საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 28.12.2022
საქმის ნომერი
2კ-1058აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.12.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100121005271607

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1058აპ-22 ქ. თბილისი

ა–ე ტ., 1058აპ-22 28 დეკემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა როყვამ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ტ. ა–სის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და დანაშაულთა ერთობლიობით მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა სასამართლოს არ მისცა ჩვენება, საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულის შეტყობინებით, პოლიციელების გამოკითხვისა და შემაკავებელი ორდერის ოქმებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მისი ბრალეულობა.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ტ. ა–ს ბრალად დაედო ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2021 წლის 29 ოქტომბერს, დაახლოებით 09:00 საათზე, ქ. ბ–ში, ..........ის გამზირი №..-ში მდებარე ბინა №..-ში ყოფნისას, ტ. ა–მ ხელის კეფის არეში დარტყმით იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ - მ. ბ–ე, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას და რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

2.2. 2021 წლის 10-12 ოქტომბრის შუალედში, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. ბ–ში, .........ის ქუჩაზე, ალკოჰოლური სასმლით მთვრალმა ტ. ა–მ სახის არეში ხელის დარტყმით იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ - მ. ბ–ზე, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას და რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

3. ტ. ა–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 მარტის განაჩენით ტ. ა–სე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა როყვამ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ტ. ა–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და დანაშაულთა ერთობლიობით მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა, საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადგინდა ტ. ა–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა; აღსანიშნავია, რომ ტ. ა–სისათვის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენის შესაძლო თვითმხილველებიდან -ტ. ა–მ უარყო მეუღლეზე ძალადობა, ხოლო დაზარალებულმა მარგო ბერიძემ სასამართლოს არ მისცა ჩვენება და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; მოწმეების - მ. კ–ისა და ნ. ბ–ს გამოკითხვის ოქმები ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ გარემოებებთან მიმართებით არის ირიბი და ვერ დაედება საფუძვლად ტ. ა–სის მსჯავრდებას, ისევე, როგორც - ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად გამოცემული შემაკავებელი ორდერი, იმის მხედველობაში მიღებით, რომ მ. ბ–ე მის დასაცავად გამოყენებულ დროებით ღონისძიებასთან დაკავშირებით, მხარეების მიერ ჯვარედინად არ დაკითხულა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით არ დასტურდება ტ. ა–სის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი