საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100121004900234
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №143აპ-22 ქ. თბილისი
კ-ე ნ, 143აპ-22 23 მაისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ნოემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ემზარ ფუხაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 სექტემბრის განაჩენით:
1.1. ნ. კ-ე, - დაბადებული ... წლის ... ნოემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. კ-მ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 15:20 საათზე, თ-ი, კ. ა-ა და ჯ-ს ქუჩების კვეთაზე, ნ. კ-მ, რომელიც მართავდა ,,მერსედესის“ მარკის ავტომობილს, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართის, საგზაო პრიორიტეტის ნიშანი 2.3-ის მოთხოვნები, არ დაემორჩილა საგზაო ნიშანს ,,დაუთმე გზა“, გააგრძელა მოძრაობა და გზაჯვარედინზე შეეჯახა ,,სიმის“ მარკის მოტოციკლს, რომელსაც მართავდა გ. ხ-ი. შეჯახების შედეგად მოტოციკლმა დაკარგა მართვა და შეეჯახა გზაჯვარედინის კუთხეში მდგომ ქვეითს - მ. ნ-ს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მ. ნ-ა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ნოემბრის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ემზარ ფუხაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ნოემბრის განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანა, კერძოდ: ნ. კ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით და უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება; ასევე მსჯავრდებულისათვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა საქნციით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით.
4.1. მსჯავრდებულ ნ. კ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. მ-მ შესაგებლით მოითხოვა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ემზარ ფუხაშვილის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ნოემბრის განაჩენის ძალაში დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: დაზარალებულ მ. ნ-ა და მოწმეების - ბ. ბ-ს, გ. ხ-ს, გ. ს-ს გამოკითხვის ოქმები, ცნობა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ, ვიდეოჩანაწერი და ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №.... დასკვნა, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ავტოტექნიკური ექსპერტიზის №... და სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №... დასკვნები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მსჯავრდებულ ნ. კ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.
7. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს მხოლოდ მსჯავრდებულ ნ. კ-ს დანიშნული სასჯელის დამძიმებას.
8. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით“ (,,ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (Kuparadze v. Georgia), N30743/09, 21/09/2017, §76); საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ ზემოხსენებული ,,მცირე დასაბუთება“ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-33 ნაწილთან ერთობლივად უნდა განიმარტოს და საბოლოოდ, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება უნდა შეიცავდეს კასატორის მიერ მითითებული დასაშვებობის საფუძვლების არგუმენტირებულ უარყოფას. აღნიშნული, თავის მხრივ, გულისხმობს არა აბსოლუტურად ყველა არგუმენტზე პასუხების დეტალურად გაცემას, არამედ იმ ფაქტორებზე მითითებას, რომლებიც გადამწყვეტია კონკრეტული საქმის შედეგისათვის (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ,,ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ,“ (Lobzhanidze and Peradze v. Georgia), N21447/11, N35839/11, 27/02/2020, §66).
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე - შემამსუბუქებელ გარემოებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით და უნდა იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
11. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორ ემზარ ფუხაშვილის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ნ. კ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, რისი მხედველობაში მიღებითაც, მსჯავრდებულ ნ. კ-ს შეუფარდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა (საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ), კერძოდ: ნ. კ-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, პირველადაა სამართალში, სტუდენტია, მან ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ არ შეიძლება უგულებელყოფილ იქნეს კანონმდებელის ჩანაწერი განსახილველი დანაშაულისათვის სასჯელის ერთ-ერთ სახედ ჯარიმის დაწესებასთან დაკავშირებით, რაც იმთავითვე გულისხმობს, რომ შესაბამისი ზოგადსავალდებულო ელემენტების გათვალისწინებით, აღნიშნული სახის ქმედებისათვის შესაძლებელია დამნაშავისათვის შემაკავებელ ფაქტორს წარმოადგენდეს ჯარიმაც.
13. სახელმწიფო ბრალმდებელი მსჯავრდებულ ნ. კ-ს შეფარდებული სასჯელის დამძიმების მოთხოვნისას საკასაციო საჩივარში აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მას არ აუნაზღაურებია მიყენებული ზიანი, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების საკითხი ვერ გახდება სასჯელის დამძიმებისათვის გადამწყვეტი არგუმენტი იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულ მხარეს ზიანის ანაზღაურების მოტივით შეუძლია სასამართლოს მიმართოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ანაზღაურებული ზიანი შესაძლებელია, გახდეს მსჯავრდებულისთვის სასჯელის შემსუბუქების წინაპირობა, თუმცა დამძიმებისათვის უპირობო არგუმენტად ვერ განიხილება.
14. რაც შეეხება ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილი ძირითად სასჯელთან ერთად იმპერატიულად არ ითვალისწინებს თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას; აღნიშნული წარმოადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას და არა - ვალდებულებას.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ემზარ ფუხაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი