საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 07.12.2022
საქმის ნომერი
2კ-920აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.12.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

აქმე # 140100122005569581

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№920აპ-22 ქ. თბილისი

კ–ი გ., 920აპ-22 7 დეკემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ივლისის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანნა ცაგურიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანნა ცაგურიამ, რომელიც მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რის გამოც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენასა და გ. კ–სათვის მკაცრი სასჯელის შეფარდებას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან. კასატორის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ი. კ–სამ სასამართლოს არ მისცა ჩვენება, გ. კ–ს ბრალეულობა დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით: მოწეების - ჯ., შ. კ–სა და ლ. ა–ს ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნებითა და შემაკავებელი ორდერით, ასევე - დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, დაზარალებულისგან ამოღებული დაზიანებული ქურთუკითა და მობილური ტელეფონით, რომლებიც იძლევიან შემთხვევის დღეს არსებული ვითარების აღდგენის შესაძლებლობას და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გ. კ–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას.

2. გამართლებულ გ. კ–სის ინტერესების დამცველები, ადვოკატები - ლ. ზ–ე და რ. გ–ი საკასაციო შესაგებლით ითხოვენ გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანნა ცაგურიას საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვებას, რადგან მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია.

3. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. კ–ს ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (სამი ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

3.1. 2022 წლის 7 თებერვალს, დაახლოებით 16:00 საათზე, თ–ში, ......ის გამზირის №......-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. კ–სმა თავის ყოფილ მეუღლეს - ი. კ–ს, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რადგან მიაჩნდა, რომ დაზარალებულს, როგორც ქალს, არ ჰქონდა მეუღლესთან დაშორებისა და ახალი ურთიერთობის დაწყების გადაწყვეტილების მიღების უფლება, ყელის არეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ი. კ–სამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3.2. 2022 წლის 7 თებერვალს, დაახლოებით 16:00 საათზე, გ. კ–სმა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რადგან მიაჩნდა, რომ დაზარალებულს, როგორც ქალს, არ ჰქონდა მეუღლესთან დაშორებისა და ახალი ურთიერთობის დაწყების გადაწყვეტილების მიღების უფლება, თავის ყოფილ მეუღლეს - ი. კ–ს უკანონოდ შეუზღუდა ქმედების თავისუფლება, კერძოდ, ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩასვა თ–ში, .......ის გამზირის №..-ში მდებარე კორპუსის მიმდებარედ მდგარ ,,ფორდ ესქეიფის“ მარკის ავტომანქანაში და მისი ნების საწინააღმდეგოდ, აიძულა, გაჰყოლოდა დაბა ბ–ს მიმართულებით.

3.3. 2022 წლის 7 თებერვალს, საღამოს საათებში, გ–ს რაიონის სოფელ ნ–თან, ........ის საავტომობილო გზის გვერდულზე არსებულ ტერიტორიაზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს, გ. კ–სმა თავის ყოფილ მეუღლეს - ი. კ–ს, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რადგან მიაჩნდა, რომ დაზარალებულს, როგორც ქალს, არ ჰქონდა მეუღლესთან დაშორებისა და ახალი ურთიერთობის დაწყების გადაწყვეტილების მიღების უფლება, სახეში დაარტყა ხელი ი. კ–სას, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3.4. 2022 წლის 7 თებერვალს, საღამოს საათებში, ქ–ს რაიონის სოფელ ა–თან, .............ის საავტომობილო გზის გვერდულზე არსებულ ტერიტორიაზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს, გ. კ–მა თავის ყოფილ მეუღლეს - ი. კ–სას, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რადგან მიაჩნდა, რომ დაზარალებულს, როგორც ქალს, არ ჰქონდა მეუღლესთან დაშორებისა და ახალი ურთიერთობის დაწყების გადაწყვეტილების მიღების უფლება, მუშტი დაარტყა მუხლზე, რის შედეგადაც ი. კ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3.5. 2022 წლის 7 თებერვალს, საღამოს საათებში, გ–ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ...........ის საავტომობილო გზაზე, ,,ფორდ ესქეიფის“ მარკის ავტომანქანით მოძრაობისას, გ. კ–სმა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რადგან მიაჩნდა, რომ დაზარალებულს, როგორც ქალს, არ ჰქონდა მეუღლესთან დაშორებისა და ახალი ურთიერთობის დაწყების გადაწყვეტილების მიღების უფლება, ავტომობილიდან გზის გვერდულზე განზრახ გადააგდო ი. კ–სას კუთვნილი ,,აიფონის“ მარკის მობილური ტელეფონი, რომელიც დაზიანდა და დაზარალებულს მიაყენა - 1000 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

4. გ. კ–სს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), ამავე კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

5. გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 ივნისის განაჩენით გ. კ–სი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), ამავე კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.

6. გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანნა ცაგურიამ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ივლისის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, განაჩენი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ ვერ დადგინდა გ. კ–ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა. დაზარალებულმა ი. კ–მ სასამართლოს არ მისცა ჩვენება და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის - ჯ. მ–ს ჩვენება, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით - ირიბია, ხოლო მოწმე ლ. ა–ს ჩვენება - არაფრისმთქმელი, რისი მხედველობაში მიღებითაც, ისინი ვერ დაედება საფუძვლად გ. კ–სის მსჯავრდებას, ისევე, როგორც - ი. კ–ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ოქმები, რომლებიც, თავის მხრივ, არსებითად შეიცავს მხოლოდ დაზარალებულის მიერ გამოკითხვისას მიცემული ჩვენების შინაარსს, ი. კ–სა კი სასამართლოში, მხარეთა მონაწილეობით, ჯვარედინად არ დაკითხულა; მოწმე შ. კ–ს ჩვენების მიხედვით, გ. კ–სმა ი. კ–სა კორპუსის ეზოში ჩამოსვლისას ,,ძიძგილაობით“ მიიყვანა ავტომანქანამდე, რომელშიც დაზარალებული თავისი ნებით ჩაჯდა, რაც, ი. კ–ს დუმილის პირობებში ვერაფრით გახდება იმის მტკიცების უპირობო საფუძველი, რომ გ. კ–მა თავის ყოფილ მეუღლეს უკანონოდ შეუზღუდა ქმედების თავისუფლება, კერძოდ, ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩასვა ავტომანქანაში და მისი ნების საწინააღმდეგოდ, აიძულა, გაჰყოლოდა დაბა ბ–ს მიმართულებით; საკასაციო საჩივარში მითითებულ სხვა მტკიცებულებებთან მიმართებით, საყურადღებოა, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად გამოცემული შემაკავებელი ორდერი, რომელზეც ასევე აპელირებს პროკურორი თავის საკასაციო საჩივარში, საქმის მასალებში არ მოიპოვება, ხოლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, ი. კ–ს სხეულზე აღენიშნებოდა ნაჭდევები, ასევე - დაზარალებულის დაზიანებული მაისური და ტელეფონი, ვერ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისია გ. კ–სის მიმართ ბრალად წარდგენილი კონკრეტული ქმედებების გონივრულ ეჭვს მიღმა დასადასტურებლად.

11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანნა ცაგურიას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე