საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 820100121004774631
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №122აპ-22 ქ. თბილისი
ც. გ., 122აპ-22 4 მარტი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განაჩენზე ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხარძეიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა. კასატორმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: გ. ც-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის შეფარდება, შემდეგი მოტივაციით: ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ. ც-მ დანაშაული ჩაიდინა ჯგუფურად, ნ. ქ-სთან ერთად წინასწარი შეთანხმებით; სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა ბრალდებულ გ. ც-სა და მოწმე ნ. ქ-ს ჩვენებები, ვინაიდან ისინი ეწინააღმდეგება როგორც ერთმანეთს, ასევე - ერთადერთი, ნეიტრალური და სარწმუნო მოწმის - კ. ვ-ს ჩვენებას, რომელმაც გამოძიებას მიაწოდა სწორი ინფორმაცია.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ც-ს ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.
გ. ც-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის 10 მაისს, დილის საათებში, გ. ც. .. ნ. ქ-სთან წინასაწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზების დეპარტამენტის კუთვნილ, 2925 ლარად ღირებულ, 15 ცალ ლითონის კონსტრუქციის სანიაღვრე ცხაურს, რამაც მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი გამოიწვია.
3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 სექტემბრის განაჩენით გ. ც., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გ. ც. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით, რაც იმავე კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად - 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ გ. ც-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 10 მაისიდან 2021 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით.
გაუქმდა გ. ც-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლისა და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობით მსჯავრდებულ გ. ც-ს ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალა შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: გ. ც-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის შეფარდება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას, რომ გ. ც-მ დანაშაული ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით, ნ. ქ-სთან ერთად, ვინაიდან სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ. ც-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ:
9. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ წინასასამართლო სხდომაზე მხარეებმა უდავოდ ცნეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტის გარდა), ამასთან, მხარეებმა სადავოდ არ გახადეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის - ბრალდებულ გ. ც-სა და მოწმე ნ. ქ-ს გამოკითხვის ოქმები.
10. გ. ც-მ როგორც გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას, ისე სასამართლოში საქმის განხილვის დროს განმარტა, რომ ქურდობა ჩაიდინა მარტომ და მასში მონაწილეობა არ მიუღია ნ. ქ-ს და, შესაბამისად, მასთან არანაირი წინასწარი შეთანხმება ქურდობის ჩადენის შესახებ არ ჰქონია. გ. ც-ს გამოკითხვის ოქმით ასევე დგინდება, რომ მან მხოლოდ ცხაურების ფარულად დაუფლების შემდეგ დაურეკა ნ. ქ-ს, რომლისთვისაც არ იყო ცნობილი, რომ მითითებული ნივთები იყო ნაქურდალი და სთხოვა ჯართის მიმღებ პუნქტამდე მათ გადატანაში დახმარება. გამოკითხვისას ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა ნ. ქ-მაც და მითითებულ პირთა ჩვენებებს შორის რაიმე არსებითი სხვაობა არ არსებობს. რაც შეეხება მოწმე კ. ვ-ს გამოკითხვის ოქმს, რომელშიც იგი განმარტავს, რომ გ. ც-მ და ნ. ქ-მ მასთან საუბარში დაადასტურეს, რომ მათ ცხაურები ერთად მოიპარეს და მას სთხოვეს პოლიციისთვის არაფერი ეთქვა და არც ის ადგილი ეჩვენებინა, საიდანაც ნაქურდალი ნივთები წამოიღეს, აღნიშნული მტკიცებულება საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან, გარდა იმისა, რომ იგი არ წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რადგან მოწმე გადმოსცემს გ. ც-სა და ნ. ქ-სგან მიღებულ ინფორმაციას, ამასთან, არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რადგან სხვა, რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ. ც-ს ბრალეულობას დანაშაულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენაში, ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხარძეიშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი