საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100121004624806
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №121აპ-22 ქ. თბილისი
ო. ა., 121აპ-22 7 მარტი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 დეკემბრის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ა. ო-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: გასაჩივრებული განაჩენი დაუსაბუთებელია, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, მათ შორის - მოწმე ა. ი-ს ჩვენებით, რომელიც პირდაპირ მტკიცებულებად უნდა იქნეს მიჩნეული, დაზარალებულთა სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნებით, ა. ო-ს ალკოტესტით შემოწმების ოქმითა და სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ა. ო-ს მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა. ო-ს ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
ა. ო-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 20:00 საათზე, ... მცხოვრებ ა. ო-ს, რომელიც იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ, თივის გაყიდვით მიღებული თანხის მისთვის გადაცემასთან დაკავშირებით, კონფლიქტი მოუხდა თავის მეუღლესთან - მ. ო-თან. კონფლიქტისას ა. ო-მა სახის არეში ხელის გარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ. ო-ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული დაინახა და კონფლიქტში ჩაერია ა. და მ. ო-ების შვილი - ჰ. ო., რომელიც ჩადგა მშობლებს შორის და ა. ო-ს არ აძლევდა მ. ო-თან მიახლოების საშუალებას. ამ დროს ა. ო-მა სახის არეში ხელის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა ასევე მიაყენა ჰ. ო-ს, რომელმაც დარტყმის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 სექტემბრის განაჩენით ა. ო., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა ა. ო-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
გამართლებულ ა. ო-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ა. ო-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 დეკემბრის განაჩენით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნას ა. ო-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივებს, რომ ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი იმ საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურდებოდა, რომ მან ჩაიდინა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაული, კერძოდ:
9. წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემთხვევის უშუალო თვითმხილველმა პირებმა, დაზარალებულმა მ. ო-მა (ა. ო-ს მეუღლემ) და ჰ. ო-მა (ა. ო-ს შვილმა) პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენეს მათთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) მინიჭებული უფლება და ჩვენება არ მისცეს თავიანთი ახლო ნათესავის - ა. ო-ს წინააღმდეგ, რის გამოც სასამართლო მათ მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს. რაც შეეხება მოწმე ა. ი-ს ჩვენებას, იგი ირიბია, ვინაიდან მოწმე უშუალოდ არ შესწრებია ფიზიკური ძალადობის ფაქტს და მასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობს მხოლოდ დაზარალებულებისგან, რის გამოც ეს მტკიცებულება საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ისევე როგორც დაზარალებულების - მ. ო-სა და ჰ. ო-ს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, რომელთა მიხედვით, მართალია, დადგენილია, რომ მას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაკაწრების სახით, მაგრამ იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ შემთხვევის უშუალო თვითმხილველმა პირებმა უარი განაცხადეს ა. ო-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, საქმეში წარმოდგენილი არ არის სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა, თუ რა ვითარებაში მიიღეს მათ ეს დაზიანებები და რომ ისინი გამართლებულმა მიაყენა.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი