საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100121004378451
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №138აპ.-22 11 მაისი, 2022 წელი
ტ–ე გ., 138აპ.-22 ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ტ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ა. რ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 12 ივლისის განაჩენით გ. ტ–ე (პირადი ნომერი: ........) ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.
1.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ტ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
1.3. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ტ–ემ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში: გ. ტ–ემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა სროლისათვის ვარგისი ცეცხლსასროლი იარაღი - 9მმ ნომინალურკალიბრიანი ,,GOLD STAR-2002“ მოდელის №..... პისტოლეტი და გამოსაყენებლად ვარგისი საბრძოლო მასალა - ქარხნული წესით დამზადებული, 4,5 მმ დიამეტრის ჭურვით, თვითნაკეთი წესით, დამუხტული, 9მმ ნომინალურკალიბრიანი 4 ვაზნა. როგორც ცეცხლსასროლ იარაღს, ისე საბრძოლო მასალას, 2021 წლის 18 იანვარს, თ–ში, ბ–ს ქუჩა №.., ბინა №.... გ. ტ–ე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა და ინახავდა.
2. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 12 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად, კერძოდ: გ. ტ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ტ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ვადის ათვლა დაეწყო 2021 წლის 18 იანვრიდან.
3. კასატორის პოზიცია:
3.1. 2021 წლის 9 დეკემბერს მსჯავრდებულმა გ. ტ–ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. რ–მ საკასაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ნოემბრის განაჩენი და მოითხოვეს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: სასჯელის შემსუბუქება და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით გ. ტ–ს შეფარდებული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა.
3.2. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ გ. ტ–ს შეფარდებული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მის პიროვნულ მახასიათებლებს, კერძოდ: სასამართლოებმა სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინეს გ. ტ–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, არ არის ნასამართლევი და ადმინისტრაციულსახდელდადებული, აქვს უმაღლესი განათლება) და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის შეფარდებული სასჯელის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით შემსუბუქების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად: „ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან“.
4.2. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ. ტ–ეს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას, კერძოდ: იგი დააკავეს 2021 წლის 18 იანვარს, ღამის საათებში, ქალაქ თ–ში, ბ–ს ქუჩა N.., ბინა ...-ში, ვინაიდან მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მის მიერვე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ და შენახულ ცეცხლსასროლ იარაღს. ამდენად, სასამართლო მოკლებულია საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების სამართლებრივ შესაძლებლობას. ამასთან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება, მასში გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის დროსაც კი, წარმოადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას და არა – ვალდებულებას.
4.3. საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ გ. ტ–სთვის შეფარდებული სასჯელი არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და პიროვნებას, ვინაიდან გ. ტ–ეს სწორედ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.
4.4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმს და იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.5. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ტ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ა. რ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე