საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 01.12.2022
საქმის ნომერი
2კ-931აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.12.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100121005117298

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №931აპ-22 ქ. თბილისი

ბ–ე ზ., 931აპ-22 1 დეკემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ, დავით ხვედელიძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და ზ. ბ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 იანვრის განაჩენით ზ. ბ., - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით; სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით; სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის 7 აგვისტოს ეპიზოდი) -თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით; სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის აგვისტოს დასაწყისიდან - 2021 წლის 28 აგვისტომდე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით ზ. ბ–ს ძირითადი სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი, 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი, 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა, იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი.

ზ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 15 სექტემბრიდან.

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე ზ. ბ–ს დაევალა, რომ პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალა პრობაციის ეროვნულ სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ბ–მ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

ზ. ბ–ეის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 2020 წლის თებერვალში (ზუსტი თარიღი უცნობია), ქ. თ–ში, ........ ქუჩაზე, ..... კორპუსში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზ. ბ–მ მეუღლეს - ნ. შ–ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: სხეულის სხვადასხვა ადგილას რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა ხელები და ფეხები, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- 2020 წლის თებერვალში (ზუსტი თარიღი უცნობია), ქ. თ–ში, ........ ქუჩაზე, ..... კორპუსში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზ. ბ–ე მეუღლეს - ნ. შ–ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დანის დემონსტრირებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ: უთხრა, რომ მოკლავდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

- 2021 წლის აგვისტოში (ზუსტი თარიღი უცნობია), ქ. თ–ში, .....ს ქუჩაზე, ... კორპუსში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზ. ბ–მ წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს - ნ. შ–სს, ურთიერთშელაპარაკების ნიდაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, ორჯერ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: სახეში რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა ხელი, ხოლო ფეხში ასევე ძლიერად ჩაარტყა ფეხი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- 2021 წლის აგვისტოს დასაწყისიდან - 2021 წლის 28 აგვისტომდე დროის მონაკვეთში, ქ. თ–ში, ...... ქუჩაზე, ....... კორპუსში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზ. ბ. წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს - ნ. შ–სს სისტემატურად, თითქმის ყოველდღიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. კერძოდ: მოიხსენიებდა უშვერი სიტყვებით და აგინებდა, რის გამოც ნ. შ–სმა განიცადა ტანჯვა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამთა გახარიამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და ზ. ბ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნას მსჯავრდებულ ზ. ბ–სათვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე, ვინაიდან ჩადენილი დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, საქმეში არსებული მსჯავრდებულის პასუხისმგბელობის შემამსუბუქებელი გარემოებებისა და მისი პიროვნული მახასიათებლების (მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ (ნ. შ–სა და რ. ა–ს გამოკითხვის ოქმების გარდა), რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, წარსულში არ არის ნასამართლევი), ასევე იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულს მსჯავრდებულის მიმართ გააჩნია პრეტენზია, სასამართლომ მსჯავრდებულს განუსაზღვრა მის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რომელიც სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას).

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე