საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 24.03.2022
საქმის ნომერი
2კ-956აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.03.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100120004017387

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №956აპ-21 ქ. თბილისი

გ-ი გ, 956აპ-21 24 მარტი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 სექტემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. გ-ს, - დაბადებულს .... წლის .. ოქტომბერს, - ბრალად ედება ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის ივნისიდან იმავე წლის 15 სექტემბრის ჩათვლით, ქ.რ-ში, ბ-ის ქუჩა N./..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. გ. სისტემატურად, თითქმის ყოველდღიურად, აგინებდა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა დედას - თ. გ-ს, რის გამოც ეს უკანასკნელი განიცდიდა ტანჯვას.

· 2020 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 11:25 საათზე, ქ.რ-ში, ბ-ის ქუჩა N./..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. გ. დედას - თ. გ-ს დაემუქრა, რომ მოკლავდა, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 მარტის განაჩენით:

2.1. გ. გ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. გ. გ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2.3. გ. გ-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 სექტემბრის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილე ზურაბ კოჭლამაზაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 სექტემბრის განაჩენის გაუქმება და გ. გ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გ. გ-ის მიერ დედის - თ. გ-ს მიმართ სისტემატური ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენას.

7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი, ნაკლებად მძიმე ან მძიმე ხარისხის დაზიანება.

8. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა თ. გ-მა (გ. გ-ის დედამ), ასევე მოწმეებმა - ბ. გ-მა (გ. გ-ის შვილმა) და ლ. გ-მა (გ. გ-ის დამ) ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და გ. გ-ის წინააღმდეგ არ მისცეს ჩვენება.

9. გ. გ-მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და ისარგებლა კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით.

10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დ. ჭ-ამ განმარტა, რომ გ. გ. არის მათი ოჯახის ნათესავი და ისინი ცხოვრობენ ერთ სადარბაზოში. 2020 წლის 15 სექტემბერს, დღის პირველ ნახევარში, მას გ-ების ბინიდან შემოესმა გ. გ-ის ხმამაღალი საუბარი და გინება, თუმცა არ იცის, ვის აგინებდა იგი და არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ტელეფონითაც აგინებდა ვინმეს. მას მეორე პირის ხმა არ გაუგია. აღნიშნულის გამო მან დარეკა გ. გ-ის დასთან - ლ. გ-ან. რამდენიმე წუთში გ-ან მივიდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება, რომელსაც მიჰყვა პოლიციაც.

11. მოწმე ო. ი-ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2020 წლის 15 სექტემბერს მითითებულ ადგილზე მისვლისას დახვდათ გ. გ. და თ. გ. ამ უკანასკნელმა მათ განუმარტა, რომ მისი შვილი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაზეც გამოიცა შემაკავებელი ორდერი.

12. მოწმე შ. ი-ს გამოკითხვის ოქმის მიხედვით, 2020 წლის 15 სექტემბერს შეტყობინების საფუძველზე გავიდა თ. გ-ის მისამართზე თანამშრომელ გ. ბ-სთან ერთად. ადგილზე დახვდათ სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. თ. გ-მა მათ განუცხადა, რომ მისი შვილი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნულზე საპატრულო ეკიპაჟის წევრებმა გამოსცეს შემაკავებელი ორდერი.

13. გ. გ-ს ბრალი ედება სისტემატური შეურაცხყოფის ჩადენაში, რამაც გამოიწვია თ. გ-ის ტანჯვა. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოსაზრებას და მიუთითებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იქნებოდა სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტის დასკვნის არსებობა, რასაც შესაძლოა, პასუხი გაეცა კითხვისთვის - განიცადა თუ არა დაზარალებულმა ტანჯვა; საქმის მასალების თანახმად, დაზარალებულმა თ. გ-მა, ასევე გ. გ-ის დამ და შვილმა სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულატიურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა - მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ - სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც.

15. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად (N140აპ-21, N65აპ-20, N1001აპ-20 განაჩენები), მუქარის ნაწილში გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენები დარჩა უცვლელად, ვინაიდან დაზარალებულებმა სასამართლოს არ მისცეს ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენებები ან დაზარალებულმა კატეგორიულად დაადასტურა, რომ რაიმე სახის შიში არ განუცდია, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება სხვა, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

17. მოწმე დ. ჭ-ს ჩვენებით დადგენილია მხოლოს ის, რომ მან 2020 წლის 15 სექტემბერს გ. გ-ს ბინიდან გაიგო მისი ხმამაღალი გინების ხმა. ასევე მოწმეები - ო. ი. და შ. ი. გამოკითხვის ოქმებში უთითებენ, რომ თ. გ. იყო აღელვებული და განერვიულებული, ხოლო გ. გ. იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. მართალია, დადგენილია, რომ სახლში იმყოფებოდნენ მხოლოდ გ. გ. და თ. გ, თუმცა, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მხოლოდ ეს გარემოებები არ არის საკმარისი მუქარის ან სისტემატური ძალადობის დასადასტურებლად.

18. მოცემულ შემთხვევაში მოწმეების - ო. ი-სა და შ. ი-ის ჩვენებები იმ ნაწილში, სადაც მიუთითეს დაზარალებულის მიერ გადმოცემული ინფორმაცია, არის ირიბი; არცერთი მათგანი დანაშაულებრივი ფაქტების თვითმხილველი არ არის.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ „,ირიბი ჩვენება, …. შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).

20. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ერთადერთი მტკიცებულება, რაც საქმეშია წარმოდგენილი, არის შემაკავებელი ორდერი და თანდართული ოქმი, რაც არ არის საკმარისი გ. გ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდებების დასადასტურებლად.

21. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.

22. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაემტკიცებინა გ. გ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებების საფუძვლიანობა.

23. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

24. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

25. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი