ. თ-ს, ი. ბ-ს, ე. ლ-ს, გ. შა-ს, გ. ნ-ს, თ. კ-ს, ა. ნ-ს, ე. ლ-ს, ლ. ფ-ს, ვ. ს-ს, შ. ბ-სა და ა. ო-ს ჩვენებებიდან, ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზების დასკვნებიდან და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიდან, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საკასაციო სასამართლოც უტყუარად დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ზ. კ-მ 2018 წლის 11 ივნისს, ... ყოფნისას, სამართალდამცავების მითითების - დაბრუნებულიყო სასამართლო სხდომის დარბაზში, რათა გაგრძელებულიყო პროცესი – პასუხად უცენზუროდ მოიხსენია თავისი საქმის განმხილველი მოსამართლე ლ. თ.

13. მხარეებს შორის დავის საგნად არის ქცეული, მსჯავრდებულის მიერ წარმოთქმული ფრაზა - ,,ყ...ზე მკიდია მოსამართლე“ – დაცულია თუ არა გამოხატვის თავისუფლებით, რაც დადებით შემთხვევაში გამორიცხავს ზ. კ-ს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, როგორც ამას კასატორები ამტკიცებენ, თუ მის ქმედებაში გამოკვეთილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - სასამართლოს უპატივცემულობის, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფაში - შემადგენლობა, რომლის ჩადენასაც ბრალდების მხარე ედავება ზ. კ-ს.

14. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

15. ,,გამოხატვის თავისუფლებამ არ უნდა ხელყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, რომელიც მართლმსაჯულების განხორციელების საფუძველია. გამოხატვის ძირითადი უფლების შეზღუდვა გაუმართლებელი იქნება, თუკი ამ უფლების განხორციელებით საფრთხე შეექმნება სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას. არცერთი სხვა კერძო თუ საჯარო ინტერესი არ ახდენს ისეთ ძლიერ გავლენას გამოხატვის თავისუფლებაზე, როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ინტერესი. ეს განპირობებულია იმითაც, რომ სასამართლო წარმოადგენს როგორც გამოხატვის თავისუფლებაში, ისე სხვა ძირითად უფლებებში ჩარევის კონსტიტუციურობის შეფასების მსაჯულს. თუ არ იქნება სასამართლო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, ძირითადი უფლებების განხორციელება შეიძლება ეჭვის ქვეშ დადგეს“ (იხ.: ავტორები: ირაკლი ბურდული, ევა გოცირიძე, თინათინ ერქვანია, ბესარიონ ზოიძე, ლევან იზორია, ირაკლი კობახიძე, არჩილ ლორია, ზურაბ მაჭარაძე, მერაბ ტურავა, ანა ფირცხალაშვილი, იაკობ ფუტკარაძე, ბექა ქანთარია, დავით წერეთელი, სანდრო ჯორბენაძე, „საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი. თავი მეორე. საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი”, გამომცემლობა შპს „პეტიტი”, თბილისი, 2013, გვ. 277-278).

16. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტით - ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ისინი განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან ღირსების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ანდა სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

17. ფრაზა „სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტი“ მოიცავს იმ მცნებას, რომ სასამართლოები არიან და საზოგადოების მიერ ზოგადად მიიჩნევიან, როგორც სათანადო ორგანოები სამართლებრივი დავების გადასაჭრელად და ადამიანის ბრალეულობის ან უდანაშაულობის შესახებ გადაწყვეტილების მიმღებად სისხლის სამართლის საქმეებზე; აქ ასევე იგულისხმება საზოგადოების მხრიდან პატივისცემის მაღალი ხარისხი და რწმენა, რომ სასამართლოს შესწევს ამ ფუნქციის შესრულების უნარი. საქმე ეხება ნდობას, რომელიც სასამართლოებმა დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა აღძრან არა მხოლოდ ბრალდებულში სისხლის სამართალწარმოებისას, არამედ ფართო საზოგადოებაშიც (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Morice v. France, no. 29369/10, [GC], §129-130, 23/04/2015).

18. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით დასჯადია - სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა - იგივე ქმედება, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფაში.

19. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილთან მიმართებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა: ,,დასახელებული ნორმით კრიმინალიზებული ქმედებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება ემსახურება მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის პრევენციას. ... მართლმსაჯულების განხორციელებას დემოკრატიულ საზოგადოებაში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების ხელშეშლამ შესაძლოა, დააზიანოს როგორც კერძო, ისე საჯარო ინტერესები (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის №1/6/1394 საოქმო ჩანაწერი საქმეზე ,,ზ. კ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქმედითი მართლმსაჯულება წარმოუდგენელია სასამართლოს შენობაში სამართალწარმოების ნებისმიერი მონაწილის და მითუფრო - მიმდინარე დავის განმხილველი მოსამართლის შეურაცხყოფის კვალდაკვალ. სასამართლოში სამართალწარმოებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფა ხელს უშლის სასამართლოს წნეხისაგან თავისუფალ გარემოში ფუნქციონირებას, აზიანებს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ მართლმსაჯულებას და ხელყოფს სამართალწარმოების მონაწილის ღირსებას. დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელებისათვის აუცილებელია, რომ მართლმსაჯულების მონაწილეებს, რომლებიც წარსდგებიან სასამართლოს წინაშე, არ შეექმნათ დამთრგუნველი და შეურაცხმყოფელი გარემო, რომელიც, ერთი მხრივ, დააკნინებს სასამართლოს, როგორც მართლმსაჯულების აღმასრულებლის ავტორიტეტს, ხოლო, მეორე მხრივ, წაახალისებს დავების სასამართლო განხილვებს მიღმა მოგვარების ტენდენციას.

21. სასამართლოს უპატივცემულობა შესაძლებელია, გამოიხატოს არა მარტო მოსამართლის, არამედ - მხარეების, დაზარალებულების, ექსპერტების, სპეციალისტების, მოწმეებისა და სამართალწარმოების სხვა მონაწილეების შეურაცხყოფაში, მაგრამ სწორედ მათი ფუნქციური დანიშნულების მხედველობაში მიღებითა და ქმედითი მართლმსაჯულების განხორციელებაში მათი განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქმეზე გადაწყვეტილების მიმღები - მოსამართლის, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრისა და მსაჯულის მიმართ გამოხატული შეურაცხყოფა მიიჩნია კანონმდებელმა სწორედ ამ დანაშაულისათვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად. მხოლოდ ავტორიტეტულ სასამართლოს შესწევს უნარი, მიიღოს დამოუკიდებელი და მოუკერძოებელი გადაწყვეტილებები, რომლებსაც მაღალი ხარისხის სანდოობა ექნება, როგორც მხარეების, ასევე - ფართო საზოგადოების თვალში.

22. კასატორები თანხმდებიან, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა გამართლებულია, თუ იგი ემსახურება კანონით დადგენილ რომელიმე ლეგიტიმურ მიზანს, მათ შორის – სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის განხორციელებას, თუმცა მიიჩნევენ, რომ ზ. კ-ს მსჯავრი დაედო მოსამართლის შეურაცხყოფისათვის იმ პირობებში, როდესაც ეს ქმედება არ განხორციელებულა უშუალოდ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, მას ხელი არ შეუშლია მართლმსაჯულების ეფექტური განხორციელებისა და პროცესის ჩვეული მიმდინარეობისთვის, შესაბამისად, არ შეუქმნია საფრთხე სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისათვის.

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: ის მოცემულობა, რომ სასამართლო, რომელიც უნდა იყოს მართლმსაჯულების გარანტი, მიმდინარე სამართალწარმოებების პროცესში ვერ უზრუნველყოფს დავების სამართლებრივად გადასაწყვეტად ან/და ბრალდებულთა დამნაშავეობისა თუ უდანაშაულობის საკითხების გამოსარკვევად სასამართლოს შენობაში წარმოდგენილი სამართალწარმოების მონაწილეებისათვის ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც არ იქნება მათთვის შეურაცხმყოფელი, ერთმნიშვნელოვნად აზიანებს სასამართლოს ავტორიტეტს, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელება.

24. სადავო საკითხის მართებულად გადასაწყვეტად საკასაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ფრაზა - ,,ყ...ზე მკიდია მოსამართლე“, თავისი ფორმითა და შინაარსით, არის ცალსახად შეურაცხმყოფელი; სადავო ფრაზა ზ. კ-მ წარმოთქვა სასამართლოს შენობაში (სასამართლოში არსებულ სასადილოში, რომლითაც ძირითადად სარგებლობენ მოსამართლეები, სასამართლოს მოხელეები, სამართალწარმოებების მონაწილეები და სასამართლოს სერვისებით მოსარგებლე სხვა პირები) შეკრებილი საზოგადოების წინაშე; მიმდინარე სამართალწარმოებასთან დაკავშირებით (ზ. კ.ს მიერ მოსამართლის უცენზუროდ მოხსენიება განაპირობა სამართალდამცავების ლეგიტიმურმა მოწოდებამ, დაბრუნებულიყო სხდომის დარბაზში ადმინისტრაციული პროცესის გასაგრძელებლად); ზ. კ- მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოების მიმდინარეობისას (საქმეზე სამართალწარმოება ხორციელდება საქმის დასრულებამდე); სამართალწარმოების მონაწილის - დავის განმხილველი მოსამართლის მიმართ (თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა თავართქილაძე იხილავდა ზ. კ.ს სამართალდარღვევის საქმეს და მიმდინარე პროცესზე გამოცხადებული ჰქონდა შესვენება).

25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. კ-ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით არის კანონიერი, ხოლო შეფარდებული სასჯელი - სამართლიანი, რისი მხედველობაში მიღებითაც, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის წინაპირობები არ იკვეთება.

26. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ მოიპოვება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

27. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ზ. კ.სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. მ-ს საკასაციო საჩივარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

მ. გაბინაშვილი