დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1294-1314-2011 31 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ მ. გ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ა-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება
დავის საგანი _ სესხის დაბრუნება, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ა-ის მიმართ სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 624-ე მუხლების საფუძველზე სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დაბრუნების მოთხოვნით შემდეგი გარემოებების გამო:
მოსარჩელის განმარტებით, მას და მოპასუხეს შორის 2008 წლის 15 ივლისს დაიდო ზეპირი სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ. გ-მა ი. ა-ს ასესხა 2000 აშშ დოლარი და 500 ლარი ხუთი თვის ვადით, რამდენიმე დღის შემდეგ მოსარჩელემ კვლავ ასესხა ფული ი.ა-ს, ამჯერად 1800 აშშ დოლარი და 800 ლარი. მსესხებელი შეპირდა, რომ თუ ვერ შეძლებდა ფულის დაბრუნებას, გამსესხებელს გადასცემდა ერთოთახიან ბინას. მოგვიანებით ა-მა კიდევ რამდენჯერმე გამოართვა ფული გ-ს, სულ სესხმა შეადგინა 4200 აშშ დოლარი და 2100 ლარი. მხარეები არიან მეზობლები, სწორედ ამიტომ ენდო მოსარჩელე ი.ა-ს და წერილობით არ გააფორმა სესხის ხელშეკრულება.
მოპასუხის მიერ ვალის დაუბრუნებლობის გამო, მ. გ-მა მიმართა პოლიციას, სადაც ი.ა-მა განაცხადა, რომ მას ნასესხები ქონდა გარკვეული თანხა და 2010 წლის 15 ოქტომბრამდე გადაუხდიდა გამსესხებელს 1500 ლარს და 500 აშშ დოლარს, რაც წერილობით დაადასტურა. 2010 წლის 23 ოქტომბერს მოპასუხემ მ.გ-ს დაუბრუნა 1000 ლარი და 500 დოლარი, დანარჩენ თანხას კი, მიუხედავად მოსარჩელის არაერთი თხოვნისა, ნებაყოფლობით არ უბრუნებს. მოსარჩელის განმარტებით, ი. ა-ს მისთვის გადასახდელი აქვს 3700 დოლარი და 1100 ლარი. მოგვიანებით მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა სესხის ძირითად თანხასთან ერთად, ვადის გადაცილების გამო ზიანის ასანაზღაურებლად 4200 აშშ დოლარისა და 2100 ლარის გადახდა. ასევე 2010 წლის 2 ნოემბრიდან ყოველთვიურად 185.55 აშშ დოლარის გადახდა ვალდებულების სრულ შესრულებამდე.
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელისაგან ისესხა 1500 ლარი და 500 აშშ დოლარი, რასაც უმოკლეს დროში დაუბრუნებს. სასამართლოს მთავარ სხდომაზე კი ი. ა-მა სარჩელი ცნო 500 ლარის ფარგლებში.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ი. ა-ს დაეკისრა მოსარჩელისათვის სესხის _ 500 ლარის გადახდა, მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად _ 75 აშშ დოლარისა და 225 ლარის, ხოლო 3.75 ლარის ყოველთვიურად გადახდევინება გაგრძელდა ვალდებულების სრულ შესრულებამდე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-მა, მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის განჩინებით მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება, რომ მ. გ-სა და ი. ა-ს შორის წერილობითი ფორმით სესხის ხელშეკრულება არ დადებულა. 2010 წლის 31 აგვისტოს ი. ა-ის მიერ შედგენილია შემდეგი შინაარსის ხელწერილი: ,,მე ი. ა-ი ვდებ აღნიშნულ ხელწერილს შს მუხრანის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებლის ბ.ნარიმანიძის წინაშე მასზედ, რომ 2010 წლის 15 ოქტომბრამდე დავუბრუნებ მცხეთის რაიონის სოფელ ვაზიანში მცხოვრებ მ. გ-ს ნასესხებ თანხას 1500 ლარს და 500 აშშ დოლარს». 2010 წლის 23 ოქტომბერს ი. ა-მა მ. გ-ს გადაუხადა 1000 ლარი და 500 აშშ დოლარი. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება გასესხებული თანხის ოდენობის შესახებ და მიუთითა, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა სესხის გაცემის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 624-ე მუხლებით და მიუთითა მოსარჩელის განმარტებაზე, რომ ი. ა-ისათვის თანხის გადაცემის შესახებ მ.გ-ი აკეთებდა ჩანაწერებს, რაც წაიღო მოსარჩელემ და იშუამდგომლა ამ ჩანაწერების გამოთხოვის შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ აღნიშნული ჩანაწერების წიგნის წარმოუდგენლობის ფაქტი ვერ დაედება საფუძვლად სარჩელში მითითებული ოდენობით თანხის სესხად გაცემის ფაქტს დადასტურებულად მიჩნევისათვის. სასამართლომ განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულება არის ცალმხრივი ხელშეკრულება, რაც იმას ნიშნავს, ერთი მხარე _ მოვალე კისრულობს სესხად მიღებული ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის დაბრუნების ვალდებულებას, ხოლო მეორე მხარეს კი გააჩნია შესაბამისი უფლება _ მოვალეს მოსთხოვოს გასესხებული ფულის ან ნივთების უკან დაბრუნება. ამავე დროს სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა და იგი დადებულად ითვლება მსესხებლისათვის თანხის ან გვაროვნული ნივთის გადაცემის მომენტიდან. სესხის ხელშეკრულების არსიდან გამომდინარე, გასესხებული თანხის გადაცემის დამტკიცების მოვალეობა აქვს გამსესხებელს, აღნიშნული კი არ შეიძლება დადასტურდეს მოწმის ჩვენებით. ზეპირი სესხის ხელშეკრულების დროს თანხის გადაცემის ფაქტი, შესაბამისად სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი არ შეიძლება დადასტურდეს ზეპირი მტკიცებულებებით. ის ფაქტი, რომ თანხის გადაცემის შესახებ გაკეთებული ჩანაწერები თანხის გადაცემისთანავე წაიღო მოპასუხემ, მოპასუხეს არ აკისრებს სესხის ხელშეკრულების დადებისა და თანხის მიღების მტკიცების მოვალეობას, რადგან სესხის ხელშეკრულების არსიდან გამომდინარე, თანხის გადაცემის ფაქტის დამტკიცების მოვალეობა აქვს გამსესხებელს, შესაბამისად, სესხის გადაცემის შესახებ წერილობითი საბუთის შედგენაც გამსესხებლის ინტერესს წარმოადგენს, რათა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ამ გზით დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა. სასამართლომ, საქმეში არსებული წერილობითი საბუთით დადასტურებულად მიიჩნია, რომ მ. გ-სა და ი. ა-ს შორის დადებული ზეპირი სესხის ხელშეკრულებით მოპასუხის მიერ 2008 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით სესხად მიღებულია 1500 ლარი 500 აშშ დოლარი. მხარეებს შორის სესხის სარგებელი შეთანხმებული არ არის, ხოლო სესხი გაცემულია 5 თვის ვადით. სესხის დაბრუნების ვადა ამოიწურა 2009 წლის თებერვლის თვეში.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლზე და განმარტა, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არის მისი უფლების განკარგვის აქტი, ნების გამოხატვა. შესაბამისად, აღნიშნული ნების გამოვლენისას გასათვალისწინებელია სასამართლოში განსახილველი დავის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები, აქვს თუ არა მოპასუხეს მის მიერ განცხადებული უფლების განკარგვის უფლებამოსილება. თუკი პირს არა აქვს მისი უფლების განკარგვის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი, მის მიერ სარჩელის ცნობას ვერ მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი შედეგი. სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, ჩათვალა, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა მისთვის ძირითადი თანხის 500 ლარის დაკისრების შესახებ წარმოადგენს ამ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს, ამასთან, სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე 316-ე მუხლებით და დაადგინა, რომ ი. ა-ს არა აქვს ჯეროვნად შესრულებული ვალდებულება, გადასახდელი აქვს სესხის ნაწილი _ 500 ლარი, ამასთან, მან ვალდებულების ნაწილი _ 1000 ლარი და 500 აშშ დოლარი გადაიხადა შეთანხმებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ. სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 403-ე მუხლების შესაბამისად განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სესხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის ყოველთვიურად 5 პროცენტის დაკისრების შესახებ უსაფუძვლო იყო, რადგან ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის პროცენტის დაკისრების შესახებ შეთანხმება მხარეთა შორის დადებული არ იყო სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის თანახმად. ამავე კოდექსის 404-ე, 411-ე 412-ე მუხლების საფუძვლეზე ჩათვალა, რომ მოსარჩელეს მიუღებელი შემოსავლის სახით უნდა ანაზღაურებოდა თანხა, რასაც იგი მიიღებდა გასესხებული თანხის საბანკო ანაბარზე განთავსების შემთხვევაში დარიცხული სარგებლის სახით. ასეთი სახის ზიანი წარმოადგენს ზიანს, რომლის მიუღებლობა მოვალეს შეეძლო ევარაუდა, როგორც მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგი, რადგან სადავო ფულადი ვალდებულება წარმოშობილია სასესხო ურთიერთობიდან. ფულადი თანხის საბანკო ანაბარზე განთავსება კი წარმოადგენს ჩვეულებრივი ეკონომიკური საქმიანობის შედეგად ფულადი თანხიდან მიღებულ სარგებელს. აღნიშნული შემოსავალი მოსარჩელემ ვერ მიიღო იმის გამო, რომ მოპასუხემ დროულად არ დაააბრუნა ნასესხები თანხა. მოპასუხემ სასესხო ვალდებულების ნაწილი შეასრულა შეთანხმებული ვადის დარღვევით _ ნაცვლად 2009 წლის თებერვლისა, 2010 წლის 23 ოქტომბერს, შესაბამისად, მას 2009 წლის მარტიდან, 2010 წლის ნოემბრის თვემდე პერიოდის მანძილზე (20 თვე) უნდა დაეკისროს მიუღებელი შემოსავლისათვის წლიური 9-%-ის, თვეში 0,75%-ის გადახდა, რაც შეადგენს 225 ლარს და 75 აშშ დოლარს. ვინაიდან მოპასუხეს 2010 წლის ნოემბრიდან გადასახდელად დარჩენილი აქვს 500 ლარი, გადაწყვეტილების გამოტანის დრომდე განვლილი პერიოდისათვის (5 თვე) მოპასუხეს უნდა დაეკისროს 18.75 ლარის გადახდა, ხოლო ყოველთვიურად 3.75 ლარის გადახდა უნდა გაგრძელდეს ი. ა-ის მიერ ვალდებულების სრულ შესრულებამდე.
სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 624-ე მუხლების შესაბამისად არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მოპასუხეს სესხის სახით მიღებული ჰქონდა 4200 აშშ დოლარი და 2100 ლარი, რაც დადასტურებულია მხარის ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით და პოლიციის მიერ მოკვლეული მასალებით, რადგანაც მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილია, რომ მ. გ-სა და ი. ა-ს შორის წერილობითი ფორმით სესხის ხელშეკრულება არ დადებულა. 2010 წლის 31 აგვისტოს შედგენილი ხელწერილის თანახმად, ი. ა-მა აღიარა მ. გ-ის სასარგებლოდ 1500 ლარისა და 500 აშშ დოლარის ოდენობით დავალიანების არსებობის ფაქტი და იკისრა ვალდებულება მ. გ-ისათვის ამ თანხის 2010 წლის 15 ოქტომბრამდე დაბრუნების შესახებ. 2010 წლის 23 ოქტომბერს ი. ა-მა მ. გ-ს გადაუხადა 1000 ლარი და 500 აშშ დოლარი. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, ი. ა-მა მ. გ-ის სარჩელი 500 ლარის ნაწილში ცნო. პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მ. გ-ს არ წარმოუდგენია მის მიერ სადავო 4200 აშშ დოლარისა და 2100 ლარის ი. ა-ისათვის გადაცემის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება, რაც მოთხოვნის ამ ნაწილში მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული ასევე აპელანტის მოსაზრება, რომ ი. ა-ისათვის თანხის გადაცემის შესახებ აკეთებდა ჩანაწერებს, რომელიც წაღებული აქვს მოპასუხეს. სასამართლო არ დაეთანხმა მ.გ-ის მითითებას, რომ მოპასუხემ ის მოატყუა 5 თვის განმავლობაში სესხის დაუფარაობის შემთხვევაში ბინის გადაცემის თაობაზე. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილ სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპზე და გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასება, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ჩათვალა, რომ 500 ლარის დაკისრების ნაწილში სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე სწორად დააკმაყოფილა სარჩელი.
დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული აპელანტის მითითება მიუღებელი შემოსავლისთვის ზიანის ანაზღაურების თაობაზე, რადგანაც, სასამართლოს განმარტებით, მხარეებს შორის სესხის სარგებელი შეთანხმებული არ ყოფილა, ხოლო სესხი გაცემულია 5 თვის ვადით. სესხის დაბრუნების ვადა ამოიწურა 2009 წლის თებერვლის თვეში. სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 403-ე მუხლების შესაბამისად განმარტა, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის პროცენტის დაკისრების შესახებ შეთანხმება, მხარეთა შორის დადებული არ არის. ამასთანავე, სამოქალაქო კოდექსის 411-ე და 412-ე მუხლების შესაბამისად სასამართლომ აღნიშნა, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. ამგვარად, ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც ოდენობის დადგენას, აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, პალატამ ზიანის ანაზღაურების საკითხში სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძველბით:
არასწორია სასამართლოს დასკვნა, რომ მხარის ახსნა-განმარტებითა და მოწმის ჩვენებით არ შეიძლება დადასტურდეს ზეპირი ხელშეკრულების დადების ფაქტი. სასამართლოს ამ ფაქტის დასადგენად ერთობლიობაში უნდა შეეფასებინა მისი ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენებები და პოლიციის მონაკვლევი მასალები, რომლითაც უდავოდ არის დადასტურებული სესხისა და მისი ოდენობის ფაქტი. სასამართლომ უპირატესობა მიანიჭა წერილობით მტკიცებულებას და საკმარისად არ ცნო მისი მიერ წარდგენილი ზეპირი მტკიცებულებები. წერილობითი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ დაამტკიცებდა სესხის ოდენობას, თაღლითურად და ნდობის ბოროტად გამოყენებით მოპასუხესთან ინახება და მისი გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე სასამართლომ მას უარი უთხრა. ასეთ ვითარებაში, მტკიცების ტვირთი სესხის ოდენობაზე უნდა დაკისრებოდა მოპასუხეს მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეს ევალება თავისი მოთხოვნის დადასტურება. ი. ა-მა სააპელაციო სასამართლოში ვალთან ერთად აღიარა ყოველთვიურ 10%-ზე შეთანხმების ფაქტი, რასაც აპელანტიც დაეთანხმა, მაგრამ სასამართლომ არ შეაფასა ეს გარემოება. კასატორმა დაუსაბუთებლად მიიჩნია სააპელაციო პალატის მსჯელობა ზიანის ანაზღაურების ნაწილშიც, სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის არასწორი განმარტებით მიუთითა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, ვინაიდან 2010 წლის ოქტომბერში გადაიხადა 1000 ლარი და 500 აშშ დოლარი, მაშინ როცა ვალდებულების შესრულების ვადა ხუთი თვით იყო განსაზღვრული. მ.გ-ის განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი მას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს ზიანის ანაზრაურება არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც სამოქალაქო კოდექსის 404-ე, 411-ე და 412-ე მუხლებით დადგენილი წესით. კასატორის განმარტებით, მას ზიანი უნდა აუნაზღაურდეს ყოველთვიური სარგებლის მიხედვით და არა წლიური სარგებლის 9%-ით, როგორც ეს სასამართლომ დაადგინა. მისი მოთხოვნა ზიანის ოდენობაზე შესაბამისობაშია ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთთან.
2011 წლის 21 სექტემბერს მ.გ-მა განცხადებით მომართა სასამართლოს, წარმოადგინა მტკიცებულებები და მოითხოვა საკასაციო პალატის მიერ მათი საქმის სხვა მასალენთან ერთობლიობაში შეფასება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 სექტემბრის განჩინებით მ. გ-ი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის «ვ» ქვეპუნქტისა და «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «მ1» ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. გ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
კასატორ მ. გ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2011 წლის 21 სექტემბრის ¹ა-3304-11 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 10 ფურცლად, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულებები ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი. აღნიშნული გარემოება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორ მ. გ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორ მ. გ-ს დაუბრუნდეს 2011 წლის 21 სექტემბრის ¹ა-3304-11 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 10 ფურცლად. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.