დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1513-1520-2011 7 ნოემბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუნუ კვანტალიანი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ტ. კ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ღ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ალიმენტისა და დამატებითი ხარჯების დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ტ. კ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ღ-ის მიმართ არასრულწლოვანი შვილის _ ე. ღ-ის სასარგებლოდ, მის სრულწლოვანებამდე ალიმენტის სახით ყოველთვიურად 300 ლარის, დამატებითი ხარჯების _ 100 ლარისა და სასამართლო ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ დროებით უმუშევარია, მის კმაყოფაზე იმყოფება მეუღლე რეგისტრირებული ქორწინებიდან და სამი არასრულწლოვანი შვილი, შესაბამისად, მოთხოვნილი ოდენობით თანხის გადახდას ვერ მოახერხებს, რის გამოც თანხმობა განაცხადა ალიმენტის სახით 50, ხოლო დამატებითი ხარჯების სახით 20 ლარის ანაზღაურებაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით ტ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ზ. ღ-ეს 2011 წლის 17 მაისიდან შვილის სრულწლოვანებამდე ალიმენტის სახით დაეკისრა თვეში 70 ლარის გადახდა, ასევე დამატებითი ხარჯის _ 100 ლარისა და იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 აგვისტოს განჩინებით ტ. კ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება მხარეებს გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით. სასამართლოს გზავნილის თანმახმად, აპელანტ ტ. კ-ას წარმომადგენელ ა. ბ-ეს გადაწყვეტილება ჩაბარდა სამუშაო ადგილზე (ოფისმენეჯერს ი.მ-ეს) 2011 წლის 4 ივლისს. ტ. კ-ას სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეტანილია 2011 წლის 19 ივლისს.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, 74-ე მუხლის პირველი ნაწილით, 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 369-ე, 374-ე მუხლებით და განმარტა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 ივნისის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის 2011 წლის 4 ივლისს მხარის წარმომადგენლისათვის ჩაბარების ფაქტიდან გამომდინარე, გასაჩივრების ბოლო ვადა 2011 წლის 18 ივლისი იყო. ვინაიდან, ტ. კ-ას სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეტანილ იქნა 2011 წლის 19 ივლისს, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის დარღვევით, პალატამ ჩათვალა, რომ არ არსებობდა ტ.კ-ას სააპელაციო საჩივრის დაშვების წინაპირობა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ტ. კ-ას წარმომადგენელმა ა. ბ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით:
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად განსაზღვრა სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი საპროცესო ვადა, რადგანაც სასამართლო გადაწყვეტილება ჩაბარდა არა მხარის წარმომადგენელს, არამედ საადვოკატო ბიუროს ოფისმენეჯერს და გადაწყვეტილების უშუალოდ ა. ბ-ისათვის გადაცემა მოხდა 2011 წლის 6 ივლისს. აღნიშნული წარმოადგენს საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს და მან სააპელაციო საჩივარი სწორედ კანონით დადგენილ ვადაში წარადგინა სასამართლოში.
კერძო საჩივრის ავტორმა ასევე წარმოადგინა ოფისმენეჯერ ინგა მ-ის ახსნა-განმარტება, რომლის თანახმადაც სასამართლო გადაწყვეტილება მან ა. ბ-ეს ჩააბარა 2011 წლის 6 ივლისს, ასევე წარმოდგენილია სპს «ჯ. დ-ის ჯგუფის» ხელმძღვანელ ჯ.დ-ის 2008 წლის 1 ივლისის ¹4 ბრძანება ოფისმენეჯერად ინგა მ-ის დანიშვნის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე ტ.კ-ა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ტ. კ-ას წარმომადგენელ ა. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საქმის მასალებით დასტურდება და ამას არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაეგზავნა მოსარჩელის წარმომადგენელს სამუშაო ადგილის მიხედვით სარჩელში მითითებულ მისამართზე და სასამართლოში დაბრუნებული სასამართლო შეტყობინებით დასტურდება, რომ გზავნილი 2011 წლის 4 ივლისს ჩაბარდა იფისმენეჯერ ი.მ-ეს (იხ. ს.ფ.69). დადასტურებულია და ამას არც მხარე უარყოფს, რომ სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ა. ბ-ემ წარადგინა 2011 წლის 19 ივლისს (იხ. ს.ფ.71). კერძო საჩივრის ანალიზისა და მასზე დართული მტკიცებულებებით დასტურდება ის გარემოებაც, რომ გზავნილის მიმღები ი.მ-ე ორგანიზაციის უფლებამოსილი თანამშრომელია.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VIII თავზე, რომლითაც განსაზღვრულია სასამართლო შეტყობინებისა და დაბარების წესები და ამომწურავადაა რეგულირებული სასამართლო კორესპოდენციის მიღება-გაგზავნის წესები. ამავე თავის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია სასამართლო შეტყობინების ზოგადი წესი და დადგენილია, რომ მხარე ინფორმირებულად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ შეტყობინება ჩაბარდა მას პირადად, მის წარმომადგენელს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 74-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია შემთხვევა, როდესაც შეტყობინება მხარეს ან მის წარმომადგენელს ეგზავნება სამუშაო ადგილის მიხედვით, კერძოდ, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო, თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
დასახელებული ნორმით დადგენილია ორგანიზაციის უფლებამოსილი წევრისა თუ ოჯახის ქმედუნარიანი წევრის ვალდებულება, უწყება დაუყოვნებლივ გადასცეს ადრესატს და კანონმდებელი შეტყობინების ჩაბარების ნამდვილობას უკავშირებს ობიექტურ ფაქტორს, კანონის სუბიექტთაგან ერთ-ერთისათვის ჩაბარებას და არა იმას, თუ როდის გადასცა შეტყობინება მიმღებმა ადრესატს. შესაბამისად, სავსებით უსაფუძვლოა ა. ბ-ის მოსაზრება, რომ საპროცესო ვადის დენა უნდა დაწყებულიყო არა ოფისმენეჯერისათვის შეტყობინების გადაცემიდან, არამედ ოფისმენეჯერის მიერ მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის უწყების გადაცემიდან (რწმუნებულება იხ. ს.ფ.25).
ამ მიმართებით, საკასაციო პალატა არასათანადო მტკიცებულებად მიიჩნევს კერძო საჩივარზე დართულ ახსნა-განმარტებას და მიუთითებს, რომ კანონის ძალით დადგენილი ფაქტის გამაქარწყლებელს აღნიშნული მტკიცებულება არ წარმოადგენს, რაც, თავის მხრივ, კერძო საჩივრის იმ არგუმენტს, რომ ვადის ათვლა ა. ბ-ისათვის პირადად ჩაბარებიდან უნდა დაწყებულიყო სამართლებრივად დასაბუთებულ პრეტენზიად მიჩნევას გამორიცხავს თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მოდავე მხარე, რომელიც არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას უფლებამოსილია, შეიტანოს სააპელაციო საჩივარი მისი კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4331 მუხლის თანახმად, ამავე კოდექსის 2591 მუხლი ამოქმედებულია მხოლოდ თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების მიმართ, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად უნდა ჩაითვალოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლო შეტყობინებას კანონმდებელი ჩაბარებულად მიიჩნევს 2011 წლის 4 ივლისს, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილისა, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 5 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 18 ივლისს. საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი კი შეტანილია 2011 წლის 19 ივლისს, კანონით გათვალისწინებული 14-დღიანი ვადის დარღვევით, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, მისი განუხილველად დატოვების უტყუარი წინაპირობაა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა, უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს ტ.კ-ას წარმომადგენელ ა. ბ-ის კერძო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა კანონი, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ტ. კ-ას წარმომადგენელ ა. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.