საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 10.05.2022
საქმის ნომერი
2კ-140აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.05.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 190100119003304117

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №140აპ.-22 10 მაისი, 2022 წელი

ღ–ე ზ., 140აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. 2019 წლის 31 ოქტომბერს ზ. ღ–ე (პირადი ნომერი: .......) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში), რაც გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 28 ოქტომბერს, დაახლოებით 8 საათზე, .........ის მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალო ვალდებულებასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, ზ. ღ–ე, დანის დემონსტრირებით, მოკვლით დაემუქრა პ. თ–ს, რის შედეგადაც პ. თ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ნოემბრის განაჩენით ზ. ღ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორის პოზიცია:

4.1. 2021 წლის 16 დეკემბერს პროკურორმა ზურაბ კოჭლამაზაშვილმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 ნოემბრის განაჩენი და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, კერძოდ, ზ. ღ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

4.2. საკასაციო საჩივრის ავტორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის: დაზარალებულის ჩვენებით, მოწმეების - ს. თ–სა და გ.ა ხ–ს ჩვენებებით, 112-ის ჩანაწერის დათვალიერების ოქმით დადასტურებულია ზ. ღ–ს მიერ მუქარის ჩადენა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ერთმანეთთან შეთანხებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაასტურებდა პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

5.2. განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მათი კონფლიქტი წარმოშობილია სასესხო ვალდებულებიდან, რის გამოც უთანხმოება არაერთხელ ჰქონიათ. ასევე, მხარეები არ უარყოფენ 2019 წლის 28 ოქტომბერს იმავე მიზეზით შელაპარაკების ფაქტს. დადასტურების საგანს წარმოადგენს მხოლოდ შემთხვევის დღეს ზ. ღ–ს მხრიდან პ. თ–ს მიმართ დანის დემონსტრირებით დამუქრების ფაქტი, რასაც კატეგორიულად უარყოფს ზ. ღ–ე, ხოლო საწინააღმდეგოს ამტკიცებენ დაზარალებული და მისი მამა, რომელიც ფაქტის თვითმხილველია.

5.3. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც, დაზარალებულ პ. თ–სა და მოწმე ს. თ–ს ჩვენებები განსახილველ შემთხვევაში ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, ვინაიდან არ არის თანხვდენილი ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ სხვა მტკიცებულებებთან, მათ შორის - დანაშაულის შესახებ შეტყობინების ოქმთან. აღსანიშნავია, რომ ს. თ–ს მიერ განხორციელებულ შეტყობინებაში მითითებულია, რომ მისთვის უცნობი პირი დანით დაემუქრა, თუმცა მისივე ჩვენებით ირკვევა, რომ ზ. ღ–ე მან შვილის სამძიმარზე გაიცნო. გარდა ამისა, ზ. ღ–ეს ბრალდების მხარე ედავება პ. თ–ს მიმართ ჩადენილ მუქარას და არა - ს. თ–ს მიმართ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას, როგორც ეს მითითებულია ზემოხსენებულ შეტყობინებაში. ამ ვითარებაში გასათვალისწინებელი გარემოებაა ისიც, რომ საქმეზე არ არის ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება - დანა.

5.4. რაც შეეხება 112-ში დაფიქსირებული N...... შეტყობინების აუდიოჩანაწერის დათვალიერების ოქმს, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ასევე იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის დასაბუთებას, რომლის თანახმადაც, დათვალიერების ოქმი ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია. საქმის მასალებით დადგენილია, რომ წინასასამართლო სხდომაზე 112-ში 2019 წლის 28 ოქტომბერს დაფიქსირებული აუდიოჩანაწერი დაუშვებელ მტკიცებულებად იქნა ცნობილი, ვინაიდან მოპოვებული იყო კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით. შესაბამისად, ამ მტკიცებულების საფუძველზე მოპოვებული დათვალიერების ოქმიც ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველი, ვინაიდან მისი წყარო - CD დისკი, მასზე ასახული აუდიოჩანაწერით, მიჩნეულია კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებად.

5.5. ამდენად, ზ. ღ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება ემყარება პირდაპირ მტკიცებულებებს - დაზარალებულ პ. თ–სა და მოწმე ს. თ–ს ჩვენებებს, რომლებიც სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ - დანაშაულის შესახებ შეტყობინებასთან და ზ. ღ–ს ჩვენებასთან შეპირისპირებისას, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეებს შორის არსებობდა დავა სასესხო ვალდებულებიდან გამომდინარე - ქმნის ეჭვს მათი უტყუარობის შესახებ. რაც შეეხება მოწმე გ. ხ–ს ჩვენებას, იგი არ არის ფაქტის თვითმხილველი მოწმე და იმეორებს მხოლოდ დაზარალებულისა და მისი მამის ნაამბობს, რაც განსახილველ შემთხვევაში ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.

5.6. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ ,,ირიბი ჩვენება, …. შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში მხოლოდ ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.7. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე