საკასაციო საჩივარი

სისხლის სამართლის
საქმის ნომერი
2კ-543აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100120003785476

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №543აპ-22 ქ. თბილისი

ე. ზ. 543აპ-22 15 ივლისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 თებერვლის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. ე–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. ე–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 8 მაისს, დაახლოებით 13:00 სათზე, ქ. თ–ში, ......–ს გამზირის N..-ში მდებარე კორპუსის ეზოს მიმდებარე ტერიტორიიდან, ზ. ე–ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ი/მ ნ. ტ–ს კუთვნილ, 300 ლარად ღირებულ ალუმინის გასაშლელ კიბეს, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა 300 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 ნოემბრის განაჩენით:

3.1. ზ. ე–სი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.2. ზ. ე–ს განემარტა, რომ აქვს უფლება, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვახტანგ ხარებაშვილმა, რომელმაც ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ზ. ე–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვახტანგ ხარებაშვილმა, რომელიც საჩივრით ითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და ზ. ე–ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობას.

7. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ზ. ე–ს გამართლება განაპირობა. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no.36755/06, §31, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

9. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზ. ე–ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, ვინაიდან:

10. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის თანახმად, ქურდობა არის სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. პირის ქმედება რომ ქურდობად დაკვალიფიცირდეს, აუცილებელია ქურდობისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: 1. სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება; 2. ქმედების ფარული ფორმით ჩადენა და 3. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობა. ხოლო აღნიშნული დანაშაული დამთავრებულია ნივთის დაუფლების მომენტიდან.

11. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ ზ. ე–მა 2020 წლის 8 მაისს, ქ. თ–ში, ......ს გამზირის N..-ში მდებარე კორპუსის ეზოს მიმდებარე ტერიტორიიდან წაიღო ალუმინის გასაშლელი კიბე, რომელიც ი/მ ნ. ტ–სის საკუთრებას წარმოადგენდა.

12. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41). მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ისეთი ელემენტები, როგორიცაა: სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლება და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კვების ობიექტ „ე-დან“ გამოთხოვილი 2020 წლის 8 მაისის ვიდეოჩანაწერის თანახმად ზ. ე–სი შედის ქ. თ–ი, .....–ს გამიზირი N..-ის კორპუსის ეზოში, ჯერ მიდის კვების ობიექტ „ე–ს,“ შემდეგ „ს–ს“ კართან, სადაც ესაუბრება კვების ობიექტის თანამშრომელს, ხელით ანიშნებს კიბეზე, რის შემდეგაც მიაქვს აღნიშნული საგანი. მეორე ჩანაწერის თანახმად, თ–ი ......–ს გამზირი №..-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზო და შავტანსაცმლიანი მამაკაცი, რომელიც შედის კვების ობიექტის ეზოში. კადრში ჩნდება „ნ–ს“ მარკის მოვარდისფრო-მოიისფრო ავტომანქანა. მესამე ჩანაწერში იგი ესაუბრება ეზოში მყოფ ქალბატონს. მეოთხე ჩანაწერში მამაკაცი ესაუბრება ავტომანქანის მძღოლს. იგი აკვირდება იქვე მიყუდებულ კიბეს, შედის „ ე–ს“ ეზოში.

14. აღნიშნული გარემოებები დაადასტურა სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხულმა მოწმემ - თ. ნ–მ (რომლის ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია) და მიუთითა, რომ მუშაობდა კვების ობიექტ „ს–ში“. 2020 წლის 8 მაისს რესტორნის უკანა კარზე დააკაკუნა მამაკაცმა, რომელმაც ჰკითხა, იქვე განთავსებული კიბე ობიექტს ხომ არ ეკუთვნოდა, რაზეც უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ კარი მიიხურა და წავიდა. მოწმის განმარტებით, „ს–ს“ ერთ მხარეს ესაზღვრებოდა ტექნიკის მაღაზია, ხოლო მეორე მხარეს კვების ობიექტი - „ე–ი“. ზ. ე–სის ფარულად მოქმედებას გამორიცხავს ასევე ის ფაქტი, რომ მას იცნობდნენ როგორც მოცემულ ტერიტორიაზე არსებული ობიექტების თანამშრომლები, ასევე მცხოვრებლები(მოწმე მ. ჯ–ლ-ე–ს განმარტებით, ზ. ე–სის დედა ცხოვრობს იმავე ეზოში). ამასთან, დადგენილია, რომ ზ. ე–სმა ალუმინის გასაშლელი კიბე წაიღო 8 მაისს, 13:00 საათზე და 3 დღის შემდეგ, 11 მაისს, დააბრუნა იმავე ადგილზე და შეატყობინა „ე–ს“ თანამშრომელს, ისე, რომ მისთვის ცნობილი არ იყო კიბის ქურდობის ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ.

15. სასამართლო ითვალისწინებს რომ გამოძიება დაიწყო 2020 წლის 10 მაისს, ხოლო ზ. ე–მა კიბე დააბრუნა 11 მაისს; არ დგინდება რომ ზ. ე–სთვის ცნობილი იყო გამოძიების დაწყების ფაქტი; ასევე გამოძიების ორგანოსთვის 11 მაისს ცნობილი არ იყო, რომ კიბე ზ. ე–სის მიერ იყო წაღებული - სასამართლო ითვალისწინებს „ე–ს“ მენეჯერის გ. ი–ს განცხადებასა (იხ.: ტ.1, ს.ფ.2) და მისივე გამოკითხვის ოქმს (იხ.: ტ.1, ს.ფ. 6), რომლის თანახმადაც, გ. ი–ე უთითებს, რომ ვიდეო სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერებით, რომელიც მან დაათვალიერა - მისთვის უცნობი მამაკაცი იპარავს კიბეს; ხოლო აღნიშნული ვიდეოჩანაწერის გამოთხოვის შუამდგომლობით ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა მხოლოდ 2020 წლის 2 ივნისს (იხ.: ტ.1, ს.ფ.8) და გამოთხოვილი იქნა 2020 წლის 6 ივნისს ( ტ.1, ს.ფ. 14-18).

16. განსახილველ შემთხვევაში, ვიდეოჩანაწერის თანახმად, მართალია, ზ. ე–ი მართლაც ეუფლება ალუმინის კიბეს და მიაქვს, რასაც სადავოდ არ მიიჩნევს არც საკასაციო სასამართლო, მაგრამ საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ზ. ე–ს ქმედებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.

17. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

18. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

19. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

20. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

21. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

22. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე