განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010142222700621644
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №28აგ-22 12 დეკემბერი, 2022 წელი
დ–ი თ., 28აგ-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. დ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჩ–ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 ივნისის განაჩენით თ. დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელის ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა - 3 (სამი) წელი. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2500 ლარი. თ. დ–სს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2005 წლის 17 სექტემბრიდან.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 მარტის განაჩენით თ. დ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და დანაშაულთა ერთობლიობით თ. დ–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ თ. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. თ. დ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის ერთი დღე - 2007 წლის 12 დეკემბერი და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2008 წლის 22 ნოემბრიდან.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის დადგენილებით თ. დ–ს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონის პირველი მუხლის საფუძველზე განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან გაუნახევრდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის სახით მოსახდელად დარჩენილი სასჯელის პროპორციული წილი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა - 10 (ათი) წლით, 2 (ორი) თვითა და 25 (ოცდახუთი) დღით თავისუფლების აღკვეთა. თ. დ–ს მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დადგენილების მიღების დღიდან - 2009 წლის 27 ნოემბრიდან.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 დეკემბრის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 მარტის განაჩენში.
თ. დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2008 წლის 21 ნოემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკევთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2009 წლის 21 ნოემბრის კანონის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და თ. დ–სს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 9 (ცხრა) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ თ. დ–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 10 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
თ. დ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის ერთი
დღე - 2007 წლის 12 დეკემბერი და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების
დღიდან - 2008 წლის 22 ნოემბრიდან.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით თ. დ–ს მიმართ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი და გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისგან (რომლის მოხდაშიც ჩათვლილი ჰქონდა დაკავებაში ყოფნის ერთი დღე - 2007 წლის 12 დეკემბერი).
თ. დ–ი ასევე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისგან, რაც დამატებული ჰქონდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 დეკემბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს.
მსჯავრდებულ თ. დ–სს ¼-ით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა - 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. თ. დ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2008 წლის 22 ნოემბრიდან.
6. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის 2014 წლის 26 მაისის №05/14/კ-074 გადაწყვეტილებით აღნიშნული სასჯელისაგან თ. დ–სი გათავისუფდა დაუყონებლივ, პირობით ვადამდე - 1 წლით, 2 თვითა და 27 დღით ადრე.
7. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის განაჩენით თ. დ–სი ცნობილ იქნა დანაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯლის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 სექტემბრის განაჩენით ცვლილება შევიდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის განაჩენში.
თ. დ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 5000 ლარი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ თ. დ–სს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 5000 ლარი. ცნობად იქნა მიღებული, რომ თ. დ–სი 2017 წლის 7 ივნისიდან 2017 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით იყო დაპატიმრებული.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის განაჩენით დამტკიცდა მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
თ. დ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა - ჯარიმა 5000 ლარი.
თ. დ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 5000 ლარი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით თ. დ–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, თ. დ–სს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა - ჯარიმა 5000 ლარი.
თ. დ–სს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2017 წლის 3 ნოემბრიდან 2017 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენით დამტკიცდა მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
თ. დ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (2018 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განაჩენით თ. დ–სის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულ ძირითად სასჯელს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განაჩენით თ. დ–სის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან ნაწილობრივ დაემატა - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ თ. დ–სს განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე და 67-ე მუხლების საფუძველზე პირობით არ იქნა გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 5 წელი. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 4 თებერვლის განაჩენით თ. დ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ‘‘ და „ე‘‘ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - ჯარიმა 3000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მუხლის მე-6 ნაწილის „ა‘‘ ქვეპუნქტით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და თ. დ–სს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თ. დ–სის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და თ. დ–სს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. თ. დ–სს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 5 ივლისიდან.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 4 თებერვლის განაჩენი თ. დ–სის მიმართ დარჩა უცვლელად.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ თ. დ–სის ადვოკატის, დ. ჩ–სის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის საფუძველზე მსჯავრდებული თ. დ–სი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით („ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე, 2018 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდში უკანონო მოხმარებისათვის) შეფარდებული ძირითადი სასჯელის - 6 თვით თავისუფლების აღკვეთისგან, რაც იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩათვლილი ჰქონდა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით და რომლის მოუხდელი ნაწილი შთანთქა ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განაჩენთა ერთობლიობით თ. დ–სისთვის განსაზღვრული საბოლოო სასჯელის ნაწილში, დარჩა უცვლელად;
ამავე განაჩენში მითითებულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის თ. დ–სის მიმართ ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი, ვინაიდან „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი ¼-ით უნდა შეუმცირდეს ნასამართლობის არმქონე პირს, თუ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად კი ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი წარსულში ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ თ. დ–სი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულების გარდა, ასევე ნასამართლევია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რის გამოც მის მიმართ ვერ გავრცელდება ზემოაღნიშნული კანონი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განმარტავს, რომ ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა. შესაბამისად, ვინაიდან თ. დ–სს ბოლო განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს ჯარიმა, ამ ნაწილში „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი ვერ გავრცელდება. გარდა ამისა, თ. დ–სს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731- მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს ჯარიმა, ხოლო ამავე განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით გასათვალისწინებელია მისი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობა, შესაბამისად, მის მიმართ ამ მუხლებზე ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვერ გავრცელდება. საკასაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ზემოაღნიშნული კანონი არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველ ნაწილთან მიმართებით ვერ იმსჯელებს თ. დ–სის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენებაზე.
14. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურის 2019 წლის 12 ივლისის №......... წერილის თანახმად: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 ივნისის განაჩენის საფუძველზე გაცემულია №....... სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, თ. დ–სს (............) სასჯელის სახით შეფარდებული აქვს ჯარიმა - 2500 ლარი. აღნიშნული განაჩენი აღსრულებულია და თანხა ჯარიმის სახით 2006 წლის 19 სექტემბერს სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განაჩენის საფუძველზე გაცემულია №......... სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, თ. დ–ს სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული განაჩენი აღსრულებულია და თანხა ჯარიმის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხულია 2018 წლის 6 აგვისტოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენის საფუძველზე გაცემულია ........ სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, თ. დ–ს სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა - 3000 ლარი. აღნიშნული განაჩენი აღსრულებულია და თანხა ჯარიმის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხულია 2019 წლის 28 თებერვალს. სააღსრულებო ფურცელზე დავალიანება არ ირიცხება.
15. 2022 წლის 6 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ თ. დ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ჩ–მ და ითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 14 მაისის განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვა და თ. დ–ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენება.
16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ თ. დ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჩ–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
17. 2022 წლის 30 ივნისს მსჯავრდებულ თ. დ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ჩ–მ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება, ვინაიდან გასაჩივრებული განჩინება არის უკანონო და დაუსაბუთებელი.
18. 2022 წლის 11 ივლისს მსჯავრდებულ თ. დ–სის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ჩ–სემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა განჩინების გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენა.
19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ თ. დ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჩ–სის შუამდგომლობა გაცდენილი ვადის აღდგენის შესახებ დაკმაყოფილდა და აღდგენილ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების გაცდენილი ვადა.
20. კასატორის პოზიციით, თ. დ–სი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 თებერვლის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“, ,,ე“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 მაისის განაჩენით თ. დ–სს უარი ეთქვა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე, რადგან თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 სექტემბრის განაჩენით თ. დ–სს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს ჯარიმა - 5000 ლარი. იმის გამო, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, სასამართლომ იგი მიიჩნია ნასამართლევად, თუმცა თ. დ–სს ზემოაღნიშნული ჯარიმა გადახდილი აქვს 2018 წლის 6 აგვისტოს. შუამდგომლობას ერთვის აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები - ქვითარი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2022 წლის 10 იანვრის №... წერილი, რომლითაც ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 25.06.2018 წელს გაიცა ....... სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით, თ. დ–სს (..........) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის - 5000 ლარის გადახდა. ზემოაღნიშნულ საქმეზე 2017 წლის 18 სექტემბერს 5000 ლარი ჩარიცხულია მ. ა-ცის მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტში კი გადაირიცხა 2018 წლის 6 აგვისტოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა წარმოდგენილი მასალები, შეაფასა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამავე კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იხილავს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ საჩივარს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ: ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს; ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს; გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული; დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი; ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება; ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ - კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება; ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო; ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო; ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო; თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
4. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მიერ წარმოდგენილი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლით, რომელიც დამოწმებულია ............ოს ბანკის მიერ, ირკვევა, რომ 2017 წლის 18 სექტემბერს მ. ა–მა თ. დ–ის სახელით, სისხლის სამართლის N........ საქმეზე, სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე შეიტანა ჯარიმის თანხა - 5000 ლარი. აღსანიშნავია, რომ მითითებულ სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 სექტემბრის განაჩენით თ. დ–სს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს იუსტიიცის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2022 წლის 10 იანვრის N... წერილზე, რომელშიც მითითებულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 25 ივნისს გაიცა ........ სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით, თ. დ–სს (პირადი N........) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის - 5000 ლარის გადახდა. ამავე წერილში მითითებულია, რომ ზემოაღნიშნულ საქმეზე მ. ა-აცის მიერ 2017 წლის 18 სექტემბერს ჩაირიცხა 5000 ლარი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხა 2018 წლის 6 აგვისტოს. თუმცა, საყურადღებოა, რომ მ. ა-ცი 2017 წლის 18 სექტემბერს წინასწარ ვერ განსაზღვრავდა და გადაიხდიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 12 ივნისს სისხლის სამართლის ....... (გამოძიების N........) საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით დაკისრებული ჯარიმის თანხას. ამასთან, ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლში მითითებულია სისხლის სამართლის საქმის ნომერი, თუმცა საქართველოს იუსტიიცის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილით დგინდება, რომ ხსენებული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხა თ. დ–ს მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით. შესაბამისად, იმის დადგენამ, თუ რომელ საქმეზე აქვს თ. დ–ს აღნიშნული ჯარიმის თანხა გადახილი შესაძლოა გავლენა მოახდინოს მის მიმართ დანიშნულ საბოლოო სასჯელზე, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ივლისის განჩინება უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ თ. დ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჩ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ივლისის განჩინება გაუქმდეს;
3. მიეთითოს სააპელაციო სასამართლოს, რომ დაუშვას მსჯავრდებულ თ. დ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჩ–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მამუკა ვასაძე
ლევან თევზაძე