საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 30.05.2022
საქმის ნომერი
2კ-144აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.05.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 180100121004827350

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №144აპ-22 ქ. თბილისი

წ-ი ლ, 144აპ-22 30 მაისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ნოემბრის განაჩენზე მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნელი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისის განაჩენით:

1.1. ლ. ჭ-ე, - დაბადებული ... წლის ... აპრილს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი.

1.2. ლ. ჭ-ს საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე აეკრძალა დაზარალებულ ბ. ზ-ს საცხოვრებელ სახლთან მიახლოება და მასთან კომუნიკაცია პირობითი მსჯავრის პერიოდში.

1.3. ზ. წ-ი, - დაბადებული .... წლის ..... იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი.

1.4. ზ. წ-ს საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე აეკრძალა დაზარალებულ ბ. ზ-ს საცხოვრებელ სახლთან მიახლოება და მასთან კომუნიკაცია პირობითი მსჯავრის პერიოდში.

1.5. ლ. წ-ი, - დაბადებული .... წლის ... მაისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი.

1.6. ლ. წ-ს საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე აეკრძალა დაზარალებულ ბ. ზ-ს საცხოვრებელ სახლთან მიახლოება და მასთან კომუნიკაცია პირობითი მსჯავრის პერიოდში.

1.7. მსჯავრდებულების - ლ. ჭ-ს, ზ. წ-ა და ლ. წ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. ლ. ჭ-ს, ზ. წ-ა და ლ. წ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 7500 ლარის ფარგლებში, მ. ჭ-ს (პ/ნ ....) საკუთრებაში არსებული, ყადაღა დადებული ქონება, მდებარე: დ-ს მუნიციპალიტეტი, სოფელი თ-ი, ფართობი - 8323.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი: ...... უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ჭ-მ, ზ. წ-ა და ლ. წ-ა ჩაიდინეს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი ჯგუფურად, ესე იგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2021 წლის 9 თებერვალს, დაახლოებით 09:20 საათზე, დ-ს რაიონის სოფელ თ-ი, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ზ. წ-ა, ლ. წ-ა და ლ. ჭ-მ ჯგუფურად სცემეს ბ. ზ-ს, რა დროსაც თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში განზრახ მრავალჯერ დაარტყეს გაშლილი ხელი, მუშტები და ფეხები, რის შედეგადაც ბ. ზ-მ მიიღო მარჯვენა და მარცხენა ქვედა ყბების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის, მაგრამ მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ნოემბრის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

3.2. ლ. ჭ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი.

3.3. მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით.

3.4. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე ლ. ჭ-ს პირობითი მსჯავრის პერიოდში აეკრძალა დაზარალებულ ბ. ზ-ს საცხოვრებელ სახლთან მიახლოება და მასთან კომუნიკაცია.

3.5. ზ. წ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი.

3.6. მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით.

3.7. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე ზ. წ-ს პირობითი მსჯავრის პერიოდში აეკრძალა დაზარალებულ ბ. ზ-ს საცხოვრებელ სახლთან მიახლოება და მასთან კომუნიკაცია

3.8. ლ. წ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი.

3.9. მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით.

3.10. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე ლ. წ-ს პირობითი მსჯავრის პერიოდში აეკრძალა დაზარალებულ ბ. ზ-ს საცხოვრებელ სახლთან მიახლოება და მასთან კომუნიკაცია.

3.11. ცნობად იქნა მიღებული, რომ ლ. ჭ-ს, ზ. წ-ა და ლ. წ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, მაია ჭიკაიძის (პ/ნ ....) საკუთრებაში არსებულ ქონებას, მისამართზე: დ-ს მუნიციპალიტეტი, სოფელი თ-ი, ფართობი - 8323.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი: .....

4. კასატორმა - მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნელი ორჯონიკიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულების - ლ. ჭ-ს, ზ. წ-ა და ლ. წ-ს მკაცრი სასჯელების შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. მსჯავრდებულების - ლ. ჭ-ს, ზ. წ-ა და ლ. წ-ს მიერ მათთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულების აღიარებითი ჩვენებებით, მოწმეების - ბ. ზ-ს, გ. ქ-ს, ი. მ-ს, მ. ჭ-ს, მ. ზ-ს, ლ. წ-ს, თ. ქ-ს, გ. წ-ს, ი. ი-ს, ხ. ო-ს, ზ. წ-ს, ლ. ჭ-ს გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ფოტოცხრილით, ამოღების ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებითა და ფოტოცხრილებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №.... დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.

7. მოცემულ შემთხვევაში კასატორმა მოითხოვა მხოლოდ მსჯავრდებულების - ლ. ჭ-ს, ზ. წ-ა და ლ. წ-ს დანიშნული სასჯელების დამძიმება.

8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზეც, რომლის მიხედვითაც, ,,აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება N1/6/770 საქმეზე: ,,საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

10. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორ ნელი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულების - ლ. ჭ-ს, ზ. წ-ა და ლ. წ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელების გამკაცრების თაობაზე და მიაჩნია, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. ამდენად, კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა არ გულისხმობს მის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს, სასჯელის მიზნების მიღწევის თვალსაზრისით.

11. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულების - ლ. ჭ-ს, ზ. წ-ა და ლ. წ-ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულების აღიარება და სინანული ჩადენილი ქმედების გამო; ის გარემოება, რომ ზ. წ-ა, ლ. წ-ა და ლ. ჭ-მ საქმეში არსებული მტკიცებულებები მიიჩნიეს პრეიუდიციად, რითაც ხელი შეუწყეს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას; ბრალის წარდგენიდან სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვამდე არ წარმოდგენილა ინფორმაცია მათი მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შესახებ; სამივე მსჯავრდებულს გამოსაცდელი ვადის პერიოდში აკრძალული აქვს დაზარალებულ ბ. ზ-ს საცხოვრებელ სახლთან მიახლოება და მასთან კომუნიკაცია, რაც ასევე წარმოადგენს დამატებით გარანტიას მათი რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისთვის; ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე (მათ ჩაიდინეს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული), ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, ქმედებებში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება და დამდგარი შედეგი (ლ. წ-ა და ლ. ჭ-მ ჯგუფურად სცემეს ბ. ზ-ს, რა დროსაც დაზარალებულმა მიიღო მარჯვენა და მარცხენა ქვედა ყბების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ზ. წ-ა, ლ. წ-ა და ლ. ჭ-მ ძალადობა შეწყვიტეს მას შემდეგ, რაც სხვა პირებმა მოუწოდეს ძალადობის შეწყვეტისკენ), ასევე - მსჯავრდებულების წარსული ცხოვრება (ზ. წ-ი, ლ. წ-ი და ლ. ჭ-ე პირველად არიან სამართალში), რისი მხედველობაში მიღებითაც, შეუფარდა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რომელიც სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.

12. ამასთან, საკასაციო სასამართლო გვერდს არ აუვლის დაზარალებულ ბ. ზ-ს მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ პოზიციებს, რომელთა თანახმადაც, მსჯავრდებულების - ზ. წ-ს, ლ. წ-ა და ლ. ჭ-ს შეფარდებული სასჯელების დამძიმების მოთხოვნისას აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მათ არ აუნაზღაურებიათ მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანი. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების საკითხი ვერ გახდება სასჯელის დამძიმებისათვის გადამწყვეტი არგუმენტი იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულ მხარეს ზიანის ანაზღაურების მოტივით შეუძლია სასამართლოს მიმართოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ანაზღაურებული ზიანი შესაძლებელია, გახდეს მსჯავრდებულისთვის სასჯელის შემსუბუქების წინაპირობა, თუმცა დამძიმებისათვის უპირობო არგუმენტად ვერ განიხილება.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნელი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი