საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 03.06.2022
საქმის ნომერი
2კ-388აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.06.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100119003070114

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №388აპ-22 ქ. თბილისი

კ. ა. 388აპ-22 3 ივნისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 მარტის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძისა და მსჯავრდებულ ა. კ–ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - პ. მ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა. კ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2019 წლის 20 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ა–ს რაიონის სოფელ კ–ში, ა. კ–სა და მის ძმას - ა. კ–ს შორის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის თაობაზე მომხდარი ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ა. კ–მ სხეულის სხვადასხვა არეში მეტალის ნივთისა და ხელის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ა. კ–ს, ამ უკანასკნელის საცხოვრებელი სახლის ეზოში, არასრულწლოვანი შვილების - ს. და რ. კ–ების თანდასწრებით, რის შედეგადაც ა. კ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.2. ასევე, 2019 წლის 20 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ა–ს რაიონის სოფელ კ–ში, ა. კ–სა და მის ძმას - ა. კ–ს შორის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის თაობაზე მომხდარი ოჯახური კონფლიქტისას, მაშინ, როდესაც ა. კ–ი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა ა. კ–ს, მათთან გასაშველებლად მივიდა ამ უკანასკნელის მეუღლე - ვ. კ–ი, რომელსაც ა. კ–მ სახის არეში ხელის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით:

3.1. ა. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3 000 ლარი;

3.2. ა. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 250 საათით;

3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ა. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3 000 ლარი, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა - 200 საათით.

3.4. ა. კ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღებიდან - 2021 წლის 19 ოქტომბრიდან, მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის ვადა - 2019 წლის 21 მაისიდან 2019 წლის 23 მაისის ჩათვლით, რომელიც საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის 10 საათის თანაბარია.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

4.1. პროკურორი გიორგი ორჯონიკიძე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის ნაწილში და ა. კ–ის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას.

4.2. მსჯავრდებულმა ა. კ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ. მ–მა მოითხოვეს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმება და ა. კ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 მარტის განაჩენით:

5.1. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა;

5.2. მსჯავრდებულ ა. კ–სდა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - პ. მ–ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

5.3. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება;

5.4. ა. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3 000 ლარი;

5.5. ა. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 200 საათით;

5.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ა. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3 000 ლარი;

5.7. ა. კ–ს პატიმრობაში ყოფნის ვადა - 2019 წლის 21 მაისიდან 2019 წლის 23 მაისის ჩათვლით, გათვალისწინებულ იქნა ჯარიმის ოდენობაში და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა ჯარიმა - 2850 ლარი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

6.1. პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და ა. კ–ისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა;

6.2. მსჯავრდებულმა ა. კ–მ და ადვოკატმა პ. მ–მა საკასაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 მარტის განაჩენის გაუქმება და ა. კ–ის გამართლება.

7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში-საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართეს იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივრებშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ა. კ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის მსჯავრდება განაპირობა. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no.36755/06, §31, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულ ა. კ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება დაზარალებულების: ა. კ–სა და ვ. კ–ს ჩვენებებით, მოწმეების: ს. და რ. კ–ების, ლ. გ–ს, ს. ჰ–ს, დ. მ–ს, ს. კ–ს ჩვენებებით, ა. კ–ს ე–ს ჰოსპიტალის სამედიცინო ბარათით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით.

10. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას მოწმეების - ა., ვ., ს. და რ. კ–ების ჩვენებების არასანდოობასთან დაკავშირებით, რადგან მოწმეებმა თანხვდენილად მიუთითეს ა. კ–ის მიერ ა. კ–სა და ვ. კ–ს მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე. დაზარალებულმა ა. კ–მ დეტალურად მიუთითა, თუ როგორ მიაყენა ძმამ მეტალის ნივთის გამოყენებით თავისა და ზურგის არეში დაზიანება, ხელი დაარტყა სახეში, რა დროსაც პირიდან და ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი, ხოლო ზურგი ეტკინა. დაზარალებულმა ვ. კ–მა მიუთითა, რომ როდესაც ა. კ–ი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა ა. კ–ს, მათთან გასაშველებლად მივიდა და დაინახა, თუ როგორ სცემდა ა. კ–ი ა. კ–ს, მათ შორის, ა. კ–ს ხელში ეჭირა არმატურის ნაჭერი. აღნიშნულ ფაქტს ესწრებოდნენ ა. და ვ. კ–ების არასრულწლოვანი შვილები - ს. და რ. კ–ები. ასევე, ვ. კ–მა დაინახა, რომ ა. კ–ს სახე დასისხლიანებული ჰქონდა, რომელიც შემდგომ მოუწმინდეს. ანალოგიური გარემოებები დაადასტურეს ფაქტის თვითმხილველმა მოწმეებმა - ს. და რ. კ–ებმა და მიუთითეს, რომ ბიძამ - ა. კ–მ გაშველებისას ხელი დაარტყა სახეში დედას - ვ. კ–ს. ისინი შეშინდნენ და ტირილით შევიდნენ სახლში. მამას სახე დასისხლიანებული ჰქონდა.

11. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას შემთხვევის თვითმხილველი მოწმეებისა და დაზარალებულების ჩვენების ქ. ხ–ს ჩვენებასთან წინააღმდეგობის შესახებ, ვინაიდან მოწმის ჩვენებით დგინდება, რომ როდესაც შემთხვევის ადგილზე მივიდა, ძმები კ–ები ერთმანეთს ეკამათებოდნენ, ისინი მისი მისვლის დროს აღარ ჩხუბობდნენ, არცერთი მათგანის სახეზე სისხლი არ დაუნახავს, მისთვის უცნობია, თუ ვინ ვის მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. შესაბამისად, მოწმე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას არ შესწრებია და მხოლოდ იმაზე მითითება, რომ მას დაზარალებულის სახეზე სისხლი არ უნახავს, ვერ გახდება მოწმეთა ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი, მითუფრო იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ დაზარალებულების სხეულზე არსებული დაზიანებების ფაქტი დადასტურებულია ე–ს ჰოსპიტალის სამედიცინო ბარათითა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით.

12. უსაფუძვლოა დაცვის მხარის მსჯელობა ექსპერტიზის დასკვნის გაუზიარებლობის შესახებ, რადგან ექსპერტიზის დასკვნით არ დგინდება დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობა. სასამართლო მიუთითებს, რომ, მართალია, ექსპერტიზის დასკვნით ვერ დგინდება პირი, ვინც დაზიანებები მიაყენა დაზარალებულებს, თუმცა აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი დაზიანებების ხასიათი და ლოკალიზაცია სრულად არის თანხვდენილი დაზარალებულებისა და მოწმეების მიერ ჩვენებებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N...... დასკვნით ვ. კ–ს აღენიშნებოდა ჰემატომა მარჯვენა თვალბუდის არეში, დაჟეჟილობა, რომელიც მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N..... დასკვნით ა. კ–ს აღენიშნებოდა მრავლობითი დაჟეჟილობა, ნაჭდევები სახის, დაჟეჟილობა მარცხენა მტევნის პირველი თითის, დაჟეჟილობა და ნაჭდევები მარცხენა ბეჭის არეში, რომელიც მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზარალებულებისათვის მიყენებული დაზიანებები კი არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს - 2019 წლის 20 მაისს.

13. ა. კ–ისათვის დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

14. ბრალდების მხარე სასჯელის გამკაცრებას ითხოვს ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, დაზარალებულსა და მსჯავრდებულს შორის განგრძობადი კონფლიქტური ურთიერთობის, დანაშაულის დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ჩადენის, ასევე იმ გარემოების გამო რომ მსჯავრდებულს არ უცდია დაზარალებული მხარისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, არ აღიარებს დანაშაულს, არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან, ხელი არ შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

15. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობა, ისევე როგორც ბრალის აღიარება, დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების მიმართულებით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ან/და სასჯელის გამკაცრების საფუძვლად.

16. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დანაშაულის ჩადენა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის თანდასწრებით მართალია წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დამამძიმებელ გარემოებას, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ასევე წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას - კანონმდებელი სწორედ აღნიშნული გარემოების გამო ადგენს უფრო მკაცრ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელის სახით ითვალისწინებს მათ შორის ორასიდან ოთხას საათამდე ვადით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენებას.

17. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს რა ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ზოგადად, სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს მის უკიდურეს შემთხვევაში გამოყენებაზე ორიენტირებული. ამასთან, უნდა იგულისხმებოდეს არა მხოლოდ მოსამართლის მიერ მისი ასეთი მიდგომით გამოყენება, არამედ კანონის დონეზეც ამა თუ იმ ქმედებისთვის სასჯელის სახით პატიმრობის მხოლოდ იმ შემთხვევაში გათვალისწინება, როდესაც ეს ობიექტურად აუცილებელია ქმედების სიმძიმის, გამოწვევადი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც, თუ არა საზოგადოებისგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა. ამასთან, მაშინაც კი, როდესაც პირის ქმედების რეგულირება აუცილებელია, თუ პასუხისმგებლობის სხვა ზომები/სახეები ობიექტურად საკმარისია კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნების მისაღწევად, კანონი უნდა უბიძგებდეს სამართალშემფარდებელს, სწორედ არასაპატიმრო ალტერნატივების გამოყენებისკენ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-96)

18. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ ა. კ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). მსჯავრდებულმა ა. კ–მ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, პირველადაა სამართალში, ხოლო ბრალდების მხარის მითითება დანაშაულის არაღიარებაზე ვერ გახდება დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი. გასაჩივრებული განაჩენით ა. კ–ისათვის განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციის ფარგლებშია და მისი დამძიმების საფუძველი წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დგინდება.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და ასევე არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

21. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძისა და მსჯავრდებულ ა. კ–სდა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - პ. მ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე