საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 150100120003936995
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №111აპ.-22 14 აპრილი, 2022 წელი
დ–ი გ., 111აპ.-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განაჩენზე ახალქალაქი- ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2020 წლის 4 ივლისს გ. დ–ი (პირადი ნომერი: ....) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).
1.2. აღნიშნული დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:
- 2020 წლის 3 ივლისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ა–ს რაიონის სოფელ მ–ში, გ. დ–მ ავტომანქანით გასეირნებასთან დაკავშირებით მომხდარი ოჯახური კონფლიქტისას, ქვა ესროლა თავის მშობლებს: ა. დ–სა და ვ. დ–ს. ქვა ხელში მოხვდა ა. დ–ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2020 წლის 3 ივლისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ა–ს რაიონის სოფელ მ–ში მომხდარი ოჯახური კონფლიქტისას, ა. დ–სთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ მშობლებზე გაღიზიანებული გ. დ–ი მოკვლით დაემუქრა დედას - ა. დ–ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და დახმარებისათვის სამართალდამცავ ორგანოს მიმართა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 სექტემბრის განაჩენით გ. დ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განაჩენით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორის პოზიცია:
4.1. 2021 წლის 9 დეკემბერს პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განაჩენი და მოითხოვა გ. დ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.
4.2. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის: ა. დ–ს 2020 წლის 3 ივლისის განცხადებით, სამედიცინო ბარათით, მოწმე ს. ხ–ს, ა. ჩ–ს, ნ. ჩ–ს ჩვენებებით, სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია მსჯავრდებულის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერი და დასაბუთებელია, რადგან გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად არ დადასტურდა გ. დ–ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, კერძოდ:
5.2. დაზარალებულმა ა. დ–მა და მოწმემ - ვ. დ–მა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენეს მათთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება და ჩვენება არ მისცეს ახლო ნათესავის - გ. დ–ის წინააღმდეგ; მოწმეები - ს. ხ–ი, ა. ჩ–ი და ნ. ჩ–ი არ არიან ფაქტის თვითმხილველი პირები და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გადმოსცემენ მხოლოდ ირიბ ინფორმაციას, ხოლო განცხადება დანაშაულის შესახებ არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით შეუძლებელია განცხადებაში აღწერილი ფაქტების ნამდვილობის გადამოწმება. ასეთ ვითარებაში შეტყობინება დანაშაულის შესახებ ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულის ჩვენებას და ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.
5.3. რაც შეეხება ა. დ–ს სამედიცინო N...... ბარათსა და მის საფუძველზე გაცემულ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას (უდავო მტკიცებულებები), აღნიშნული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ მათში წარმოდგენილია დაზარალებულ ა. დ–ს განმარტება, რომლის თანახმადაც, შვილმა - გ. დ–მ შემთხვევით გაქნეული ქვა მოარტყა ხელში, რის შემდეგაც დაეწყო ტკივილები მარცხენა მტევნის არეში, რომელმაც თავისით გაუარა. შესაბამისად, მტკიცება იმისა, რომ გ. დ–მ დაზარალებულზე იძალადა, აღნიშნული მტკიცებულებებით შეუძლებელია. აღსანიშნავია ისიც, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ა. დ–ს სხეულზე დაზიანების რამე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
5.4. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება, რომ გ. დ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
5.5. არასაკმარისია ბრალდების მხარის მტკიცებულებები მუქარის ნაწილშიც, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ნიშნების: მუქარისა და დაზარალებულის მიერ ამ ფაქტის აღქმისა და მისი ჩადენის საფუძვლიანი შიშის არსებობა.
5.6. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი ბრალდების მხარის იმ პოზიციის გასაზიარებლად, რომ გ. დ–მ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ მუქარა და ოჯახში ძალადობა. პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი უტყუარობის, გ. დ–ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და დაასკვნა, რომ აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდება მის მიერ დანაშაულების ჩადენა.
5.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმს და იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე