საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 20.06.2022
საქმის ნომერი
2კ-277აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.06.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100121004409050

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №277აპ-22 ქ. თბილისი

ა-ი რ, 277აპ-22 20 ივნისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 1 თებერვლის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 20 აპრილის განაჩენით:

1.1. რ. ა-ი, - დაბადებული..... წლის .... ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 15 იანვრიდან იმავე წლის 3 თებერვლის ჩათვლით.

1.2. რ. ა-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ა-ა ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2021 წლის 21 დეკემბერს ზ. ა-ს სასარგებლოდ პატრულ-ინსპექტორმა კ. წ-ა გამოსცა შემაკავებელი ორდერი, რითაც მის შვილს - რ. ა-ს აეკრძალა დედასთან ყოველგვარი კონტაქტი, მათ შორის - მსხვერპლის სახლთან მიახლოება. მიუხედავად იმისა, რომ რ. ა-ი გაფრთხილებული იყო შემაკავებელი ორდერის შინაარსისა და მისი დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, რაც დადასტურებული ჰქონდა ხელმოწერით, მან მაინც დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და 2021 წლის 15 იანვარს, საღამოს საათებში, ნასვამი მივიდა ზ. ა-ს საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. თ-ი, გ-ს მე-.. „...“ მ/რ, კორპუსი №..., ბინა №...-ში. აღნიშნული ქმედებით ზ. ა-მ განიცადა მორალური სახის ზიანი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 1 თებერვლის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 20 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 1 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ რ. ა-ის თავისუფლების აღკვეთის შეფარდება რეალური მოხდით.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. მსჯავრდებულ რ. ა-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულ ზ. ა-ას გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - გ. ძ-ის, თ. მ-ის, ს. ა-ა და კ. წ-ის გამოკითხვის ოქმებით, №... შემაკავებელი ორდერით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებითა და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.

7. მოცემულ შემთხვევაში კასატორმა მოითხოვა მხოლოდ მსჯავრდებულ რ. ა-ის დანიშნული სასჯელის დამძიმება.

8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზეც, რომლის მიხედვითაც, ,,აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება N1/6/770 საქმეზე: ,,საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

10. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ რ. ა-ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და მიაჩნია, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. ამდენად, კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა არ გულისხმობს მის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს, სასჯელის მიზნების მიღწევის თვალსაზრისით.

11. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ რ. ა-ის სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, პირველადაა სამართალში, ითანამშრომლა გამოძიებასთან და მტკიცებულებები ცნო უდავოდ საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულის ნოტარიული წესით დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმად, დაზარალებული ზ. ა-ა შერიგებულია მსჯავრდებულთან (ს.ფ.124), რისი მხედველობაში მიღებითაც, შეუფარდა საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა (საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ). ამდენად, აღნიშნული სასჯელი კანონიერია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი