საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 23.05.2022
საქმის ნომერი
2კ-258აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.05.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100121004894520

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №258აპ-22 ქ. თბილისი

გ.რ. 258აპ-22 23 მაისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 31 დეკემბრის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი შვანგირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. გ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. რ. გ–ისათვის ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. ქ–ში, ნ–ს ქ. მე-.. შეს. №..-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის წინ, სადარბაზოში, რ. გ–მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან (12 წლის) შვილს - ლ. გ–ს, კერძოდ, კისერში მოუჭირა ხელი, რის შემდეგაც ლ. გ–ე ატირდა და ხელები აიფარა სახეზე, ხოლო რ. გ–მ ხელი მოჰკიდა ხელზე ძლიერად და ჩამოაწევინა. აღნიშნული ქმედებების შედეგად ლ. გ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით:

3.1. რ. გ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

3.2. გამართლებულ რ. გ–ს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გვანცა ტაბატაძემ მოითხოვა რ. გ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დამნაშავედ ცნობა და კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 31 დეკემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი რ. გ–ის მიმართ დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 31 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ირაკლი შვანგირაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და რ. გ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის დანიშვნას.

6.1. პროკურორის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია გამართლებულ რ. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - თ. ა–ს შესაგებელი ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი შვანგირაძის საკასაციო საჩივრი დაუშვებლად ცნობის მოთხოვნით.

7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no.36755/06, §31, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

9. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რ. გ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გამართლების შესახებ და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი რ. გ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების - მის მიერ შვილის, ლ. გ–ს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის(რითიც განიცადა ფიზიკური ტკივილი) ფაქტის დასადასტურებლად.

10. სამედიცინო ექსპერტიზის N..... დასკვნის თანახმად, 2021 წლის 14.07.2021წ. 12:52-13:04სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ლ. გ–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხოლო ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

11. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება დაზარალებულის სხეულზე დაზიანებების არსებობა, ობიექტურად შეუძლებელია ექსპერტის დასკვნით განისაზღვროს დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა. შესაბამისად, მხოლოდ ექსპერტიზის საფუძველზე იმის მტკიცება, რომ მსხვერპლს დაზიანება მიაყენა კონკრეტულმა პირმა, შეუძლებელია და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს, რაც ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი.

12. სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ლ. გ–მ(რ. გ–ის შვილმა) და მოწმე - დ. გ–მ(რ. გ–ის დამ) ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში, ხოლო კონსტიტუციური დანაწესის თანახმად (31-ე მუხლის მე-7 პუნქტი), გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და ასევე არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

16. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი შვანგირაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე