საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 060100122005386015
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №400აპ-22 ქ. თბილისი
ბ. შ. 400აპ-22 10 ივნისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 1 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ შ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - რ. ხ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით შ. ბ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ,,მარიხუანის“ უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: შ. ბ–მ გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში, უკანონოდ შეიძინა და ხ-ს რაიონის სოფელ მ-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში შეინახა ნარკოტიკული საშუალება - 21,17 გრამი გამომშრალი ,,მარიხუანა“, რაც 2021 წლის 3 დეკემბერს ამოიღეს მისი სახლის ჩხრეკისას.
3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 იანვრის განაჩენით შ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1000 ლარი;
შ. ბ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. ადვოკატმა რ. ხ–მ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ჯარიმის სახით დანიშნული 1000 ლარის 500 ლარამდე შემცირება და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის გაუქმება, ხოლო სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა იგარ ფეტვიაშვილმა ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისათვის კანონიერი სასჯელის დანიშვნა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 1 მარტის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
შ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 2000 ლარი;
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 1 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ შ. ბ–ს ადვოკატმა რ. ხ–მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და სასჯელის შემსუბუქებას.
6.1. ამასთან, ადვოკატი საკასაციო საჩივარში, სააპელაციო საჩივრის იდენტურად, ითხოვს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვას, რათა მიეცეს შესაძლებლობა, სასამართლოს წარუდგინოს საპროცესო შეთანხმება.
7. ადვოკატის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა იგარ ფეტვიაშვილმა, რომელიც ითხოვს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარის დაუშვებლად ცნობას.
8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no.36755/06, §31, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ, შ. ბ–ს მიმართ დანიშნული ჯარიმის - 2000 ლარი - შემცირებას და ჯარიმის მინიმალური ოდენობით ან პირობითი მსჯავრის დანიშნვას (4 - სულიანი ოჯახის ერთადერთ მარჩენალ შ. ბ–სათვის ჯარიმის მითითებული ოდენობით დაკისრება მკაცრი სასჯელია); ასევე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის გაუქმებას, რადგან ოჯახის შემოსავლის წყარო სწორედ სატრანსპორტო საშუალებაა. ბრალდების მხარე შესაგებლით ითხოვს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეებს შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ შ. ბ–მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა 21,17 გრამი ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი ,,მარიხუანა“, რაც 2021 წლის 3 დეკემბერს ამოიღეს მისი სახლის ჩხრეკისას. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია იმ არგუმენტების გამეორება, რომლებმაც შ. ბ–ს მსჯავრდება განაპირობა და რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
11. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის დავის საგანია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი.
12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და შ. ბ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებშია.
13. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილთან მიმართებით ამავე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის მითითება - ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს შესაბამისი ქმედებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ოთხმაგ ოდენობაზე ნაკლები, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლზე მითითებად, მაშინ როცა განსახილველი შემთხვევისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451-ე მუხლი სპეციალური ნორმაა და ითვალისწინებს მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან/და გადაგზავნისათვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. ამასთან, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილი და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451-ე მუხლის პირველი ნაწილი, ორივე შემთხვევაში, იწვევს დაჯარიმებას 500 ლარით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ შ. ბ–ს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ყველაზე მსუბუქი სახის სასჯელის მინიმალური ოდენობა (საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილი სანქციის სახით ითვალისწინებს - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას სამოციდან ორას ოც საათამდე ვადით); ამასთან, ამავე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად, მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს შესაბამისი ქმედებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ოთხმაგ ოდენობაზე ნაკლები, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან/და გადაგზავნა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის მოთხოვნა დანიშნული ჯარიმის შემცირების თაობაზე არის უსაფუძვლო. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას შ. ბ–ს მიმართ სასჯელის სახით პირობითი მსჯავრის გამოყენების შესახებ, რადგან საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახედ არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 2000 ლარი - არის კანონიერი (იმავდროულად არის სასჯელის მინიმალური ოდენობა) და არ არსებობს მისი შეცვლის სამართლებრივი საფუძველი. საკასაციო სასამართლო, უსაფუძვლობის გამო, ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას გასაჩივრებული განაჩენის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის ნაწილში გაუქმების თაობაზე, ვინაიდან მსჯავრდებულს ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამორთმეული აქვს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. კერძოდ, მითითებული კანონის მე-3 მუხლი იმპერატიულად ადგენს, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს (აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ასეთად ითვლება მათ შორის პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების - მცენარე კანაფის ან მარიხუანის - გასაღების მიზანი)) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთმევა 5წლით. შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნული ღონისძიების გამოყენება არ წარმოადგენს სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, არ არსებობს კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების და აღნიშნულ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 1 მარტის განაჩენის გადასინჯვის შესაძლებლობა.
14. რაც შეეხება ადვოკატის მოთხოვნას საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე იმ მოტივით, რომ მიეცეს შესაძლებლობა, სასამართლოში წარმოადგინოს საპროცესო შეთანხმება, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადვოკატი სააპელაციო საჩივრით ასევე ითხოვდა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვას იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, თუმცა ამ დრომდე მხარეებს არ წარმოუდგენიათ რაიმე დოკუმენტი, რომელიც მიუთითებდა საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მოლაპარაკების დაწყებას, ხოლო საქართველოს სსსკ-ის 209-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება, საქართველოს სსსკ-ის 210-ე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად კი, საპროცესო შეთანხმების დადების შეთავაზება შეუძლია როგორც ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ისე - პროკურორს. შესაბამისად, მხარეები არ იყვნენ შეზღუდულნი, ერთმანეთისათვის მიემართათ საპროცესო შეთანხმების დადების შეთავაზებით, იმისგან დამოუკიდებლად, სააპელაციო/საკასაციო სასამართლო საქმეს განიხილავს ზეპირი მოსმენით, თუ მის გარეშე.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
16. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
18. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 1 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ შ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - რ. ხ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე