საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 05.07.2022
საქმის ნომერი
2კ-567აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.07.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 180100122005456745

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №567აპ-23 3 ოქტომბერი, 2023 წელი

ჩ–ი გ., №567აპ-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განაჩენზე მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ცინცაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. ჩ–ი (პირადი ნომერი: ..............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა (შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარ შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (შეუწყნარებლობის მოტივით მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც მას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დამნაშავისათვის წინასწარ შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, მისივე ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2021 წლის 20 დეკემბერს, დილით, დ–ს რაიონის სოფელ წ–ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, გ. ჩ–სა და მის მამას - ა. ჩ–ს მოუხდათ შელაპარაკება, რა დროსაც გ. ჩ–მა შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკურად იძალადა წინასწარ შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე - ა. ჩ–ზე, კერძოდ, დამიზნებით ესროლა შუშის ქილა და მოარტყა სახის არეში, რა დროსაც ა. ჩ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.3. 2021 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, ზუსტი დრო დაუდგენელია, დ–ს რაიონის სოფელ წ–ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში გ. ჩ–ი შეუწყნარებლობის მოტივით, წინასწარ შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ა. ჩ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ა. ჩ–სს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ. ჩ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

2.2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 8 აგვისტოს განაჩენით გ. ჩ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

გ. ჩ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით, რაც დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადის (2021 წლის 20 დეკემბრის 18:55 საათიდან 2021 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით შეუმცირდა 20 საათით და საბოლოოდ გ. ჩ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით.

2.3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 8 აგვისტოს განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გოჩა ცინცაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, გ. ჩ–ს წარდგენილ ბრალდებებში სრულად დამნაშავედ ცნობა და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.

2.4. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 8 აგვისტოს განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ. ჩ–მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ქ–მ, რომლებმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გ. ჩ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.

გ. ჩ–სი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

3.2. 2023 წლის 18 მაისს მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გოჩა ცინცაძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, გ. ჩ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობა.

3.3. 2023 წლის 23 მაისს გამართლებულ გ. ჩ–ს ინტერსების დამცველმა ადვოკატმა გ. ქ–მ წარმოადგინა საკასაციო საჩივრის შესაგებელი და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა ვინაიდან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ გ. ჩ–ს ბრალეულობას, კერძოდ: დ–ს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურის სოციალური მუშაკის - მ. ა–ს შეტყობინებით ირკვევა, რომ 2021 წლის 20 დეკემბერს, დილის საათებში, ბენეფიციარ ა. ჩ–ს ფიზიკურად გაუსწორდა შვილი - გ. ჩ–ი. გარდა ამისა, საგამოძიებო ექსპერიმენტისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით დასტურდება, რომ ა. ჩ–მა დეტალურად მიუთითა სად და რა ვითარებაში იძალადა მასზე ფიზიკურად შვილმა - გ. ჩ–მა, რა დროსაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, მიუთითა, რომ მას შვილი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც განიცადა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლო სხდომაზე კი მოწმეებმა - ვ. ქ–მა, ტ. ა–მა, ს. გ–მ და თ. ნ–მა დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და შინაარსი. ამასთან, შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ გ. ჩ–ი მამას - ა. ჩ–ს ხშირად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრება სიცოცხლის მოსპობით. აღსანიშნავია, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. ჩ–სის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბარალდებებში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება გ. ჩ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულმა ა. ჩ–მა (მამამ) სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, გ. ჩ–ს მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.

5.4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).

5.5. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.6. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებული მოწმის - მ. ა–ის ჩვენებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ იგი სოციალური მუშაკის პოზიციაზე მუშაობს დ–ს მუნიციპალიტეტის მერიაში, სადაც აღრიცხვაზე იმყოფება ა. ჩ–ი. 2021 წლის 20 დეკემბერს ა. ჩ–ი მივიდა აღნიშნულ სამსახურში, რა დროსაც შეამჩნია, რომ იგი იყო აღელვებული და თვალის მიდამოში აღენიშნებოდა შეწითლება. მას ა. ჩ–მა უამბო, რომ დილით, სამსახურიდან დაბრუნებულმა შვილმა, იმის გამო, რომ არ დაახვედრა საკვები, ესროლა წამლისთვის განკუთვნილი მინის პატარა ქილა, რომელიც მოხვდა თვალის არეში და განიცადა ტკივილი. მან აღნიშნულის შესახებ აცნობა 112-ს. მოწმის ჩვენება თანხვედრილია N.......... შეტყობინებასთან, რომლითაც ირკვევა, რომ 2021 წლის 20 დეკემბერს მ. ა–მა დარეკა 112-ში და განაცხადა, რომ ხსენებულ დღეს ბენეფიციარ ა. ჩ–ზე იძალადა შვილმა და აღენიშნება ფიზიკური დაზიანება. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ მოწმე თვითონ არ შესწრებია ძალადობის ფაქტს და გადმოსცემს დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციას, ამ უკანასკნელმა კი სასამართლოში ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. ამასთან, მოწმეებმა - ვ. ქ–მა, ბ. ბ–მა და ლ. ნ–მა დაადასტურეს ა. ჩ–ს მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებები ძალადობისა და მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით, წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რადგან ისინი გადმოსცემენ დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, ამ უკანასკნელმა კი სასამართლოში ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. შესაბამისად, ამ ნაწილში მათი ჩვენებები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გ. ჩ–ს მხრიდან დაზარალებულზე ძალადობას და ამ ძალადობის შედეგად ტკივილის განცდას წარმოდგენილი არ არის, თვითონ დაზარალებულს კი სასამართლოში ჩვენება არ მიუცია. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც მან სასამართლოში არ დაადასტურა.

5.7. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ექსპერტ ე. ლ–ს ჩვენებასა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 13 იანვრის ექსპერტიზის N............. დასკვნაზე, რომლებითაც ირკვევა, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტის მონაცემების თანახმად და პირადი შემოწმებით 2021 წლის 21 დეკემბერს ა. ჩ–სს ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევის (ნაკაწრის) სახით და სისხლნაჟღენთის (ჰემატომა, სისხლჩაქცევა) სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებიულ თარიღს. ამავე დასკვნით დგინდება, რომ პირადი შემოწმების მომენტში ა. ჩ–ს არ ჰქონდა ჩივილები. მართალია ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ დაზარალებულს აღენიშნებოდა დაზიანებები, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა არ მისცა სასამართლოს ჩვენება, შეუძლებელია უტყუარად იმის მტკიცება, რომ მას აღნიშნული დაზიანებები მიაყენა გ. ჩ–სმა და რომ მან ამ ქმედებით განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ N... სამედიცინო ბარათით ირკვევა, რომ დაზარალებულმა ა. ჩ–სმა განმარტა, რომ დილით შვილმა სახეში ესროლა წამლის კოლოფი, თუმცა გასათვალისწინებითელია, რომ დაზარალებულს სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია, მსჯავრდებულმა გ. ჩ–მა კი განმარტა, რომ სახლში დაბრუნებულმა უსაყვედურა მამას რატომ არ შეიძინა საკვები პროდუქტი, რაზეც მამამ უპასუხა, რომ ფული დაენანა და არ დახარჯა, შემდეგ კი უპასუხა, რომ ფული არ ჰქონდა, რაზეც იგი აღელდა და მისაღებ ოთახში მდგარ სკამს მიარტყა ფეხი, რომელიც დაახლოებით ნახევარ მეტრში მყოფ ა. ჩ–ს მოხვდა სახეში. მან ვერ გაითვალისწინა, რომ შეიძლებოდა ასე მომხდარიყო, რადგან სკამისთვის ფეხის დარტყმის დროს ვერ ხედავდა მამას.

5.8. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმზე, რომლითაც ირკვევა, რომ გ. ჩ–ი 2021 წლის 20 დეკემბერს მამას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, თუმცა არაფერია ნათქვამი აღნიშნული მუქარა დაზარალებულმა აღიქვა თუ არა რეალურად და გაუჩნდა თუ არა მისი განხორციელების საფუძვლინი შიში. ასევე შემაკავებელი ორდერის ოქმში არ არის მითითებული გ. ჩ–ს მხრიდან ა. ჩ–ზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.

5.9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ გ. ჩ–მა ფიზიკურად იძალადა დაზარალებულზე, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, არ დადგინდა, რომ იგი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

5.10. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება გ. ჩ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.13. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ცინცაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე