საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100120004020219
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№426აპ-22 ქ. თბილისი
ა. ე., 426აპ-22 27 მაისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჩ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ჩ-მ, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების შეცვლასა და ე. ა-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები არასწორად შეაფასა და მსჯავრებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან ე. ა-ს ქმედებაში გამოკვეთილია ფ. გ-ს მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების, ხოლო ვ. გ-ს მიმართ - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების შემადგენლობები. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შურისძიების გრძნობით განმსჭვალული ე. ა. მოქმედებდა ვ. და ფ. გ-ების მკვლელობის განზრახვით, მაგრამ ვერ მიუთითა ვერცერთ მტკიცებულებაზე, რომელიც მსჯავრდებულის ამგვარ სურვილს სარწმუნოდ დაადასტურებდა. სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნების მიხედვით, ფ. გ-ს აღენიშნებოდა მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, ხოლო ვ. გ-ს - ორი ჭრილობა, რომელთაგან მხოლოდ ერთი იყო სიცოცხლისათვის სახიფათო. ამასთან, დადგენილია, რომ ე. ა. ვ. გ-ს არც მოკვლით დამუქრებია და არც მეტი ჭრილობა მიუყენებია მისთვის, რისი შესაძლებლობაც ობიექტურად ჰქონდა. დაზიანებების მიღების შემდეგ ვ. და ფ. გ-ებს არ დაუკარგავთ გონება და განაგრძობდნენ მოძრაობას. ე. ა. შემთხვევიდან მალევე მივიდა სამედიცინო დაწესებულებაში და აანაზღაურა დაზარალებულების სამედიცინო ხარჯები, რის გამოც მათ არ აქვთ მსჯავრდებულთან პრეტენზია. დანაშაულის სწორი კვალიფიკაციისათვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ე. ა-მა არ იცოდა ფ. გ-ს ასაკი, რომელიც მისი თანაკლასელია და ეგონა მისი თანატოლი - 18 წლის.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ე. ა-ს ბრალად დაედო განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2020 წლის 5 სექტემბერს ე. ა-სა და ძმებ - ვ. და არსრულწლოვან ფ. გ-ებს შორის მოხდა უთანხმოება. იმავე დღეს, დაახლოებით 21:00 საათზე, .. მიმდებარედ, ზემოხსენებულ პირებს შორის არსებული კონფლიქტი განახლდა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ე. ა. განიმსჭვალა შურისძიების გრძნობით და სცადა ფ. და ვ. გ-ების განზრახ მკვლელობა, კერძოდ, ხელთ ნაქონი დანის გამოყენებით, სიცოცხლისათვის სახიფათო მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ფ. და ვ. გ-ებს, მათ შორის, ვ. გ-ს - გულმკერდის უკანა კედლის არეში, ბეჭის ქვემოთ, ნეკნებს შორის, დაახლოებით, 5 სმ სიგრძის სისხლმდენი ჭრილობა, ხოლო ფ. გ-ს - გულმკერდის უკანა კედლის არეში, დაახლოებით, 8 სმ სიგრძის ნაკვეთი ჭრილობა, აგრეთვე, უკანა, მარცხენა მხრის ზედაპირზე, დაახლოებით, 5 სმ სიგრძის ნაკვეთი ჭრილობა. დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად ფ. და ვ. გ-ებს სიცოცხლე შეუნარჩუნდათ.
3. ე. ა-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 20 მაისის განაჩენით ე. ა-სათვის წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, რომელთა ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ე. ა-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
4.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2020 წლის 5 სექტემბერს ე. ა-სა და ძმებ - ვ. და არსრულწლოვან ფ. გ-ებს შორის მოხდა უთანხმოება. იმავე დღეს, დაახლოებით 21:00 საათზე, .. მიმდებარედ, ზემოხსენებულ პირებს შორის არსებული კონფლიქტი განახლდა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ე. ა. შურისძიების გრძნობით განიმსჭვალა და სცადა ვ. გ-ს განზრახ მკვლელობა, კერძოდ, ხელთ ნაქონი დანის გამოყენებით ვ. გ-ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, გულმკერდის მარცხენა ნახევრის უკანა კედლის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, შემავალი პლევრის ღრუში, დიაფრაგმისა და ელენთის დაზიანებით, ხოლო არსრულწლოვან ფ. გ-ს მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება - ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის უკანა ზედაპირზე, მარჯვნივ და ნაკვეთი ჭრილობა - მარცხენა მხრის უკანა ზედაპირზე.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 20 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე ტყაბლაძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და ე. ა-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენაში, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულ ე. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ჩ-მ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და ე. ა-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით მსჯავრდების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებასა და მისთვის მინიმალური სასჯელის შეფარდებას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 20 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება: ე. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა - 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა ე. ა-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან.
10. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ქმედების სუბიექტური შემადგენლობის - განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, მსჯავრდებული (ბრალდებული) არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა. ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი, №527აპ-17, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 29). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ, თითქოსდა, ე. ა., წინარე კონფლიქტიდან გამომდინარე, განმსჭვალული იყო მხოლოდ ვ. გ-ს მიმართ შურისძიების გრძნობით, მას უთანხმოება მოუვიდა ვ. გ-სთან, ხოლო ჩხუბში ჩარევის შემდეგ მიაყენა დაზიანებები ასევე ფ. გ-საც და, ამდენად, მისი ქმედებები მიმართული იყო მხოლოდ ვ. გ-ს მკვლელობის, ხოლო ფ. გ-ს - ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისაკენ, რომლის მიმართ წარსული განაწყენება საქმის მასალებით გამოკვეთილად არ მიიჩნია, რაც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება დანაშაულის თვითმხილველი, უკლებლივ ყველა მოწმის გამოკითხვის ოქმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს მინიჭებული, კერძოდ: დაზარალებულების - ვ. და ფ. გ-ებისა და მათი მშობლების - ნ. და ს. გ-ების გამოკითხვის ოქმებით ცალსახად დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს, ძმებ გ-ებისათვის დანით უშუალოდ დაზიანებების მიყენებამდე რამდენიმე საათით ადრე, ე. ა-ს შეკამათება მოუხდა ფ. და ვ. გ-ებთან, რა დროსაც სწორედ ფ. გ-ს დაუპირისპირდა ფიზიკურად, თუმცა ისინი გააშველეს. ამდენად, დანაშაულის ჩადენის მოტივის დასადგენად უმნიშვნელოვანესი იყო დაზარალებულებსა და მსჯავრდებულს შორის დანაშაულის ჩადენამდე ურთიერთობის სწორად გამორკვევა, რადგან ე. ა. განაწყენებული იყო არა მარტო ვ. გ-ზე, არამედ - მის ძმაზეც, რამაც განაპირობა სწორედ მისი სურვილი, ეძია შური დაზარალებულებზე, შეიარაღდა დანით და განზრახვის აღსასრულებლად მიაკითხა მათ სახლთან; გარდა დაზარალებულების - ვ. და ფ. გ-ების ჩვენებებისა, რომ მსჯავრდებულმა მიზანმიმართულად მიაყენა ორივე მათგანს დანით დაზიანებები, ე. ა-ს განზრახვაზე მიუთითებს ასევე მსჯავრდებულის თანმხლები პირის, მოწმე ზ. მ-ს განმარტებაც, რომლის თანახმად, შემთხვევის ადგილზე მისვლისთანავე, ე. ა-მა თავისთან მიიხმო ორივე დაზარალებული და დაინახა, როგორ უქნევდა დანას როგორც ვ., ასევე - ფ. გ-ს. ამასთან, მსჯავრდებული ისე სწრაფად მოქმედებდა, რომ თავდაპირველად ვერ მიხვდა, რა ხდებოდა; ე. ა-ს ქმედების სამართლებრივად სწორად შესაფასებლად ასევე მნიშვნელოვანია დაზარალებულების მშობლების - ნ. და ს. გ-ების მონათხრობი, რომლებიც ხმაურზე გავიდნენ ქუჩაში და შეესწრნენ, როგორ აყენებდა ე. ა. მათ ვაჟებს დანით დაზიანებებს, რომელმაც მათ ყვირილზე შეწყვიტა ქმედება და გაიქცა. და ბოლოს, ყურადსაღებია, რომ ე. ა-მა ფ. გ-ს დანით მიაყენა: ნაკვეთი ჭრილობა - გულმკერდის უკანა ზედაპირზე, მარჯვნივ; ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის უკანა ზედაპირზე, მარცხნივ და ნაკვეთი ჭრილობა - მარცხენა მხრის უკანა ზედაპირზე, ხოლო ვ. გ-ს - გულმკერდის მარცხენა ნახევრის უკანა კედლის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში, დიაფრაგმისა და ელენთის დაზიანებით და მარცხენა მხრის უკანა ზედაპირის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლომ მსჯავრდებულის განზრახვის დადგენისას ყურადღება მიაქცია შურისძიების მოტივს, რომელიც აღეძრა ე. ა-ს ვ. და ფ. გ-ებთან წინარე კონფლიქტის შედეგად; დაზარალებულების დაზიანებების რაოდენობასა და ლოკალიზაციას, კერძოდ: ვ. გ-ს მიყენებული აქვს ჭრილობები გულმკერდის მარცხენა ნახევარსა და მარცხენა მხარში, ხოლო ფ. გ-ს - გულმკერდის უკანა ზედაპირზე, როგორც მარჯვნივ, ასევე, მარცხნივ და მარცხენა მხარში; დროის მცირე მონაკვეთს, რომელშიც მსჯავრდებულმა ერთიანი განზრახვით მიაყენა დაზიანებები დაზარალებულებს; მსჯავრდებულის ქმედებას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, როდესაც მან დანაშაული შეწყვიტა დაზარალებულების მშობლების ყვირილზე და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, რაც, ერთობლივად შეფასებისას, უპირობოდ გამორიცხავს მის ქმედებაში მხოლოდ ფ. გ-ს მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების, ხოლო ვ. გ-ს მიმართ - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების არსებობას და ცალსახად მიუთითებს მათი მკვლელობის სურვილზე, რაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ბოლომდე ვერ მიიყვანა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. ა-ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით არის კანონიერი და სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა არ არსებობს.
12. დაზარალებულ ფ. გ-ს სადავოდ გამხდარ ასაკთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მტკიცებას, თითქოსდა, მსჯავრდებულმა არ იცოდა ფ. გ-ს ასაკი, სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებული პასუხი გასცა თავის გადაწყვეტილებაში, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს და აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ვ. გ-სა და მოწმე ზ. მ-ს მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვებისას, მიწოდებული ინფორმაციით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სარწმუნოდ არის დადგენილი, რომ მსჯავრდებული ბავშვობიდან იცნობდა დაზარალებულებს და დანამდვილებით იცოდა მათი ასაკი, რისი გათვალისწინებითაც, ე. ა-ს ქმედებაში ცალსახად გამოკვეთილია მსჯავრად შერაცხული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება - ქმედება ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. ამასთან, ვინაიდან არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების განაჩენებში არასრულწლოვანი დაზარალებულის - ფ. გ-სა და მისი კანონიერი წარმომადგენლისათვის განმარტებული არ არის საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლება, საკასაციო სასამართლო მითითებული ნორმის საფუძველზე არასრულწლოვან დაზარალებულ ფ. გ-სა და მის კანონიერ წარმომადგენელს აცნობებს აღნიშნული საქმის სასამართლო განხილვის საბოლოო შედეგებს და განუმარტავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ე. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი