საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 28.02.2022
საქმის ნომერი
2კ-926აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.02.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003265745

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №926აპ-21 ქ. თბილისი

ბ.გ. 926აპ-21 28 თებერვალი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 სექტემბრის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის მოადგილის - ნიკოლოზ დგებუაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ბ–ს, - დაბადებულს .... წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. გ. ბ–ისათვის ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 22 სექტემბერს, ღამის საათებში, ქ. თ–ში, ტ–ს ქ. N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ბ–ი შეეცადა, ფარულად დაუფლებოდა და მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინა ი. ს–ს კუთვნილი, შავი ფერის “Honda” -ს ფირმის „Giorgo”-ს მოდელის მოპედი, რომლის ღირებულება შეადგენდა 700 ლარს. გ. ბ–ის ქმედების შედეგად ი. ს–ს შესაძლოა, მისდგომოდა 700 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 თებერვლის განაჩენით გ. ბ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

გამართლებულ გ. ბ–ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების თაობაზე.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას და გ. ბ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის მოადგილემ - ნიკოლოზ დგებუაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, გ. ბ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

6.1 ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია დაცვის მხარის შესაგებელი, რომლითაც მსჯავრდებულ გ. ბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი - ე. ლ–ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ბრალდების მხარემ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. ბ–ის საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულში გამართლება განაპირობა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი.

8. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

9. დაზარალებულ ი. ს–ს განმარტებით, 2019 წლის 22 სექტემბერს, 22:00 საათზე, აღმოაჩინა, რომ თავისი კუთვნილი ,,Honda”-ს მარკის ,,Giorno“-ს მოდელის მოპედი აღარ ეყენა სადარბაზოსთან, სადაც გააჩერა. აღნიშნულის გამო გამოიძახა პოლიცია. დაახლოებით 15 წუთში ადგილზე მივიდა სამი პოლიციელი, რომლებმაც თქვეს, რომ მიმდებარე ტერიტორია უნდა დაეთვალიერებინათ. დაზარალებულის განმარტებით, დაახლოებით ხუთ წუთში ჩავიდნენ ქვედა კორპუსთან, სადაც ავტოფარეხებთან დაინახა თავისი მოპედი და დაიყვირა ამის შესახებ. მოპედთან ვიღაც პირი იდგა, რომელიც მათ დანახვაზე გაიქცა. მას პოლიციელები გაეკიდნენ. სიბნელის გამო ხსენებული პირი არ დაუნახავს, თუმცა ახსოვს, რომ იგი იყო დაბალი და გამხდარი, რომელიც შესაძლოა, სკოლის მოსწავლედ აღექვა. გ. ბ–ი კი თითქმის მისი სიმაღლეა, ანუ იმ პიროვნებაზე მაღალი.

10. გ. გ–მა მოწმის სახით დაკითხვისას მიუთითა, რომ 2019 წლის 22 სექტემბერს პოლიციის თანამშრომლებთან - გ. ხ–სთან, ი. ბ–სა და მოპედის მეპატრონესთან - ი. ს–თან ერთად დაიწყეს მოპარული მოპედის ძებნა და ტ–ს ქუჩა №..-ის წინ განთავსებულ ორ ავტოფარეხს შორის არსებულ სივრცეში იპოვეს მოპედი, რომელთანაც იდგა ახალგაზრდა მამაკაცი, მას ხელში ეჭირა მეტალის ძელი და ცდილობდა, მოპედის საჭე მოეტეხა. ადგილზე არ იყო განათება, თუმცა სილუეტის შემჩნევა შესაძლებელი იყო. მათ დანახვაზე ახალგაზრდა მამაკაცი გაიქცა, რომელსაც გ. ხ–ი და ი. ბ–ე დაედევნენ, ხოლო თვითონ და ი. ს–ი ადგილზე დარჩნენ. როგორც მისთვის ცნობილი გახდა, გ. ხ–მ და ი. ბ–ემ დააკავეს ხსენებული პირი.

11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით ჩვენების მიცემისას გ. ხ–მ და ი. ბ–მ განმარტეს, რომ 2019 წლის 22 სექტემბერს, გ. გ–სა და ი. ს–თან ერთად დაიწყეს მოპარული მოპედის ძებნა, რომელიც იპოვეს ტ–ს ქუჩა №..-თან განთავსებულ ორ ავტოფარეხს შორის არსებულ სივრცეში. მოპედთან იდგა გ. ბ–ი, რომელსაც ხელში მეტალის ძელი ეჭირა და მოპედის საჭეს ტეხდა. ი. ს–მ თქვა, რომ ეს მისი მოპედი იყო. ახალგაზრდა მამაკაცი მათ დანახვაზე გაიქცა, ხოლო ი. ბ–ე და გ. ხ–ი დაედევნენ დასაკავებლად. მათ აღნიშნული პირი დააკავეს, რომელიც აღმოჩნდა გ. ბ–ი. დადევნებისას მათ თვალთახედვის არიდან არ დაუკარგავთ ხსენებული პირი.

12. სასამართლო მიუთითებს, რომ მოწმეების: გ. ხ–ისა და ი. ბ–ს ჩვენებები გ. ბ–ის პიროვნების დადგენის ნაწილში წინააღმდეგობრივია. მართალია, პოლიციის თანამშრომლები მიუთითებენ, რომ პირი, რომელიც დაინახეს მოპედთან და გაიქცა, დაკავებამდე მხედველობის არიდან არ დაუკარგავთ, ხოლო დაკავებისას დაადგინეს, რომ ეს პირი იყო გ. ბ–ი, თუმცა დაზარალებულის განმარტებით, მოპედთან მდგარი პირი, მართალია, სიბნელის გამო არ დაუნახავს, თუმცა ახსოვს, რომ იგი იყო დაბალი და გამხდარი, რომელიც შესაძლოა, სკოლის მოსწავლედ აღექვა. გ. ბ–ი კი თითქმის მისი სიმაღლეა, ანუ იმ პირზე მაღალი, ვინც მის მოპედთან იდგა. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მოვლენები განვითარდა ღამის 22:00 საათის შემდეგ, დღე-ღამის მონაკვეთის და არსებული განათების (გ. გ–მა მიუთითა, რომ შემთხვევის ადგილზე განათება არ იყო, მაგრამ სილუეტების შემჩნევა შესაძლებელი იყო) გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება გ. ბ–ის შემთხვევის ადგილზე ყოფნა და ის ფაქტი, რომ სწორედ გ. ბ–მ მიიყვანა ი. ს–ს კუთვნილი მოპედი ორ ავტოფარეხს შორის და ცდილობდა მისთვის საჭე მოეტეხა. სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მსჯელობას მომხდარი შემთხვევიდან(2019 წლის 22 სექტემბერი) გასული დროის გამო გ. ბ–ის ვიზუალური მხარის არსებითი განსხვავების შესახებ, რადგან აღნიშნული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება და მხოლოდ ბრალდების მხარის ვარაუდს წარმოადგენს.

13. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მსჯელობას, რომ „იმავე ღამით, მოწმის სახით დაკითხვისას, ი. ს–ი ასახელებდა, რომ არ შეეძლო იმ პირის ვიზუალური მახასიათებლების, მათ შორის სიმაღლის აღწერა“, რადგან ი. ს–ს 2019 წლის 25 სექტემბრის გამოკითხვის ოქმში მოწმემ მიუთითა, რომ „არ დაამახსოვრდა მითითებული მამაკაცის ვიზუალი, რომელიც იდგა მის მოპედთან“. ბრალდების მხარეს მისთვის დამატებითი კითხვები არ დაუსვამს და შესაბამისად, მოწმეს არ მიუთითებია იმ ზოგად გარეგნულ მახასიათებლებზე, რომლებზეც მიუთითა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას. ამასთან, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

14. მხარეთა შორის უდავოდ ცნობილი ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ მოპედის საჭის მარცხენა სახელურიდან აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის შერეულ გენეტიკურ პროფილში გ. ბ–ის ნერწყვის თანამონაწილეობა არ ვლინდება; პაკეტში დანარჩენ ანაწმენდებზე, პლასტმასის თავსახურსა და რკინის მილზე ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს რომ მსჯავრდებულის გენეტიკური პროფილის ბიოლოგიური კვალის არარსებობა შემთხვევის ადგილზე ან დანაშაულის საგანზე a priori არ ნიშნავს ამ პირის უდანაშაულობას, რაც უკავშირდება კვალწარმოქმნის პროცესის თავისებურებას, მაგალითად, კონტაქტის ხასიათი, ხანგრძლივობა და ა.შ. (იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი საქმეზე N 262აპ-17). თუმცა მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ ასევე არ არის წარმოდგენილი სხვა უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა გ. ბ–ის შემთხვევის ადგილზე ყოფნისა და ი. ს–ს მოპედიას ქურდობის მცდელობის ფაქტს.

15. სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები: მოწმეთა ჩვენებები(პოლიციელები: ა. კ–ი და თ. ს–ე მიუთითებენ მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერებაზე), 2019 წლის 22 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, 2019 წლის 5 დეკემბრის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები და სხვა წერილობითი მასალები(რომლებიც მხარეებმა უდავოდ ცნეს) არ შეიცავენ იფორმაციას გ. ბ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ.

16. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

17. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება გ. ბ–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.

18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

19. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის მოადგილის - ნიკოლოზ დგებუაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე