საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 07.03.2022
საქმის ნომერი
2კ-923აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.03.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№923აპ-21 ქ. თბილისი

ჯ-ი რ-ნ, 923აპ-21 7 მარტი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 სექტემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის – ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 მარტის განაჩენით რ. ჯ-ი, –– ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე; 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათით, რომლის მოხდისაგან ასევე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, 2018 წლის 18 მაისიდან იმავე წლის 25 ივნისამდე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (პატიმრობაში ყოფნის ერთი დღე – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი).

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ჯ-მა ჩაიდინა: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· რ. ჯ-ი და რ. მ-ა 27 წლის განმავლობაში იყვნენ დაქორწინებულები და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. განქორწინების შემდეგ – 2017 წლის დეკემბრიდან რ. ჯ-ი ფიზიკურად ძალადობდა რ. მ-აზე, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. რ. ჯ-ი გარკვეული დროის განმავლობაში არ იმყოფებოდა საქართველოში. დაბრუნების შემდეგ, 2018 წლის 15 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, მან სატელეფონო კომუნიკაცია დაამყარა რ. მ-ას ძმასთან – ბ. მ-თან, რომელსაც უთხრა, რომ მისი და – რ. მ-ა თუ არ დატოვებდა მათ საცხოვრებელ სახლს, მოკლავდა. ყოფილი მეუღლის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარის გამო რ. მ-ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2018 წლის 15 მაისს, ღამის საათებში, ნასვამმა რ. ჯ-მა ქ. გ-ში, ა-ის ქუჩაზე მიაკითხა თავისი მეუღლის – რ. მ-ას ბიძაშვილს – რ. კ-ს და დაემუქრა, რომ მის ბიძაშვილს – რ. მ-ას მოკლავდა იმის გამო, რომ ჰყავდა საყვარლები. კამათისას რ. ჯ-მა რ. კ-ს მარჯვენა ყურის ნიჟარაზე დაარტყა მუშტი და ყელში მოუჭირა ხელები. აღნიშნულის შედეგად რ. კ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი ზურაბ კოჭლამაზაშვილი საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ რ. ჯ-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ასაჩივრებს განაჩენს მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის ნაწილში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს შორის.

8. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ რ. ჯ-ს, მისი პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციებით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელები, რომლებიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს, რის გამოც მათი დამძიმების საფუძველი პალატას არ გააჩნია. ამასთან, რ. ჯ-ი სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაზარალებულ რ. კ-ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადების საფუძველზე.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის – ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე