საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100121005283550
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №936აპ.-22 12 დეკემბერი, 2022 წელი
კ–ე გ., №936აპ.-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. კ–ე (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2021 წლის 26 ოქტომბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, თ–ში, ........ის ქუჩა №..-ში მდებარე ბინა №..-ში, გ. კ–მ მეუღლეს - შ. კ–სეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ერთხელ დაარტყა ხელი სახეში, მარცხენა მხარეს, ლოყის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 მარტის განაჩენით გ. კ–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 მარტის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ გიგაურმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, გ. კ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2022 წლის 15 ივლისს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ - დავით ხვედელიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის განაჩენის გაუქმება, გ. კ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან დაზარალებულ შ. კ–ის, მოწმეების - დ. კ–ს, მ. კ–სა და ქ. კ–ს მიერ ჩვენებების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომელთა ნაწილიც დაცვის მხარემ მიიჩნია უდავოდ, ადასტურებს გ. კ–ის ბრალეულობას, კერძოდ: მოცემულ საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა შ. კ–ის შეტყობინება მეუღლის მხრიდან ძალადობის შესახებ. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის შეტყობინებაში კი მითითებულია, რომ შ. კ–მ განაცხადა, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ - გ. კ–მ. 112-ის აუდიოჩანაწერის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 112-ის ოპერატორს ესაუბრება ქალბატონი - შ. კ–ე, რომელიც აცხადებს, რომ მეუღლემ მასზე ფიზიკურად იძალადა. სამხრეკამერის ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმით კი დასტურდება, რომ კადრში ჩანს, რომ შ. კ–სე ქუჩაში ესაუბრება პატრულ-ინსპექტორს და ეუბნება, რომ ერთი საათის წინ მეუღლემ ერთხელ დაარტყა ხელი სახეში, რის შემდეგაც მოასწრო გარეთ გამოქცევა. სახლიდან რომ არ გამოქცეულიყო, ხელს სხვაგანაც დაარტყამდა. მოწმეების - შ. ხ–სა და ა. მ–ს გამოკითხვის ოქმებით ასევე ირკვევა, რომ გასაუბრებისას დაზარალებულმა განუცხადათ, რომ მეუღლემ, გ. კ–მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ქალბატონს ეტყობოდა, რომ იყო აღელვებული და განიცდიდა მომხდარს. მოწმეების - ს. ა–სა და კ. ბ–ს გამოკითხვის ოქმებით დასტურდება, რომ მათ პოლიციის სამმართველოში დახვდათ მოქალაქე შ. კ–სე, რომელიც იყო აღელვებული და აცხადებდა, რომ რამდენიმე ხნის წინ მეუღლესთან მოუვიდა კამათი, რომელმაც სახეში გაარტყა ხელი. გარდა ამისა, სამედიცინო ბარათში ასახულია დაზარალებულის მიერ ექიმისთვის მიწოდებული ინფორმაცია. ამასთან, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ დაზარალებულმა ექსპერტს უამბო, რომ 2021 წლის 26 ოქტომბერს მას მეუღლემ ხელი გაარტყა სახეში. კასატორი ასევე უთითებს, რომ გ. კ–სთვის ბრალად წარდგენილი ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელოვანია ტკივილის განცდა, რაც არ გულისხმობს სხეულზე დაზიანების არსებობას. ის, რომ დაზარალებულმა ნამდვილად განიცადა ტკივილი, დასტურდება 2021 წლის 27 ოქტომბერს ვითარების აღდგენის მიზნით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საქმე გვაქვს ოჯახში ძალადობასთან, რაც სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში, დანაშაულის ლატენტური ბუნებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კლასიკური ქცევის გათვალისწინებით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები მოძალადეების წინაშე დაუცველნი რჩებიან. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების პირდაპირი მტკიცებულების თანაბარმნიშვნელოვნად გამოყენების მართლზომიერებას. შესაბამისად, დაზარალებულის შეტყობინება, პოლიციის თანამშრომლებთან, გამომძიებლებთან, ექიმებსა და ექსპერტებთან გაცხადებული ინფორმაცია, აუდიო და ვიდეოჩანაწერები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა განხილულ უნდა იქნეს დამოუკიდებელ მტკიცებულებებად.
4.2. კასატორი ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის N97აპ-20 გადაწყვეტილებაზე, სადაც მითითებულია, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, აპრიორი, არ ნიშნავს გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. კ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბარალდებაში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
5.3. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
5.4. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.5. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს აღნიშნული საგამონაკლისო შემთხვევა, ვინაიდან გ. კ–ს მეუღლემ და მოწმეებმა - დ. კ–მ, მ. კ–მ და ქ. კ–მ გამოიყენეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება და ახლო ნათესავის წინააღმდეგ არ მისცეს ჩვენება. ამასთან, არ იკვეთება, რომ მათ ამ უფლებით ისარგებლეს მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, ან გ. კ–ის მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.
5.6. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ, მართალია, კასატორის მიერ მითითებულ სხვა უდავო მტკიცებულებებში - დაზარალებულის შეტყობინებაში, პატრულ-ინსპექტორების, ექიმებისა და ექსპერტების გამოკითხვის ოქმებსა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში აღნიშნულია, რომ შ. კ–ს განმარტებით მათ შორის მოხდა ოჯახური კონფლიქტი, რა დროსაც მეუღლემ - გ. კ–მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ერთხელ გაარტყა ხელი სახის არეში, თუმცა აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანის პირველწყაროს წარმოადგენს თავად დაზარალებული შ. კ–ე, რომელმაც ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ მითითებული მოწმეები არ არიან ფაქტის თვითმხილველნი და მომხდარის შესახებ ინფორმაციას ფლობენ უშუალოდ დაზარალებულისგან. მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით ასევე ირკვევა, რომ ვიზუალურად შ. კ–ს ხილულ ადგილებზე დაზიანების კვალი არ ეტყობოდა, რაც თანხვდენილია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და სამედიცინო ბარათთან, რომლებშიც არ არის მითითებული, მეუღლის ქმედების შედეგად განიცადა თუ არა დაზარალებულმა ტკივილი. ამასთან, სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რაც უტყუარად დაადასტურებდა ფიზიკური ტკივილის განცდას, წარმოდგენილი არ არის. აღნიშნულის შესახებ მითითებულია მხოლოდ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში, თუმცა აღსანიშნავია, რომ, მართალია, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არის ორი დამოუკიდებელი მტკიცებულება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ შ. კ–მ სასამართლოს არ მისცა ჩვენება, საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ჩატარდა მის მიერ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის შემოწმების მიზნით, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ გ. კ–ს ბრალი ედება 2021 წლის 26 ოქტომბერს მეუღლეზე ფიზიკურ ძალადობაში. 2021 წლის 29 ოქტომბრის შემაკავებელ ორდერში კი მითითებულია, რომ გ. კ–ეემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შურაცხყოფა მიაყენა 2021 წლის 27 ოქტომბერს. შესაბამისად, აღნიშნული შემაკავებელი ორდერი ტკივილის განცდისა და ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად არაინფორმაციულია. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ კასატორის მიერ მითითებული ამოღების ოქმი, ჩანაწერების დათვალიერების ოქმები და მოწმეების - კ. ბ–სა და ს. ა–ს გამოკითხვის ოქმები შედგენილია გაურკვეველი კალიგრაფიით, რის გამოც მათი შინაარსის სრულყოფილად აღქმა არის შეუძლებელი. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული წერილობითი მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.
5.7. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება გ. კ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.10. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე