საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 19.12.2022
საქმის ნომერი
2კ-955აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.12.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100119003378954

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№955აპ-22 ქ. თბილისი

ჯ–ე ჯ., 955აპ-22 19 დეკემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანნა ცაგურიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანნა ცაგურიამ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და ჯ. ჯ–სათვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრას თავისუფლების აღკვეთის სახით, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულებმა სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები, საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მისი ბრალეულობა.

2. გამართლებულ ჯ. ჯ–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. გ–ი საკასაციო შესაგებლით ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანნა ცაგურიას მოთხოვნა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

3. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ჯ. ჯ–სეს ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა; სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

3.1. 2019 წლის აგვისტოდან 2019 წლის ნოემბრამდე დროის პერიოდში, ჯ. ჯ–ე თავის გერს - გ. მ–სს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ, აგინებდა, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

3.2. 2019 წლის 10 ნოემბერს, ღამის საათებში, ქ. გ–ი, მ–ს გამზირის №...-ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, მთვრალი ჯ. ჯ–სე სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა თავის გერს - გ. მ–ს, კერძოდ, უთხრა, რომ სხვა პირს მოაკვლევინებდა ან მის ჯანმრთელობას დააზიანებინებდა, რის შედეგადაც, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. ჯ. ჯ–სეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით.

5. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 ივნისის განაჩენით ჯ. ჯ–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.

6. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო ზურაბაშვილმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა და სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ამომწურავად არის მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა, საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადგინდა ჯ. ჯ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა; დაზარალებულმა გ. მ–მა და მოწმეებმა - ა. ტ–მ და ნ. მ–მა სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულისა და მოწმეების მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვებისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; მოწმეების - ნ. გ–ს, ხ.თ–ს, თ. პ–სა და ა. დ–ს ჩვენებები ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ გარემოებებთან მიმართებით არის ირიბი და ვერ დაედება საფუძვლად ჯ. ჯ–სის მსჯავრდებას, ისევე, როგორც - დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ოქმები და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლებიც, თავის მხრივ, არსებითად დაზარალებულის მიერ გამოკითხვისას მიცემული ჩვენების შინაარსის შემცველია, გ. მ–სი კი სასამართლოში მხარეთა მონაწილეობით, ჯვარედინად არ დაკითხულა; საქმეში წარმოდგენილი, პოლიციისათვის შეტყობინების ოქმის მიხედვით, დაზარალებულმა სამართალდამცავებს მიმართა ჯ. ჯ–სთან კონფლიქტის გამო და ითხოვდა სახლიდან მის განრიდებას, თუმცა არაფერია ნათქვამი გ. მ–სის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფასა და მუქარაზე, ხოლო შემაკავებელ ორდერში მითითებული მწირი ინფორმაცია ვერ გახდება ჯ. ჯ–სათვის ბრალად წარდგენილი ფსიქოლოგიური ძალადობის კონკრეტული ფაქტების უტყუარად დადგენის საფუძველი. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებებით არ დასტურდება ჯ. ჯ–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანნა ცაგურიას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი