საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 02.12.2022
საქმის ნომერი
2კ-900აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.12.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100121005209791

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №900აპ-22 ქ. თბილისი

კ–ი ე., 900აპ-22 2 დეკემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე. კ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. მ–მ. კასატორი მოითხოვს ე. კ–ს მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას, პირობითი მსჯავრის გამოყენებით, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 თებერვლის განაჩენით ე. კ., - დაბადებული 1.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის ოქტომბრის დასაწყისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, საიდანაც იმავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 10 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, საიდანაც იმავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

- საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის ოქტომბრის დასაწყისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, საიდანაც იმავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალა პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

- საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 12 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, საიდანაც იმავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე. კ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა - იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების მიხედვით, ჩაეთვალა პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

ე. კ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 13 ოქტომბრიდან.

გაუქმდა ე. კ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, ე. კ–ს განემარტა, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე, არ უნდა შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. კ–მ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით (ორი ეპიზოდი); სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით (ორი ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.

ე. კ–სის მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

- 2021 წლის ოქტომბრის დასაწყისში, გ–ს რაიონის სოფელ მ–ში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ე. კ–მ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, იმის გამო, რომ სახლში დაბრუნებამდე რამდენჯერმე დაურეკა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა პირმა - ა. ი–მ, სახლში დაბრუნებულმა იძალადა მასზე, კერძოდ: მუშტები დაარტყა სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რის შეედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- 2021 წლის ოქტომბრის დასაწყისში, გ–ს რაიონის სოფელ მ–ში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ე. კ–სმა, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, იმის გამო, რომ სახლში დაბრუნებამდე რამდენჯერმე დაურეკა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა პირმა - ა. ი–მ, სახლში დაბრუნებულმა იძალადა მასზე, რის შემდეგაც სამზარეულოდან აღებული დანით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით - ყელის გამოჭრით, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

- 2021 წლის დაახლოებით 10 ოქტომბერს, გ–ს რაიონის სოფელ მ–ში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ე. კ–მა, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, აბსტრაქტულ პირზე ეჭვიანობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირზე - ა. ი–ზე, კერძოდ: უთხრა, რომ ჰყავდა საყვარელი, რის შემდეგაც გაშლილი ხელი დაარტყა სახის მარცხენა მხარეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- 2021 წლის 12 ოქტომბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, გ–ს რაიონის სოფელ მ–ში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ე. კ–მა, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახში მისი, როგორც მამაკაცის, უპირატესი როლის დემონსტრირების მიზნით, იმის გამო, რომ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა პირმა - ა. ი–მ რამდენჯერმე დაურეკა ტელეფონზე და ბავშვისთვის ტემპერატურის დამწევი მედიკამენტის მიტანა სთხოვა, სახლში დაბრუნებულმა, არასრულწლოვანი შვილის - რ. კ–სის თანდასწრებით, იძალადა მასზე, კერძოდ: გაშლილი ხელი დაარტყა სახეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- 2021 წლის 12 ოქტომბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, გ–ს რაიონის სოფელ მ–ში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ე. კ–სმა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახში მისი, როგორც მამაკაცის, უპირატესი როლის დემონსტრირების მიზნით, იმის გამო, რომ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა პირმა - ა. ი–მამ რამდენჯერმე დაურეკა ტელეფონზე და ბავშვისთვის ტემპერატურის დამწევი მედიკამენტის მიტანა სთხოვა, სახლში დაბრუნებულმა, ფიზიკური ძალადობის შემდეგ უთხრა, რომ ისევ დაბრუნდებოდა და ყელს გამოსჭრიდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ე. კ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. მ–მ და რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ კობერიძემ.

დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ე. კ–სის მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება, ხოლო ბრალდების მხარემ - მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ე. კ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ–სის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ხოლო რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კობერიძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება:

ე. კ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის ოქტომბრის დასაწყისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით; სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 10 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით; სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით (2021 წლის ოქტომბრის დასაწყისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით; სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით (2021 წლის 12 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით; სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე. კ–სს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.

ე. კ–სს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2021 წლის 13 ოქტომბრიდან.

გაუქმდა ე. კ–სის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო: სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ე. კ–სისათვის სასჯელის შეფარდებისას გაითვალისწინა როგორც სასჯელის განსაზღვრის ზოგადსავალდებულო გარემოებები, მსჯავრდებულ ე. კ–სის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობები, მათ შორის, ასევე - მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (დანაშაულის აღიარება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა, წარსულში არ არის ნასამართლევი, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია), მაგრამ ამავე დროს, ასევე მხედველობაში მიიღო მის მიერ ჩადენილ დანაშაულთა ხასიათი (ე. კ–სმა დანაშაულის სამ ეპიზოდში ფიზიკურად იძალადა დაზარალებულზე, ერთ ეპიზოდში სამზარეულოს დანის დემონსტრირებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ხოლო ერთში, ფიზიკური ძალადობის შემდეგ - ყელის გამოჭრით), ეპიზოდთა მომეტებული სიმრავლე (ე. კ–ს მსჯავრი დაედო დანაშაულის ხუთი ეპიზოდისათვის) და საბოლოოდ მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად შეესაბამება მის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია სასჯელის შემსუბუქება და პირობითი მსჯავრის გამოყენება.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ე. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე