საკასაციო საჩივარი

სისხლის სამართლის
საქმის ნომერი
2კ-524აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 170100119003084437

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №524აპ-22 ქ. თბილისი

ბ. ო. 524აპ-22 13 ივლისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 1 აპრილის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილისა და მსჯავრდებულ ო. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ს. კ–სა და გ. ლ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ო. ბ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის(შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ო. ბ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2017 წლის ივლისში, თ–ს რაიონის სოფელ ბ–ში მდებარე გ–ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ო. ბ–მ მინის გრაფინი გაისროლა თავისი არასრულწლოვანი შვილის - ს. ბ–ს მიმართულებით. თ. გ–მ ხელი გადაუღობა გრაფინს, რის გამოც ასცდა ს. ბ–ს. ამის შემდეგ, არასრულწლოვანი შვილების - ს. და გ. ბ–ების თანდასწრებით, ორივე ხელის სხეულის არეში მრავალჯერ დარტყმით ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - თ. გ–ბ–ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.2. 2017 წლის ივლისში, თ–ს რაიონის სოფელ ბ–ში მდებარე გ–ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ო. ბ–ე აირის პისტოლეტით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის მეუღლეს - თ. გ–ბ–ს, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა სიცოცხლის მოსპობის რეალური შიში.

2.3. 2017 წლის ოქტომბერში, თ–ს რაიონის სოფელ ვ–ში, ო. ბ–ს ოჯახის საცხოვრებელი სახლის ეზოში, წყლის საქაჩი ტუმბოს ხელიდან გავარდნის გამო, ო. ბ–მ ჯოხის ზურგში ერთხელ დარტყმით ფიზიკურად იძალადა თავის მეუღლეზე - თ. გ–ბ–ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.4. 2018 წლის აპრილში, თ–ს რაიონის სოფელ ვ–ში, თავის საცხოვრებელ სახლში, ო. ბ–მ ორსულობის ტესტის დადებითი შედეგის გამო, არასრულწლოვანი შვილების - გ. და ს. ბ.ების თანდასწრებით, მარჯვენა ფეხის მუცელში ჩარტყმით, ხოლო მას შემდეგ, რაც დარტყმის შედეგად დაზარალებული წაიქცა, მარჯვენა ფეხის მუხლების ქვედა არეში დარტყმებით ფიზიკურად იძალადა თავის მეუღლეზე - თ. გ–ბ–ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.5. 2017 წლის შემოდგომაზე, თ–ს რაიონის სოფელ ბ–ში მდებარე გ–ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ო. ბ–მ თოფის კონდახის ზურგში დარტყმით ფიზიკურად იძალადა სიდედრზე - მ. ძ–ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.6. 2017 წლის ივლისში, თ–ს რაიონის სოფელ ბ–ში მდებარე გ–ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ო. ბ–მ მინის გრაფინი გაისროლა თავისი არასრულწლოვანი შვილის - ს. ბ–ს მიმართულებით, თ. გ–მ ხელი გადაუღობა გრაფინს, რის გამოც ასცდა ს. ბ–ს. აღნიშული ფაქტის გამო ს. ბ–ე ატირდა. შვილის ატირების გამო გაბრაზებულმა ო. ბ–მ სახის არეში ხელის ერთხელ დარტყმით, იცოდა რა მისი ასაკი, ფიზიკურად იძალადა არასრულწლოვან შვილზე - ს. ბ–ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 სექტემბრის განაჩენით:

3.1. ო. ბ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

3.2. ო. ბ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;

3.3. ო. ბ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის აპრილის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;

3.4. ო. ბ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან (2017 წლის შემოდგომის ეპიზოდი), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე. ო. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.5. ო. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.5.1. ო. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შთანთქმის პრინციპით, ო. ბ–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.7. ო. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით დაკავების დღიდან.

4. 2021 წლის 25 სექტემბრის დაკავების ოქმის თანახმად, ო. ბ–ე განაჩენის აღსრულების მიზნით დააკავეს 2021 წლის 25 სექტემბერს.

5. სასამართლომ დაადგინა:

5.1. ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე ვერ წარმოადგინა აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ო. ბ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი - 2017 წლის ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ , „ბ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ - 2018 წლის აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

5.2. 2017 წლის ივლისში, თ–ს რაიონის სოფელ ვ.–ში მდებარე გ–ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ო. ბ–მ მინის გრაფინი გაისროლა თავისი არასრულწლოვანი შვილის - ს. ბ–ს მიმართულებით. თ. გ–მ ხელი გადაუღობა გრაფინს, რის გამოც ასცდა ს. ბ–ს. ამის შემდეგ, არასრულწლოვანი შვილების - ს. და გ. ბ–ების თანდასწრებით, ორივე ხელის სხეულის არეში მრავალჯერ დარტყმით ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - თ. გ–ბ–ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

5.3. 2017 წლის ივლისში, თ–ს რაიონის სოფელ ვ.–ში მდებარე გ–ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ო. ბ–მ მინის გრაფინი გაისროლა თავისი არასრულწლოვანი შვილის - ს. ბ–ს მიმართულებით, თ. გ–მ ხელი გადაუღობა გრაფინს, რის გამოც ასცდა ს. ბ–ს. აღნიშული ფაქტის გამო ს. ბ–ე ატირდა. შვილის ატირებით გაბრაზებულმა ო. ბ–მ სახეში ხელის ერთხელ დარტყმით, იცოდა რა მისი ასაკი, ფიზიკურად იძალადა არასრულწლოვან შვილზე - ს. ბ–ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

5.4. 2017 წლის შემოდგომაზე, თ–ს რაიონის სოფელ ბ–ში მდებარე გ–ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ო. ბ–მ თოფის კონდახის ზურგში დარტყმით ფიზიკურად იძალადა სიდედრზე - მ. ძ–ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

6. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

6.1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა მოითხოვა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, ო. ბ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით(2017 წლის ივლისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით(2017 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით(2018 წლის აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა;

6.2. მსჯავრდებულ ო. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს. კ–მ მოითხოვა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და ო. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 1 აპრილის განაჩენით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

8.1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი სახიაშვილი საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ო. ბ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით(2017 წლის ივლისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა(2017 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით(2018 წლის აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.

8.1.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 4 მაისის განჩინებით პროკურორ გიორგი სახიაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აღდგა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 1 აპრილის განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების ვადა.

8.2. მსჯავრდებულ ო. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატები - ს. კ–ა და გ. ლ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას და ო. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით უდანაშაულოდ ცნობასა და გამართლებას.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართეს იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივრებშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ო. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით(2017 წლის ივლისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა(2017 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით(2018 წლის აპრილის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამართლება და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა განაპირობა. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no.36755/06, §31, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ( შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

11. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ო. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით(2017 წლის ივლისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა(2017 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით(2018 წლის აპრილის ეპიზოდი) უდანაშაულოდ ცნობის ნაწილში.

12. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით(2017 წლის ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული ბრალდების დასადასტურებლად წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულ თ. გ-ბ–ის ჩვენება, რომელმაც მიუთითა, რომ ამ ეპიზოდს მათი შვილებიც შეესწრნენ, თუმცა მათ სასამართლოში ჩვენების მიცემისას მითითებულ ეპიზოდზე არ უსაუბრიათ. ს. ბ–ემ ზოგადად მიუთითა, რომ მამა ხშირად ემუქრებოდა დედას მოკვლით, რის გამოც ხშირად სკოლაშიც არ წასულა. იარაღის ჩამორთმევის 2018 წლის 27 ივლისის ოქმი და N.... შემაკავებელი ორდერის ოქმი(რომელშიც მითითებულია, რომ გამოიცა ო. ბ–ს მიმართ, რადგან წარსულში მეუღლეს აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას), დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად, ვერ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს ო. ბ–ს მოცემულ ეპიზოდში მსჯავრდებისათვის.

13. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) ო. ბ–სათვის ბრალად წარდგენილ ეპიზოდშიც იდენტურად წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულ თ. გ–ბ–ს ჩვენება. სამედიცინო ექსპერტიზის N....... დასკვნა მიუთითებს დაზიანების დაზარალებულის ჩვენებისაგან განსხვავებულ ლოკაციაზე, რომელიც 1 წელზე მეტი ხანდაზმულობისაა და შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასაბუთებულად მიიჩნიოს ო. ბ–ს მიერ 2017 წლის ოქტომბერში მეუღლის - თ. გ–-ბ–ის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

14. ბ-სათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის აპრილი) წარდგენილი ბრალდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება, რადგან დაზარალებულის ჩვენების გარდა არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება ან დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა თ. გ–ბა–ის ორსულობის ფაქტს. დაზარალებულმა მიუთითა, რომ მომხდარ ფაქტს მხოლოდ მისი შვილები შეესწრნენ (თუმცა ჩვენების მიცემისას მათ მოცემულ ეპიზოდზე არ უსაუბრიათ), სხვა არავინ ყოფილა. ხოლო მოწმე ო. ძ–ს სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2018 წლის აპრილში მის ოთახში შევარდა შეშინებული თ–ი და მისი დასწრებით დაარტყა ო–მ თ–ს ფეხი მუცელში, რასაც შეესწრო ასევე მისი მეუღლე - მ. ძ–ი. დაზარალებული და ო. ძ–ი ჩვენებებში განსხვავებულად უთითებენ შემთხვევის ადგილს - დაზარალებულმა მიუთითა, რომ ფაქტი მოხდა ვ.–ში, ხოლო ო. ძ–მა - ბ–ზე.

15. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მტკიცებას ამ ეპიზოდებში ო. ბ–ს დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ აქვს ადგილი ზემოთ აღნიშნულ ეპიზოდებთან მიმართებით.

16. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ო. ბ–ს მსჯავრდებას, სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით(დაზარალებულების - თ. გ–-ბ–ს, ს. ბ–ს, მ. ძ–ის, მოწმეების - გ. ბ–სა და მ. ძ–ის ჩვენებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ო. ბ–ს მიერ მ. ძ–ზეის, თ. გ–ბ–სა და ს. ბ–ს მიმართ ფიზიკური ძალადობის ჩადენა.

17. დაუსაბუთებელია დაცვის მხარის მითითება მოწმეთა ჩვენებების არასანდოობისა და ერთმანეთთან წინააღმდეგობის შესახებ, დაზარალებულებმა და მოწმეებმა თანხვდენილად განმარტეს ო. ბ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები.

18. დაზარალებულმა მ. ძ–ზემა მოწმის სახით დაკითხვისას მიუთითა, რომ თოფის კონდახის ზურგში დარტყმით ო. ბ–მ ფიზიკურად იძალადა მასზე, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ო. ბ–ს მიერ თოფის კონდახის მ. ძ–ზეისათვის დარტყმის ფაქტი დაადასტურეს მომხდარი შემთხვევის თვითმხილველმა მოწმეებმა - თ. გ–ბ–მ, მ. ძ–მა, გ. ბ–მ და ს. ბ–ემ. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას, რომ დაზარალებული მ. ძ–ი 4-ჯერ გამოიკითხა გამოძიების ეტაპზე და მხოლოდ ბოლო გამოკითხვისას მიუთითა ო. ბ–ს მიერ მის მიმართ ძალადობაზე. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ დაზარალებული მ. ძ–ი ნამდვილად 4-ჯერ გამოიკითხა გამოძიების ეტაპზე; პირველი გამოკითხვისას - 2018 წლის 26 ივლისს გამოძიება დაინტერესდა მხოლოდ ო. ბ–ს მიერ თ. გ–ბ–ს მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტებით, თუმცა დაზარალებულმა მ. ძ–მა შემდეგი სამი გამოკითხვისას (31.03.2019; 24.05.2019; 28.06.2019) იდენტურად მიუთითა ო. ბ–ს მიერ მის მიმართ ძალადობაზე - თოფის კონდახის ზურგში ჩარტყმით ფიზიკური ტკივილის განცდაზე, რაც ასევე დაადასტურა სასამართლოში.

19. ო. ბ–ს მიერ მეუღლის - თ. გ–ბ–სა და შვილის - არასრულწლოვან ს. ბ–ს მიმართ ძალადობის ფაქტები, დაზარალებულთა ჩვენებების გარდა, დადასტურებულია მოწმე გ. ბ–ს ჩვენებით. მოწმემ დაადასტურა ს. ბ–სათვის ლარნაკის სროლის ფაქტი, რომელსაც თ. გ–ბ–ე გადაეფარა და მას მოხვდა. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით. სასამართლო ითვალისწინებს, რომ თავდაპირველი ექსპერტიზის დანიშნვის შესახებ დადგენილება ეხებოდა 2018 წლის აპრილის თვეში დაზარალებულისთვის მიყენებულ დაზიანებებს ( იხ.ტ.1, ს.ფ.36), ხოლო დამატებითი ექსპერტიზის დანიშნვის შესახებ დადგენილებაში დაზუსტებულია ფაქტობრივი გარემოებები ( მარცხენა ხელის თითის არეში დაზიანება - 2017 წლის ივნისის თვეში და ზურგის არეში დაზიანება - 2017 წლის ოქტომბრის თვეში) და ექსპერტიზის დადგენილებით დასტურდება ნაკვეთი ჭრილობის შეხორცების შემდგომი ნაწიბურის არსებობა მარცხენა ზედა კიდურის მიდამოში და დაჟეჟილი ჭრილობის შეხორცების შემდგომი ნაწიბური წელის მიდამოში. ამავე ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დასკვნა არ არის კატეგორიული ხასიათის დაზიანების ხანდაზმულობის ნაწილში და მიუთითებს დაზიანების მიყენების სავარაუდო ხანდაზმულობაზე („ნაწიბურები დაახლოვებით 1 წელზე მეტი ხანდაზმულობისაა“); ამავე დროს, დადგენილებითა და ექსპერტიზის დასკვნითაც დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი იყო - რენტგენის ფოტო, რომელზეც ამავე ექსპერტიზის დასკვნის თანახმად აღინიშნებოდა კვანძოვანი შეხორცება, და შესაბამისი დასკვნა (იხ. ტ.1. ს.ფ. 50).

20. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დანაშაულის ჩადენიდან მოწმეების სასამართლოში დაკითხვამდე გასულია გარკვეული დრო და არ არის გამორიცხული, რომ მათ არ ახსოვდეთ საქმისთვის უმნიშვნელო დეტალები. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ჩვენებებში ცდომილების არსებობა a priory არ ადასტურებს რომ მოწმეები ცრუობენ და არ წარმოადგენს მოწმეთა ჩვენებების არგაზიარების თვითკმარ საფუძველს. სასამართლომ უნდა შეამოწმოს, მათ შორის, ცდომილების ობიექტური მიზეზის არსებობა, რა დეტალს/ ასპექტს ეხება ცდომილება, აღნიშნული ასპექტის მნიშვნელობა და იმისდამიუხედავად - მნიშვნელოვანია ეს დეტალები თუ არა. როდესაც საქმისთვის მნიშვნელოვან დეტალებთან დაკავშირებით მოწმეები იძლევიან თანმიმდევრულ და დეტალურ ჩვენებებს ეს არ უნდა გახდეს a priory მოწმეთა ჩვენებების არ გაზიარების საფუძველი. პირიქით, მოწმეების მიერ ყველა დეტალის ზედმიწევნით აღდგენა და გადმოცემა უფრო მეტად საეჭვოს გახდიდა მათ სანდოობას და წარმოშობდა ეჭვს, გამიზნულად ხომ არ მოხდა მოწმეების ჩვენებების თანხვედრა. ამდენად, უმნიშვნელო განსხვავებები, რაც შეინიშნება მოწმეთა მონათხრობში, საბოლოოდ ვერ დაუკარგავს მათ ჩვენებებს სანდოობას.

21. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს რომ მოწმეთა ჩვენებების უტყუარობის კრიტერიუმად მათი იდენტურობის მიჩნევა არასწორია. მოწმეთა ჩვნებების თანმიმდევრულობა არ გულისხმობს მათ აბსოლუტურ თანხვედრასა და იდენტურობას, რადგან ასეთი რამ მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება მოხდეს, როდესაც საქმეში არსებობს ობიექტური მტკიცებულებები (მაგალითად, ნივთმტკიცებების ან ფოტოდოკუმენტები). ხოლო მოწმეთა ჩვენებების შინაარსზე გავლენას ახდენს სუბიექტური და ობიექტური ხასიათის მრავალი ფაქტორი, რომელთა გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა, მცდარ დასკვნებამდე მიგვიყვანოს. მნიშვნელოვანია რომ მოწმეთა ჩვენებები განსხვავებულად არ უთითებდეს მტკიცების მთავარ საკითხთან დაკავშირებულ გარემოებებზე. სავსებით საკმარისია მოწმეთა ჩვენებების შინაარსობრივი თანხვედრა იმ ზომით, რომ ისინი ერთგვაროვნად წარმოგვიდგენდნენ საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ერთსა და იმავე გარემოებებს.

22. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც ეროვნული სასამართლო ხელისუფლების წინაშე ერთი და იმავე პირის მიერ წარმოდგენილია მოვლენათა განვითარების სხვადასხვა საპირისპირო ვერსია, თუ ისინი საბოლოოდ უპირატესობას მიანიჭებენ საგამოძიებო ორგანოებში და არა სასამართლოში გაკეთებულ განცხადებებს, ეს თავისთავად არ წარმოშობს კონვენციის მიხედვით განსახილველ საკითხს, თუ უპირატესობა არის დასაბუთებული და ჩვენება მიცემულ იქნა ნებაყოფლობით“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §163, ECtHR, 14/05/2020; იხ.Lutsenko v. Ukraine, no. 30663/04, § 49, 18/12/2008; Doorson v. the Netherlands, 26/03/1996, §78).

23. სასამართლო უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას, რომ ვინაიდან დაზარალებულის პირველი შეტყობინება სამართალდამცავი ორგანოების მიმართ შეეხებოდა ო. ბ–ს მამის მხრიდან მუქარას და არ მიუთითებდა ო. ბ–ს დანაშაულზე - ადასტურებს, რომ ო. ბ–სთან მიმართებით ბრალდებები მოგონილია. სასამართლო ითვალისწინებს, რომ თ. გ–ბ–მ პოლიციასთან პირველივე კონტაქტისას (შეტყობინების განხორციელების დღესვე გამოკითხვის ოქმში (იხ. ტ.1. ს.ფ. 4-5) მიუთითა ო. ბ–ს მიერ მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე, რაც ასევე ასახულია მომდევნო დღეს გამოცემულ N...... შემაკავებელი ორდერის ოქმში (იხ.: ტ. 1, ს.ფ. 24-25), რომელიც ხელმოწერილია ო. ბ–ს მიერ.

24. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასაბუთებულია ო. ბ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

25. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

26. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

27. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

28. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

29. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილისა და მსჯავრდებულ ო. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ს. კ–სა და გ. ლ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე