საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100121004792887
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №549აპ-22 ქ. თბილისი
გ-ე გ 549აპ-22 20 სექტემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. გ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. პ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 3 ნოემბრის განაჩენით:
1.1. გ. გ-ე, - დაბადებული ... წლის ... იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე გ. გ-ე პატიმრობაში ყოფნის ვადის (2021 წლის 27 მაისიდან იმავე წლის 3 ნოემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით, მთლიანად გათავისუფლდა სასჯელის მოხდისგან.
1.2. გ. გ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. გ-მ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2021 წლის 20 აპრილს, დაახლოებით შუადღეს, თ-ი, დ. ა-ს გამზირის №...-ში მდებარე თ. მ-ის საცხოვრებელ ბინასთან აგრესიული განწყობით მისული გ. გ-ე, ხელთ ნაქონი დანისმაგვარი საგნით, მოკვლით დაემუქრა თ. მ-ს, რამაც მას გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მან მოასწრო კარის დაკეტვა და მოძალადისაგან თავის დაღწევა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 3 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორებმა - მსჯავრდებულმა გ. გ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. პ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განაჩენის გაუქმება და გ. გ-ს გამართლება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო, შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, უარს აცხადებს საქმის განხილვაზე, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება მცირე დასაბუთებით დაკმაყოფილდეს“ (,,მარინი ალბანეთის წინააღმდეგ,“ (Marini v. Albania), N3738/02, 18/12/2007, §106); საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ ზემოხსენებული ,,მცირე დასაბუთება“ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-33 ნაწილთან ერთობლივად უნდა განიმარტოს და საბოლოოდ, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება უნდა შეიცავდეს კასატორის მიერ მითითებული დასაშვებობის საფუძვლების არგუმენტირებულ უარყოფას. ამავდროულად, სასამართლო არ არის ვალდებული, მხარეს მის მიერ წამოჭრილ ყველა საკითხზე უპასუხოს, არამედ მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დასაბუთებული პასუხი გასცეს საქმესთან დაკავშირებულ მთავარ და ძირითად საკითხებს (იხ. საქმე „ვან დე ჰიურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ,“ (Van de Hurk v. Netherlands), N16034/90, 19/04/1991, §6).
7. საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია დაცვის მხარის პოზიცია, რომ დაზარალებულის ჩვენება არ დასტურდება სხვა მტკიცებულებით და სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულაციურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა - მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ - სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.
9. დაზარალებულ თ. მ-ს ჩვენებით, მას და გ. გ-ს აქვთ დიდი ხნის ურთიერთობა, რომელიც ძირითადად გამოიხატება გ. გ-ს მხრიდან მის სისტემატურ შევიწროებაში, შეურაცხყოფასა და მუქარაში, რაზეც ასევე მიუთითებს საქმის მასალებში არსებული განაჩენები. 2021 წლის 20 აპრილს, შუადღეს, იგი იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მასთან აგრესიული განწყობით მივიდა გ. გ-ე, რომელსაც ხელში ეჭირა დანისმაგვარი საგანი, რომელიც მის წინააღმდეგ უნდა გამოეყენებინა და მოკვლით დაემუქრა, რის შედეგადაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რადგან გ. გ-ა და მას ჰქონდათ დიდი ხნის კონფლიქტური ურთიერთობა, ხოლო გ. გ-ე ამ დროს იყო აგრესიული. მან მოასწრო კარის დაკეტვა და მისგან თავის დაღწევა, რის შემდეგაც გამოიძახა პოლიცია.
10. უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოსაზრება დაზარალებულის დაინტერესებისა და მისი ჩვენების არასარწმუნოობის შესახებ, ვინაიდან რაიმე ინტერესი, რომ მას მსჯავრდებულისათვის დანაშაულის ჩადენა დაებრალებინა, საქმის მასალებიდან არ იკვეთება. დაზარალებულ თ. მ-ს მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება პირდაპირ უთითებს სწორედ იმ ქმედებებზე, რაც გ. გ-მ ჩაიდინა. იგი დეტალურად აღწერს მის მიმართ ჩადენილ ქმედებებთან დაკავშირებულ ყველა გარემოებისა და მოვლენათა თანმიმდევრობას, ამასთან, მას არცერთხელ არ უარუყვია თავის ჩვენებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
11. დაზარალებულ თ. მ-ს ჩვენება სრულადაა თანხვდენილი მოწმეთა ჩვენებებსა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ:
12. 112-ის შეტყობინების აქტით დასტურდება, რომ დაზარალებულმა 2021 წლის 20 აპრილს ნამდვილად შეატყობინა 112-ს, რომ მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა გ. გ-ე. მოწმე გ. ქ-ს ჩვენებით, 2021 წლის 20 აპრილს, შუადღეს, თ. მ-ს სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სუსტი აღნაგობის, 60 წლამდე ასაკის მამაკაცი კორპუსის სართულებისკენ იყურებოდა და ხმამაღლა ყვიროდა - ,,თ., მაინც მოგკლავო!“. მოწმე ე. მ-ს ჩვენებით დგინდება, რომ დაზარალებულმა თ. მ-მ მას უთხრა, რომ გ. გ-ე წლების განმავლობაში ემუქრებოდა, ურეკავდა, სახლში აკითხავდა და აწუხებდა, ხოლო 2020 წლის 20 აპრილს სააპელაციო სასამართლოს შენობაში შესვლისას დაზარალებულმა ვიზუალურად დაანახა ხსენებული მამაკაცი, რომელიც იქვე იმყოფებოდა. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომლის მიხედვითაც, თ. მ-მ გამოძიებას მიუთითა ის ადგილი, სადაც გ. გ-ე მას დანის დემონსტრირებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
13. საკასაციო სასამართლო, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, მსხვერპლში შიშის საფუძვლიანობის შესაფასებლად ხელმძღვანელობს როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური კრიტერიუმებით. ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს განგრძობადად განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარას იმ ვითარებაში, როდესაც დაზარალებულის განმარტებით, გ. გ-ე წლების განმავლობაში სისტემატურად ავიწროებს, შეურაცხყოფას აყენებს და ემუქრება, ფსიქოლოგიურად ძალადობს; ამასთან, მსჯავრდებული წარსულში სწორედ თ. მ-ს მიმართ ჩადენილი არაერთი სხვადასხვა, განზრახი კატეგორიის დანაშაულისთვისაა ნასამართლევი. ამ გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედება ობიექტურად უცილობლად გამოიწვევდა დაზარალებულის შიშს. სწორედ შიშისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის რეალურად მიჩნევის გამო მიმართა დაზარალებულმა თ. მ-მ სამართალდამცავ ორგანოს. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმს - თ. მ-მ გ. გ-ს მუქარა რომ რეალურად აღიქვა და წარმოეშვა მუქარის აღსრულების შიში, დასტურდება თ. მ-ს ჩვენებით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ მ. ბ-ს ჩვენებით. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და მიუთითებს, რომ მოცემული დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ - მსხვერპლში მისი აღსრულების რეალური შიშის გაჩენა. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
14. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.“ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
15. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიცავს იმგვარ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც უტყუარად ადასტურებს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის არსებობის ფაქტს, კერძოდ, რომ გ. გ-ე თ. მ-ს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რომლის აღსრულების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა დაზარალებულს; მოწმეთა ჩვენებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და მათში რაიმე სახის ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია.
16. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით; აღნიშნული სტანდარტი უნდა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმფციიდან (,,ულკუ ეკინჯი თურთქეთის წინააღმდეგ,“ (Ülkü Ekinci v. Turkey), N27602/95, 16/07/2002, §142), რაც ამ შემთხვევაში ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით ნათლად არის გამოკვეთილი. გ. გ-ს მსჯავრდება ეფუძნება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მტკიცების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და დაცვის მხარის მოსაზრებები მტკიცებულებათა არასაკმარისობის თაობაზე არ გამომდინარეობს წარმოდგენილი საქმის მასალებიდან.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულს შესაბამისად, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. გ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. პ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე