დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1093-1122-2011 10 ოქტომბერი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ს. ო-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ყ-ე
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ გადაწყვეტილების განმარტება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 27 ივლისს ქობულეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. ყ-ემ მოპასუხეების _ ს. და ნ. ო-ეების მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საჯარო რეესტრის ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება, ნ. ო-ის საკუთრებაში აღერიცხა მისი კუთვნილი 1/2 წილი ქორწინების განმავლობაში შეძენილი, ქობულეთში, ... მდებარე (ნ. ო-ისა და ს. ო-ის) თანასაკუთრებიდან. გარდა ამისა, მოსარჩელემ მოითხოვა 2008 წლის 30 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლებით გათვალისწინებული ვალდებულების აღსრულების მიქცევა ნ. და ს. ო-ეების საერთო საკუთრებიდან ნ. ო-ის 1/2 წილზე, რომელიც ამ უკანასკნელს გააჩნდა ქობულეთში, ... (ტომი I, ს.ფ. 2-7).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. ო-ეს დაევალა საჯარო რეესტრის ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურში აღერიცხა ს. ო-ის სახელზე რიცხული და მასთან ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონებიდან, ქობულეთში, ... მდებარე 344 კვ.მ სახლის 15/30 ნაწილიდან მისი კუთვნილი 1/2 წილი; დადგინდა, რომ ქობულეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2008 წლის 30 ივნისს გაცემული ¹2-320 და ¹2-326 სააღსრულებო ფურცლებით გათვალისწინებული ვალდებულების აღსრულება მიქცეულიყო ნ. და ს. ო-ეების საერთო საკუთრებიდან, ქობულეთში, ... მდებარე 344 კვ.მ სახლის 15/30 ნაწილიდან, ნ. ო-ის 1/2 წილზე (ტომი I, ს.ფ. 95-102, 103-104).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ო-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი I, ს.ფ. 108-118).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით ს. ო-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. ყ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: დადგინდა, რომ ქობულეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2008 წლის 30 ივნისს გაცემული ¹2-320 და ¹2-326 სააღსრულებო ფურცლებით გათვალისწინებული ვალდებულებების აღსრულება მომხდარიყო ქობულეთში, ... მდებარე ს. ო-ის სახელზე რიცხული სახლთმფლობელობის 1/2 ნაწილიდან; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტომი II, ს.ფ. 105-114).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ს. და ნ. ო-ეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. ყ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი II, ს.ფ. 119-128).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 იანვრის განჩინებით ს. და ნ. ო-ეების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად (ტომი II, ს.ფ. 186-194). შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და გაიცა სააღსრულებო ფურცელი (ტომი II, ს.ფ. 108-200).
2011 წლის 28 აპრილს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ვ.მ-მა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. განმცხადებელმა მოითხოვა აღსრულების ხელშეწყობის მიზნით ამავე სასამართლოს 2010 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილების განმარტება. განმცხადების თანახმად, ბუნდოვანი იყო სასამართლოს გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილი, კერძოდ, გაურკვეველი იყო ს. ოქროპორიძის სახელზე რიცხული რომელი უძრავი ქონების რეალიზაცია უნდა განხორციელებულიყო. განმცხადებლის მითითებით, საჯარო რეესტრის ამონაწერიდან დგინდებოდა, რომ ს. ო-ის საკუთრებაში ირიცხება 2407 კვ.მ მიწის ნაკვეთის და 334 კვ.მ შენობა-ნაგებობის 15/30 წილი, რომელიც მდებარეობს ქობულეთში, ..... არსებულ ვითარებაში, განმცხადებელმა მოითხოვა სასამართლოს მისთვის განემარტა, რას გულისხმობდა სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი, კერძოდ, ნიშნავს თუ არა აღნიშნული იმას, რომ სასამართლომ დაადგინა:
ა. ს. ო-ის საკუთრებაში არსებული 2407 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 334 კვ.მ შენობა-ნაგებობის 15/30 წილის რეალიზაცია;
ბ. ს. ო-ის საკუთრებაში არსებული 2407 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 334 კვ.მ შენობა-ნაგებობის 15/30 წილის 1/2 ნაწილის რეალიზაცია;
გ. მხოლოდ 334 კვ.მ შენობა-ნაგებობის 15/30 წილის რეალიზაცია (ტომი III, ს.ფ. 2-3).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 მაისის განჩინებით აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ვ.მ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტი შემდეგნაირად განიმარტა: ქობულეთის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული 2008 წლის 30 ივნისის ¹2-320 სააღსრულებო ფურცლისა და ამავე სასამართლოს 2008 წლის 30 ივნისს გაცემული ¹2-326 სააღსრულებო ფურცლებით გათვალისწინებული ვალდებულებების აღსრულება მოხდეს ქ.ქობულეთში, ... მდებარე ს. ო-ის სახელზე რიცხული სახლთმფლობელობის 1/2 ნაწილიდან, ანუ ქ.ქობულეთში, ... მდებარე ს. ო-ის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთის დაუზუსტებელი ფართობის 2407 კვ.მ-ისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის 334 კვ.მ-ის 15/30 ნაწილის 1/2 ნაწილიდან.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ქ.ქობულეთში, ... მდებარე უძრავი ქონების 15/30 ნაწილის მესაკუთრე არის ს. ო-ე. დასახელებული უძრავი ქონება მოიცავს, როგორც მიწის ნაკვეთს, ასევე შენობა-ნაგებობებს, კერძოდ, ს. ო-ის საკუთრებას წარმოადგენს ქ.ქობულეთში, ... მდებარე მიწის ნაკვეთის დაუზუსტებელი ფართობის 2407 და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის 334 კვმ-ის 15/30 ნაწილი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ თავისი 2010 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით აღნიშნული უძრავი ქონების (ქ.ქობულეთში, ... მდებარე მიწის ნაკვეთის დაუზუსტებელი ფართობის 2407 და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის 334 კვმ-ის 15/30 ნაწილის) 1/2 ნაწილის რეალიზაცია დაადგინა, ქობულეთის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული 2008 წლის 30 ივნისის ¹2-320 სააღსრულებო ფურცლისა და ამავე სასამართლოს 2008 წლის 30 ივნისს გაცემული ¹2-326 სააღსრულებო ფურცლებით გათვალისწინებული ვალდებულებების აღსრულების მიზნით (ტომი III, ს.ფ. 18-21).
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ს. ო-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილების განმარტებით სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივად შეცვალა სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლიდან გამომდინარე დაუშვებელია. აღმასრულებელი ითხოვდა სასამართლოს განემარტა, ს. ო-ის სახელზე რიცხულ რომელ ქონებაზე უნდა მიექცია აღსრულება, ხოლო სასამართლომ ზოგადად მიუთითა მთელი მისი ქონების 1/2 წილზე.
კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ საასამართლოს ზემოაღნიშნულმა განმარტებამ კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. აღნიშნული მეტწილად იმითაა განპირობებული, რომ განცხადების განხილვა მოხდა ზეპირი მოსმენის გარეშე. არსებული სახით სასამართლო გადაწყვეტილების განმარტება ლახავს კერძო საჩივრის ავტორის კანონიერ უფლებებს, რადგან სასამართლო გადაწყვეტილებით მის ქონებაზე მიექცა აღსრულება, მაშინ როდესაც იგი არ ყოფილა პირადი მოვალე და ქონება, რომელიც საკუთრების უფლებით ეკუთვნის, ქორწინებამდე მიღებული აქვს ჩუქებით (ტომი III, ს.ფ. 27-28).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ო-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან სასამართლო აღმასრულების განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.
ამ ნორმის თანახმად, მხარეს ან სასამართლო აღმასრულებელს შეუძლია მოითხოვოს გადაწყვეტილების განმარტება იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანია, არაა გასაგებად ჩამოყალიბებული, ან შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან შეუსაბამო დებულებებს, რაც ართულებს ან შეუძლებელს ხდის გადაწყვეტილების აღსრულებას. ამდენად, გადაწყვეტილების განმარტების მიზანია ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების აღსრულებას.
მოცემულ Dშემთხვევაში, განმცხადებლის განმარტებით, გაურკვეველია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი. აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგინდა შემდეგი: ქობულეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2008 წლის 30 ივნისს გაცემული ¹2-320 და ¹2-326 სააღსრულებო ფურცლებით გათვალისწინებული ვალდებულებების აღსრულება მოხდეს ქ.ქობულეთში, ... მდებარე ს. ო-ის სახელზე რიცხული სახლთმფლობელობის 1/2 ნაწილიდან (ტომი II, ს.ფ. 105-114).
საქმეზე წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ.ქობულეთში, ... მდებარე უძრავი ქონების 15/30 ნაწილის მესაკუთრე არის ს. ო-ე. დასახელებული უძრავი ქონება მოიცავს, როგორც მიწის ნაკვეთს, ასევე შენობა-ნაგებობებს, კერძოდ, ს. ო-ის საკუთრებას წარმოადგენს ქ.ქობულეთში, ... მდებარე მიწის ნაკვეთის დაუზუსტებელი ფართობით 2407 და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის 334 კვმ-ის 15/30 ნაწილი (ტომი III, ს.ფ. 11-12).
განმცხადებლის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება მდგომარეობს იმაში, რომ გაურკვეველია, თუ კონკრეტულად რა დაადგინა სასამართლომ: ა. ს. ო-ის საკუთრებაში არსებული 2407 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 334 კვ.მ შენობა-ნაგებობის 15/30 წილის რეალიზაცია, ბ. ს. ო-ის საკუთრებაში არსებული 2407 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 334 კვ.მ შენობა-ნაგებობის 15/30 წილის 1/2 ნაწილის რეალიზაცია, თუ გ. მხოლოდ 334 კვ.მ შენობა-ნაგებობის 15/30 წილის რეალიზაცია (ტომი III, ს.ფ. 2-3).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა თავისი 2010 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი. გადაწყვეტილების აღნიშნულ ნაწილში არსებული დათქმა იმის შესახებ, რომ აღსრულება უნდა განხორციელდეს ქობულეთში, ... მდებარე ს. ო-ის სახელზე რიცხული სახლთმფლობელობის 1/2½ნაწილიდან, გულისხმობს იმას, რომ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მითითებული სახლთმფლობელობის სწორედ ის 1/2 ნაწილი, რაც აღსრულების დროისათვის საჯარო რეესტრის მონაცემებით ს. ო-ის საკუთრებაში ირიცხება. რამდენადაც განცხადებაზე თანდართული საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ს. ო-ის საკუთრებას წარმოადგენს ქ.ქობულეთში, ... მდებარე მიწის ნაკვეთის (დაუზუსტებელი ფართობით) – 2407 კვ.მ-ის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის 334 კვ.მ-ის 15/30 ნაწილი, ამიტომ, ცხადია, რომ აღსრულება უნდა მოხდეს სწორედ მითითებული ქონების 1/2 ნაწილიდან.
კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების განმარტებით ფაქტიურად შეცვალა ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი. აღნიშნულს საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების განმარტებით მოხდა იმ უძრავი ქონების რეკვიზიტების დაზუსტება, დაკონკრეტება, რომლის რეალიზაციაც უნდა განხორციელდეს აუქციონზე.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გადაწყვეტილების არასწორი განმარტება გამოიწვია განმარტების საკითხის განხილვამ ზეპირი მოსმენის გარეშე. საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაეწყვიტა ზეპირი მოსმენის გარეშე. გარდა ამისა, კერძო საჩივრის ავტორი ვერ უთითებს, თუ საქმის ზეპირი მოსმენის შემთხვევაში, კონკრეტულად რომელი საკითხების გამორკვევა იქნებოდა შესაძლებელი, რომლებიც გამოიწვევდნენ სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. ო-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.